მთავარი,სიახლეები

რატომ არის საშიში სესხის ხელშეკრულება, როცა ბინაში „ასტუპნოით“ შედიხარ – ინტერვიუ იურისტთან

19.06.2023 • 7369
რატომ არის საშიში სესხის ხელშეკრულება, როცა ბინაში „ასტუპნოით“ შედიხარ – ინტერვიუ იურისტთან

იპოთეკურის ნაცვლად სესხის ხელშეკრულება – დაზარალებული მოქალაქეები ჰყვებიან, რომ ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების მიუხედავად, თანხას უკან ვეღარ იბრუნებენ.

„შარშან ავიღე ბინა „ასტუპნოით“, იმდენს ვეძებდით ოჯახი და სანათესაო, ყველას გაგვიხარდა 4 ათას დოლარად რომ გამოჩნდა ბინა… ერთი წლით შევედი, თანხა მესაკუთრეს ნოტარიუსთან ჩავუთვალე. მალე აღმოჩნდა, რომ ეს ბინა მისი საკუთრება არ ყოფილა, უქირავებია, 5 თვე გვიხადა ქირის ფული და გაუჩინარდა. ახლა საერთოდ აღარ მპასუხობს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ტარიელ მეგრელიძე. მასაც, ათეულობით სხვა დაზარალებულის მსგავსად, სესხის ხელშეკრულება გაუფორმებია.

იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რატომ უნდა ვთქვათ უარი ამ დროს სესხის ხელშეკრულებაზე.

„სესხის ხელშეკრულება მხარეებს ვერ შესთავაზებს ვერანაირ დაცვის გარანტიას იმის მიუხედავად, ეს ხელშეკრულება იქნება ნოტარიული წესით დადებული, თუ დარეგისტრირებული იქნება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საუკეთესო ვარიანტი იპოთეკური ხელშეკრულებაა,“ – ამბობს ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი.

„ბათუმელებმა“ იურისტ გიორგი ხიმშიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო გიორგი, რა ქმნის თანხის დაბრუნების საფრთხეს, როცა ადამიანი შედის სხვის ბინაში საცხოვრებლად და მესაკუთრესთან აფორმებს იპოთეკურის ნაცვლად სესხის ხელშეკრულებას? 

პრაქტიკა აჩვენებს იმას, რომ მხარეები ცდილობენ, არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს გვერდი აუარონ და დადონ მარტივი გარიგება, მარტივად მოაწესრიგონ სამართლებრივი ურთიერთობები.

ე.წ. „ასტუპნოს“ შემთხვევაში მარტივი ფორმაა სესხის ხელშეკრულებაც. ასეთ დროს მხარეები დებენ ხელშეკრულებას, მაგრამ არ არსებობს სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

როცა საუბარია გარანტიებზე – იპოთეკა [უძრავი ქონების შემთხვევაში] და გირავნობა [მოძრავი ქონების შემთხვევაში], არის ყველაზე კარგი გარანტია, რომელსაც გვთავაზობს კანონმდებლობა.

სესხის ხელშეკრულებისგან განსხვავებით, იპოთეკური ხელშეკრულება მხარეს აძლევს გარკვეულ მექანიზმს და გარანტიას, რომ თუ მსესხებელი ვერ უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული თანხის, სესხის უკან დაბრუნებას, მაშინ  გამსესხებელს აქვს შესაძლებლობა, იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე მიაქციოს მოთხოვნა: გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს, წაიღოს საკუთრებაში და ასე შემდეგ.

როდესაც ნოტარიულად ფორმდება იპოთეკის ხელშეკრულება, ნოტარიუსს აქვს უფლება – მხარეების მოთხოვნის საფუძველზე და ხელშეკრულებაში მითითების შემთხვევაში – გასცეს სააღსრულებო ფურცელი. ეს მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სასამართლო დავის გარეშე მიმართონ აღსრულების პროცედურას.

  • სესხის ხელშეკრულებაც ხომ გულისხმობს იმას, რომ მსესხებელმა უნდა დააბრუნოს ვალი, ხოლო თუ ფული არ აქვს, ვალდებულება შეეხება მის უძრავ, ან მოძრავ ქონებას? 

სესხის ხელშეკრულებას ადვოკატები ვეძახით „მარტივ ხელშეკრულებას“. რა თქმა უნდა, სესხის ხელშეკრულება არის მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობების იურიდიული ფიქსაცია. წერილობითი სესხის ხელშეკრულება არის სამართლებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დადასტურდეს მხარეებს შორის თანხის სესხების ფაქტი. მაგრამ რაც შეეხება ვალდებულების შესრულებას – რა გარანტია აქვს ამ დროს თანხის გამსესხებელს? – ამ გარანტიას მარტივად გაფორმებული სესხის ხელშეკრულება ვერ გვთავაზობს.

სამართლებრივი დავის დროს, მხარე დამოკიდებულია მსესხებლის ქონებრივ და ფინანსურ შესაძლებლობებზე. არის შემთხვევები, როცა მსესხებელი ვერ ისტუმრებს სესხს და ამ დროს გამსესხებელი არის სამართლებრივ ჩიხში.

  • რა ქმნის ჩიხს ძირითადად? 

ჩიხს ქმნის რამდენიმე ფაქტი: პირველი – მსესხებელი არ ფლობს უძრავ, ან მოძრავ ქონებას, არანაირ აქტივს, არ მუშაობს… ფაქტობრივად, ქონებრივი აქტივი მსესხებელს არ აქვს. ამ დროს რჩება ერთადერთი გზა – გამსესხებელი დაელოდოს მსესხებლის ქონებრივ შესაძლებლობებს, რომ შეძლოს, თანხის ამოღება. ეს გრძელდება წლები და არის დაუსრულებელი პროცესი.

ამიტომაც, ყველაზე ოპტიმალურია, თანხის გასესხების დროს, პირველ რიგში, კონსულტაცია გაიარონ იურისტთან, ასევე, დაინტერესდნენ გამსესხებლები მსესხებლის ფინანსური მდგომარეობით, მისი ბიოგრაფიული და ქონებრივი მონაცემებით. არსებობს საჯარო ბაზები, სადაც ამ მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, მხარეებმა სწორი სამართლებრივი ურთიერთობით დაიწყონ თანამშრომლობა.

ნებისმიერ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარეები უნდა ხელმძღვანელობდნენ კეთილსინდისიერების პრინციპით. როდესაც ერთი მხარე კეთილსინდისიერების პრინციპს არ იცავს, ცხადია, მეორე მხარე მიმართავს სამართლებრივი დაცვის ღონისძიებებს. ამ შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს და ამისთვის მას დასჭირდება ხარჯის გაღება: სასამართლოსთვის მიმართვის ხარჯი, ადვოკატის მომსახურება და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია – დრო, რომელიც სჭირდება საქმის განხილვას.

ჩვენ გვაქვს აღსრულების გამარტივებული მექანიზმიც, როცა აღსრულებას შეუძლია, სასამართლო დავის გარეშე, პირდაპირ დაიწყოს აღსრულება. უმრავლეს შემთხვევაში ეს პროცედურა არ გამოიყენება, რადგან მეორე მხარე არაა თანახმა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს სერვისი, როდესაც ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით მხარეებს სთავაზობენ სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციას აღსრულების ბიუროში. ამ დროს გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის გაწევის მექანიზმი აქვს აღსრულებას.

  • რა უპირატესობა აქვს ნოტარიუსთან შედარებით ხელშეკრულების რეგისტრაციას აღსრულების ბიუროში? 

ორივე მექანიზმი – ნოტარიუსი და აღსრულება – არის ეფექტური. სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია შესაძლებელია აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომელიც აწესებს კონტროლს ვალდებულებების შესრულებაზე. თუ ეს ვალდებულება დაირღვევა, აღსრულების ბიურო მყისიერად აამოქმედებს აღსრულების მექანიზმს.

რაც შეეხება ნოტარიუსს, ნოტარიუსსაც აქვს რესურსი, გასცეს სააღსრულებო ფურცელი და დაიწყოს პროცედურა. განსხვავება იმაშია, რომ  იპოთეკის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა დამოწმდეს ნოტარიულად, ხოლო როცა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებაა, შეგიძლია ნოტარიულად დაამოწმო, ან პირდაპირ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაარეგისტრირო.

  • ზოგიერთი დაზარალებული მიუთითებს იმაზე, რომ სესხის ხელშეკრულება გააფორმეს ნოტარიულად. ნოტარიული დამოწმება რას ცვლის? 

სესხის ხელშეკრულება მხარეებს ვერ შესთავაზებს ვერანაირ დაცვის გარანტიას იმის მიუხედავად, ეს ხელშეკრულება იქნება ნოტარიული წესით დადებული, თუ დარეგისტრირდება აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

იმისთვის, რომ მხარისთვის მიცემული თანხის უკან დაბრუნებას ჰქონდეს სამართლებრივი მექანიზმი, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იპოთეკა, ან გირავნობა. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი – თავდებობა, როცა კონკრეტული ფიზიკური პირი, ან კომპანია ხდება ამ სახელშეკრულებო პროცესის მონაწილე.

ნებისმიერი გარიგება, ნოტარიუსთან გაფორმდება ეს ხელშეკრულება, თუ აღსრულების ბიუროში, არცერთი პირი არ არის პასუხისმგებელი, მის მიერ გაცემული თანხის უკან დაბრუნებაზე. თანხის უკან დაბრუნების მექანიზმს გვთავაზობს კანონმდებლობა. ნოტარიუსი და აღსრულების ბიურო მხოლოდ თანხის სესხების ლეგიტიმაციის ფიქსაციას ახდენენ. ნებისმიერი თანხის გაცემას კი, წინ უნდა უძღოდეს მისი დაბრუნების უზრუნველყოფის გარანტია – უძრავი ქონება, მოძრავი, ან ნებისმიერი სხვა აქტივი, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული.

ნებისმიერი სხვა გარიგება, რომელსაც არ ახლავს უზრუნველყოფის გარანტიები, არის დამოკიდებული მხოლოდ მხარეთა კეთილსინდისიერებასა და ფინანსურ შესაძლებლობაზე.

  • როცა იპოთეკური ხელშეკრულება ფორმდება და ასხვისებს ბინას მესაკუთრე, ამ დროს რა ხდება?  

იპოთეკის რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, ან გირავნობის რეგისტრაცია მოძრავ ქონებაზე, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი შემძენი არის ინფორმირებული ამ ვალდებულების შესახებ.

იპოთეკური ხელშეკრულება ავტომატურად რეგისტრირდება რეესტრში და იგი აისახება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: