მთავარი,სიახლეები

„ეს არაა“ – ბათუმში პოლიციელები აკავებდნენ კაცს, რომლის ვინაობაც არ იცოდნენ

19.06.2023 • 2900
„ეს არაა“ – ბათუმში პოლიციელები აკავებდნენ კაცს, რომლის ვინაობაც არ იცოდნენ

ბათუმში პოლიციელები აკავებდნენ კაცს, რომლის ვინაობა არ იცოდნენ. შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ფეისბუქში ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციელები ვერ ასახელებენ იმ პირის ვინაობას, ვისაც აკავებენ. პოლიციელებმა ადვოკატს ვერც სასამართლოს განჩინება აჩვენეს. ადვოკატის თქმით, უკანონო დაკავებაში ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსი ბორის [ბაჩო] ხაჟომიაც მონაწილეობდა, ვისი ხმაც ისმის ჩანაწერის ბოლოს: „ეს არაა მაგი“.

თემურ ქავშბაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის დაკავებას ქუჩაში შეესწრო 19 ივნისს, დაახლოებით ღამის 3 საათზე.

„პირი, ვინც დააკავეს, ფაქტობრივად და აღუკვეთეს სრულიად უკანონოდ თავისუფლება, იყო ჩემი კლიენტის თანმხლები. დაახლოებით ღამის 3-ზე გავიდნენ ჩემი საადვოკატო ოფისიდან, რომელიც ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთანაა.

ეს აჩვენებს იმას, რომ პოლიციელები არაკომპეტენტურები არიან. მეორეა ადვოკატის სრული უპატივცემულობა,“ – ამბობს თემურ ქავშბაია.

„ბათუმელები“ ამ ეტაპზე ვერ დაუკავშირდა პირს, რომლის დაკავებასაც პოლიციელები ცდილობდნენ.

ვიდეოჩანაწერში, რომელსაც ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს, ჩანს, რომ ღამით, ქუჩაში პოლიციელები მოქალაქეს აკავებენ ხელბორკილის გარეშე. ადვოკატი პოლიციელებს ეცნობა, რომ ის ადვოკატია და ითხოვს კითხვაზე პასუხს: „აკავებთ თუ რას აკეთებთ? ვის აკავებთ?“ – ადვოკატს პოლიციელები ვერ პასუხობენ.

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ნუ მიშლი ხელს“, – ისმის ჩანაწერში პოლიციელის ხმა, იგი მოქალაქეს ხელკავს უკეთებს და მიმართავს: „მობრძანდით, დაჯექი მანქანაში.“

ჩანაწერში ისმის ადვოკატის მოთხოვნა: „დადგენილება მომეცი დაკავების შესახებ“, ერთ-ერთი პოლიციელი კი, მიმართავს პირს, ვისაც აკავებენ: „სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული ხართ“.

„ვის აკავებთ განჩინების საფუძველზე?“ – კითხულობს ამჯერად ადვოკატი. პოლიციელებს განჩინება არ აქვთ.

„თქვენს პროვოკაციულ კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ,“ – ამბობს პოლიციელი და ისევ არ ეუბნება ადვოკატს, ვის აკავებს.

„რა დავაშავე, მითხარით, აგერაა ადვოკატი,“ – ამბობს პირი, რომელსაც პოლიციელები აკავებენ.

„გამომძიებელი მოვა და განჩინებას გაგაცნობთ,“ – ვიდეოჩანაწერში ისმის პოლიციელის ეს ვერსიაც.

„თქვენ იმყოფებით ნასვამ მდგომარეობაში და ძალიან გთხოვთ, დამშვიდდეთ,“ – ადვოკატის თავიდან მოშორებას ამ გზითაც ცდილობს პოლიციელი.

„რა იცით, რომ ნასვამი ვარ?“ – კითხულობს ადვოკატი.

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ნუ გვიშლით ხელს“, – იმეორებს პოლიციელი. ადვოკატს პოლიციელები ასევე სთხოვენ, შეწყვიტოს ვიდეოს გადაღება.

„გამითიშე, რად გინდა ბიჯო ლაივი“, – ამბობს პოლიციელი, რომელიც მოგვიანებით უერთდება დიალოგს და დანარჩენ პოლიციელებს მიმართავს: „ეს არაა მაგი“. ადვოკატ თემურ ქავშაბაიას თქმით, ეს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი, ბაჩო ხაჟომიაა.

ბაჩო ხაჟომია კანონის დარღვევაში 2022 წლის ბოლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაადანაშაულა: მაშინ აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქე ზურაბ ქარჩავას პოლიციელებმა კარავი ჩამოართვეს და კარვის გაშლისთვის დააკავეს. მაშინ „ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრი, სადაც ჩანს, რომ პოლიციის განყოფილების უფროსი, ბაჩო ხაჟომია მოქალაქეს საახალწლო ღონისძიებების მოტივით უკრძალავს კარვის გაშლას. პოლიციელი ვერ ასახელებს სამართლებრივ საფუძველს, რატომ უზღუდავს მოქალაქეს საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვას.

ამ ეტაპზე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება ან წინასაგამოძიებო მოქმედებები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: