მთავარი,სიახლეები

სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 1 პირის ნეშტს ოჯახს გადასცემენ

19.06.2023 • 2454
სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 1 პირის ნეშტს ოჯახს გადასცემენ

1937 წელს რეპრესირებული ერთი პირის ნეშტს, რომლის იდენტიფიცირებაც გასულ წელს მოხდა, ოჯახს გადასცემენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. სპეციალურმა კომისიამ, კი რომელიც აჭარაში აღმოჩენილ რეპრესირებულ პირთა სამარხებთან დაკავშირებითაა შექმნილი, ნეშტის ოჯახისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა.

ამ კომისიამ დღეს, 19 ივნისს, მორიგი შეხვედრა გამართა.

კომისიის წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნენ, რომელიც ერთ-ერთი რეპრესირებულის 1937 წლის 27 დეკემბერს გარდაცვლილად აღიარებას ეხება.

კომისიის გადაწყვეტილებით, დახვრეტილი კაცის ოჯახს უფლება აქვს, ნეშტი დაკრძალოს გარდაცვალების ცნობის მიღების შემდეგ.

სამარხი, რომელშიც აღმოჩენილი ნეშტებიდან 3 ადამიანის ვინაობა დადგინდა, 2021 წლის აგვისტოში გახსნეს, ხელვაჩაურში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა მე-5 სამარხის შესწავლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივით, „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის“ დახმარებითა და ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით მოხდა.

„ჩვენ კიდევ გვაქვს პირველი ოთხი სამარხიდან ამოსვენებული 150-მდე ნეშტი, რომლებიც გადასვენებულია ანთროპოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ბაზაზე და მიმდინარეობს მათი ექსპერტიზა.

მეხუთე სამარხის 28 ნეშტიდან მხოლოდ ერთზე გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება. იდენტიფიცირებულია კიდევ ორი ნეშტი, პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გადაწყვეტილება არ გვაქვს,“ – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, კიდევ 150-მდე ნეშტია, რომლებიც გადასვენებულია ანთროპოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ბაზაზე და იქ მიმდინარეობს მათი ექსპერტიზა.

,,ჩემი მეუღლე მთელი სიცოცხლის განმავლობაში მამის ნეშტს ეძებდა,“ – ამბობს ეთერ ბერიძე-კუზნეცოვა, რომელიც იდენტიფიცირებული რეპრესირებული კაცის, ხასან დიშლიოღლის რძალია, – „სამარხების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაგვიჩნდა სურვილი, მომხდარიყო ნეშტის იდენტიფიცირება, ოჯახის წევრებს ჩაუტარდათ დნმ კვლევები და დადასტურების შემდგო, ვითხოვეთ ნეშტის ოჯახზე გადმოცემა. ჩემი მეუღლე ამას ვერ მოესწრო… ის მთელი ცხოვრება ეძებდა მამამისის ნეშტს“ – თქვა მან კომისიის სხდომაზე.

სამარხების საკითხზე მომუშავე კომისია

 

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/471421/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: