მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა კავშირია ბარიატრიულ ქირურგიასა და დიაბეტის მკურნალობას შორის

21.06.2023 • 1758
რა კავშირია ბარიატრიულ ქირურგიასა და დიაბეტის მკურნალობას შორის

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით პოპულარულია. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგია გარდა ზედმეტი წონის მნიშვნელოვანი კლებისა, დადებითად აისახება სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობაზე, მათ შორის არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ქირურგი, ალექსანდრე ცირეკიძე ამბობს, რომ მის პრაქტიკაშიც არიან პაციენტები, რომლებსაც ოპერაციიდან რამდენიმე თვეში დაურეგულირდათ ტიპი 2 დიაბეტი.

  • ბატონო ალექსანდრე, როგორ მუშაობს ბარიატრიული ქირურგიის ოპერაციები?

ბარიატრიული ქირურგია არის ჭარბი წონის ქირურგია, ის ძირითადად მოიცავს ორი ტიპის ოპერაციას, სხვადასხვა მოდიფიკაციით. ძირითადად ეს არის სტანდარტული ოპერაცია, კუჭის მოცულობის შემცირება ანუ დაპატარავება – სლივ რეზექცია, მეორეა – მინიგასტრიკ ბაიპასის ტიპის ოპერაცია.

კუჭის დაპატარავების ოპერაცია გულისხმობს კუჭის მოცულობის დაპატარავებას და კუჭის დიდი მოცულობის/ფრონტალური ნაწილის [იმ ადგილის, სადაც გამომუშავდება შიმშილის ჰორმონი] მოკვეთას იმისთვის, რომ ადამიანს არ ჰქონდეს შიმშილის შეგრძნება, ბაიპასის დროს კუჭის დაპატარავებასთან ერთად ხდება ნაწლავის დამოკლება და ნაწლავების ანასტომოზირება [მიკერება] ერთმანეთთან.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბაიპასის ოპერაციას აქვს გარკვეული უპირატესობები სლივ გასტრექტომიასთან მიმართებაში.

  • რა უპირატესობებია ეს?

დაპატარავებულ კუჭში [სლივ გასტრექტომია] გასაგებია, რომ დიდი რაოდენობით საკვებს ვერ მიიღებს ადამიანი, მაგრამ პაციენტებს შეუძლიათ ის მცირე ულუფა მიიღონ ხშირად და დღიურად გამოუვიდეთ დიდი რაოდენობით საკვების მიღება; ბაიპასით შეიძლება პირობითად მიიღოს რამდენჯერმე საკვები, მაგრამ ნაწლავის დამოკლების შედეგად ორგანიზმი ითვისებს მის 70 პროცენტს, მომატების რისკი მცირდება.

სლივ გასტრექტომიის [მხოლოდ კუჭის დაპატარავების ოპერაციის]  შემდეგ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ შემაწუხებელი გულისრევა-ღებინების შეგრძნება, რაც განპირობებულია დაპატარავებულ კუჭში დიდი წნევის არსებობით, ბაიპასის დროს ეს შეგრძნებები ნაკლებად არის გამოხატული, რადგან კუჭში წნევა არ არის.

განსხვავება კიდევ ის არის, რომ თუ დაპატარავებული კუჭის შემთხვევაში ხშირია ყაბზობა და შეკრულობა, ბაიპასის დროს ეს არ არის გამოხატული.

სლივ გასტრექტომიის შემდეგ არის რისკი, რომ პაციენტების გარკვეულმა ნაწილმა ვერ დაიკლოს სასურველი წონა, ასევე, 100-იდან დაახლოებით 30 პაციენტი, წლების შემდეგ, ისევ იმატებს წონას. 

მნიშვნელოვანია ვახსენოთ ამ ოპერაციის როლი შაქრიანი დიაბეტის გაუმჯობესება ან რემისიაში.

  • რა მექანიზმით მოქმედებს ეს ოპერაცია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაზე?

ეს ოპერაციები უტარდება პაციენტებს, რომელთაც აქვთ ჭარბი წონა [სხეულის მასის ინდექსი 35 და მეტი], ასევე, თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მას აუცილებლად ვურჩევთ უშუალოდ ბაიპასის ოპერაციას და რატომ:

დღეს ძალიან პოპულარულია მედიკამენტები, რომლებიც პაციენტს აკლებინებს წონაში და მედიკამენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დიაბეტის კორექციას. ეს მედიკამენტები არის ინიექციის სახით, სხვადასხვა სახელწოდებისაა და ფართოდ გამოიყენება პაციენტებში, რათა არ ჰქონდეთ შიმშილის შეგრძნება და დაიკლონ წონაში. ეს მედიკამენტები სინთეზირებული არის ნაწლავური ინკრეტინების მექანიზმით, ანუ ხელოვნურად სინთეზირებული ნაწლავური ინკრეტინებია, რაც განაპირობებს წონის კლებასა და დიაბეტის კორექციას. 

ბაიპასი ბუნებრივად ახდენს ამ ყველაფერს, რადგან მას აქვს ნაწლავური ინკრეტინების მაპროდუცირებელი ფუნქცია. წვრილი ნაწლავი არის ჰორმონულად აქტიური ორგანო. მისი ერთ-ერთი ფუნქციაა ჰორმონ ინკრეტინების სინთეზი.

ორგანიზმში საკვების მიღების შედეგად გამომუშავებული ინსულინის 50% არის ნაწლავური ინკრეტინების სინთეზით განპირობებული, შესაბამისად ამ ოპერაციის არსია კუჭის დაპატარავება, ანასტომოზირება წვრილ ნაწლავთან, რათა საკვები მალე მიუახლოვდეს ზონას, სადაც ინკრეტინები სინთეზირდება და შესაბამისად, მარტივად მოხდეს გლუკოზის ათვისება.

ნაწლავური ინკრეტინები მდებარეობს წვრილ ნაწლავში დაბოლოებისკენ, ანუ დისტალურად და ახდენს ინსულინის პროდუქციას. 

ამ ოპერაციის შედეგად ხდება მცირე კუჭის ფორმირება, ნაწლავის გარკვეული მონაკვეთის გამოტოვება იმისთვის, რომ საკვები მალე მიუახლოვდეს ნაწლავის დისტალურ მონაკვეთს, მოხდეს ინკრეტინების სინთეზი, შესაბამისად ინსულინის პროდუქცია და შაქრიანი დიაბეტი გამოსწორდეს.

ადამიანი, რომელსაც კუჭი დაუპატარავდება, შეიძლება დიაბეტისგან ვერ განიკურნოს, მას ისევ დარჩეს ინსულინრეზისტენტობა და ეს პრობლემები. ბაიპასის დროს ეს პრობლემები არ რჩება, იმიტომ, რომ ოპერაციას მნიშვნელოვანი როლი აქვს ნაწლავური ინკრეტინების სინთეზის გაძლიერებაში.

  • თქვენს პრაქტიკაში არის ასეთი შედეგები?

მე ბევრი პაციენტი მყოლია ტიპი 2 დიაბეტით, მათ არ ჰქონდათ ძალიან ჭარბი წონა, მაგრამ ამ ოპერაციის შემდეგ დიაბეტი დარეგულირდა თვენა-ხევარ – ორ თვეში.  ბაიპასისი ოპერაციას შაქრიან დიაბეტთან მიმართებაში აქვს ნაწლავური ინკრეტინების ეფექტი, რითაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 მოგვარებადია.

ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით [2023], მეტაბოლური ბარიატრიული ქირურგიული ოპერაცია რეკომენდებულია ჩაუტარდეს პაციენტებს II ხარისხისა და მორბიდული სიმსუქნით, ასევე მოუწესრიგებელი შაქრიანი დიაბეტით, სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებებით. 

პროტოკოლში დასახელებულია რამდენიმე კვლევა, რომელთა შედეგებითაც ასეულობით პაციენტს ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ წონის მნიშვნელოვან კლებასთან ერთად აღენიშნებოდა დიაბეტის გაუმჯობესება ან რემისია.

  • თუ ადამიანის სხეულის მასის ინდექსი 33-ზე დაბალია, მაგრამ აქვს დიაბეტი ტიპი 2, ოპერაცია შესაძლებელია?

თუ ნორმასთან ახლოს აქვს წონა, მაგრამ აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ბაიპასის ოპერაციას ვერ გააკეთებ. წონა უნდა იყოს მეტი, იმისთვის, რომ ეს ოპერაცია ჩაატარო. საქმე ის არის, რომ პაციენტმა შედეგად წონა უნდა დაიკლოს, როცა ნორმალური წონა აქვს, მისი დაკარგვა არ არის სწორი. ადამიანს, პირობითად, 20-30 კილოგრამით ზედმეტი წონა უნდა ჰქონდეს და შაქრიანი დიაბეტი, რომ ამ ოპერაციის ჩვენება იყოს.

თუ ადამიანს ნორმალური წონა აქვს და არ აქვს თუნდაც პირველი ხარისხის სიმსუქნე და აქვს ტიპი 2 დიაბეტი, მაშინ ვნიშნავთ მედიკამენტებს. ან არის სხვადასხვა ტიპის არაქირურგიული პროცედურა, მცირე ინვაზიური ჩარევა, როდესაც, მაგალითად, ნაწლავის შუნტირება ხდება ენდოსკოპიურად, მაგნიტის საშუალებით. რომელიც არის ჯერჯერობით კვლევის საგანი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არიან ნორმალური წონის, მაგრამ აქვთ დიაბეტი ტიპი 2.

  • რამდენ ხანში რამდენ კილოგრამს იკლებს ადამიანი ოპერაციის შემდეგ?

წონის კლებას რაც შეეხება, ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა ბაიპასის დროს პაციენტი საშუალოდ 10-15 კგ-ს იკლებს თვეში.

კვება პირველ ეტაპზე 2 კვირის განმავლობაში არის დაბლენდერებული, 2 კვირის შემდეგ პაციენტს შეუძლია მიიღოს მყარი საკვები, შესაბამისი რაოდენობით, ცოტ-ცოტა.

  • ოპერაცია და რეაბილიტაცია რამდენ ხანს გრძელდება?

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტიპის ოპერაციას გაიკეთებს პაციენტი, ორივეს ერთნაირი რეაბილიტაცია აქვს. ხანგრძლივობა განსხვავებულია – კუჭის დაპატარავების დროს ხანგრძლივობა არის 40-50 წუთი, ბაიპასის დროს – 2 სთ – 2.5 სთ. 

პაციენტი ოპერაციიდან სამ დღეში არის სახლში და გადის რეაბილიტაციას. თუ დიდი წონა აქვს პაციენტს, რეაბილიტაცია არის დაახლოებით ორი კვირა. ცოტა მეტი დრო სჭირდება იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს აქვს რაიმე სისუსტე ან დისკომფორტი, ან შეიძლება საერთოდ არაფერი არ ჰქონდეს და საავადმყოფოდან პირდაპირ სამსახურში გავიდეს. ორივე ოპერაცია კეთდება ლაპარასკოპიულად, გაჭრის გარეშე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: