განათლება,მთავარი,სიახლეები

ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ვინ უნდა აღმოფხვრას და როგორ – ინტერვიუ ექსპერტთან

17.06.2023 • 2324
ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ვინ უნდა აღმოფხვრას და როგორ – ინტერვიუ ექსპერტთან

ბოლო დღეებში ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის რამდენიმე შემთხვევა გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგით, მოზარდის თვითმკვლელობით დასრულდა. რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ბავშვებისა და მოზარდების დაცვას სქესობრივი ძალადობისგან და რა უნდა გაკეთდეს ძალადობის აღმოსაფხვრელად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გოგა ხატიაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო გოგა, როგორ ფიქრობთ, რატომ გვაქვს არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების ასეთი მძიმე სურათი ქვეყანაში?

ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სისტემური პრობლემა სქესობრივ დანაშაულთან მიმართებით. ზოგადად, სექსუალური ძალადობა რჩება ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ გავრცელებულ, მაგრამ დაფარულ ფორმად.

იმიტომ, რომ ეს არის ძალადობის ის ფორმა, როცა მოქმედებს მძლავრი დუმილის კულტურა – სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ ხოლმე მსხვერპლებს ამაზე საუბარი.

პრობლემად რჩება როგორც ასეთი შემთხვევების პრევენცია, ისე ეფექტიანი და დროული რეაგირება.

სამწუხაროდ, ძალიან სუსტია პრევენციული პოლიტიკა და მიდგომა, რადგან ყველაზე მთავარი და უნივერსალური მექანიზმი ასეთი შემთხვევების შესუსტების არის განათლება, სწავლება. ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბავშვებს ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი სხეულებრივი უსაფრთხოების შესახებ. მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა ტიპის ქმედებას აქვს ადგილი, ძალადობის რა ფორმები არსებობს და ასეთ დროს ვის შეიძლება მიმართოს დასახმარებლად.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები მეტყველებს იმაზე, რომ ძალადობის გამოვლინება ხდება მაშინ, როდესაც უკიდურეს ფორმებს იღებს ძალადობა. მაშინ, როცა წლების განმავლობაში გრძელდება ეს ძალადობა და ბავშვმა არ იცის, რასთან აქვს საქმე.

მე მინახავს საქმეები, სადაც ჩანს, რომ როდესაც ბავშვი იწყებს ამაზე საუბარს, მის მიმართ უკვე ჩადენილია სექსუალური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი და ძალადობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ ხდება ამის დროული გამოვლენა.

მეორე პრობლემა, რაც არის, ხშირად სექსუალური მოძალადე იწყებს ბავშვის დაშინებას, ეუბნება, რომ თუ ვინმეს მიმართავს, დაუხოცავს მშობლებს, სახლს გადაუწვავს და ასე შემდეგ. ესეც არის ხოლმე სერიოზული ფაქტორი, რომ ბავშვებს ეშინიათ ამაზე საუბრის.

ან კიდევ, ბავშვს ეუბნება, რომ ის, რაც მან გააკეთა, არის სასიყვარულო ურთიერთობა და რომ ამას უფროსებიც ხშირად აკეთებენ. ბუნებრივია, ცოდნის ნაკლებობის გამო ბავშვი იჯერებს და შესაძლოა ამაზე საერთოდ არ ისაუბროს.

  • ფაქტები წინ გვიდევს და ვხედავთ, რამდენად სჭირდებათ ბავშვებს ამ ინფორმაციით აღჭურვა, რომ დაიცვან თავი სექსუალური ძალადობისგან. როგორ ფიქრობთ, რატომ ჯიუტობს სახელმწიფო, რატომ არ ნერგავს სქესობრივ განათლებას სკოლებში?

სახეზე გვაქვს ნების ნაკლებობა. ეს ცალსახაა და ის, რომ სახელმწიფო არ არის განწყობილი იმგვარად, რომ ეს საკითხები აქციოს განათლების ნაწილად. შესაძლოა მას ჰქონდეს გარკვეულ ჯგუფებთან დაპირისპირების შიშები, ესეც გამოწვეულია ხოლმე იმით, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სქესობრივი განათლება, რომ ეს, პირველ რიგში, უკავშირდება ადამიანის სხეულებრივი უსაფრთხოების საკითხებს.

ხშირად აქედან გამომდინარე არსებობს ასეთი არასათანადო განწყობები და სახელმწიფოც ამას იყენებს საბაბად.

  • ეს ნიშნავს, რომ, სახელმწიფოს ბავშვი არ აინტერესებს? რადგან როცა სახელმწიფოს რაღაც უნდა, ის რადიკალური ჯგუფების ნებართვის გარეშეც აკეთებს ხოლმე ამას. მხედველობაში მაქვს, მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება.

შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ სახელმწიფოსთვის ბავშვის დაცვა ნაკლებად პრიორიტეტულია, იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ ბავშვთა მიმართ ჩადენილი ძალადობის საკმაოდ მძიმე შემთხვევებს, რაზეც არ იყო ადეკვატური და გონივრული რეაგირება.

ბუნებრივია, როდესაც კონკრეტულ საკითხზე არ მუშაობ, რომელიც იმ კონკრეტული ჯგუფის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, აქ ნაკლები პრიორიტეტულობა ჩანს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნების ნაკლებობაც.

შესაძლებელია, ამის მიზეზი იყოს ის, რომ ბავშვები არ არიან ამომრჩევლები, მათ არ აქვთ პოლიტიკური ხმა და ესეც შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი, წამახალისებელი პოლიტიკური ნების ნაკლებობის.

მეორე მხრივ, შესაძლოა ბავშვი არ საუბრობდეს სექსუალურ ძალადობაზე, მაგრამ სპეციალისტებს აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ასეთი შემთხვევები თავად ამოიცნონ და ესეც ძალიან მოისუსტებს ჩვენს ქვეყანაში.

  • სპეციალისტებში ვის გულისხმობთ?

2016 წლიდან მოქმედებს „ბავშვთა მიმართ ძალადობის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურები“. ეს არის მთავრობის დადგენილება, სადაც განსაზღვრულია სპეციალური წესები, თუ როგორ უნდა იმუშაონ სახელმწიფო უწყებებმა, როდესაც ბავშვი ოჯახში ან ოჯახს მიღმა დაექვემდებარება ძალადობას.

აქ პირდაპირ არის მითითებული საგანმანათლებლო სისტემა, სკოლები, ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სკოლის გარეშე სასპორტო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სოფლის ექიმები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ასე შემდეგ.

ამ პროცედურის პირველი და მეორე საფეხური გულისხმობს იმას, რომ სპეციალისტებმა თავად უნდა გამოავლინონ ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობა. ამ დადგენილებაშია მითითებული კონკრეტული მეთოდები, თუ როგორ უნდა მიხვდნენ სპეციალისტები, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს.

მაგალითად, თუ ბავშვს რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, არის უგუნებოდ, ჩაკეტილია, რეგულარულად არ დადის სკოლაში, თავს არიდებს სახლში წასვლას, ან, მაგალითად, ბავშვს აღენიშნება მოუწესრიგებელი გარეგნული იერ-სახე, სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი აცვია და ასე შემდეგ.

აქ არის კონკრეტული ინდიკატორები ჩამოთვლილი, რაც არ უნდა გამოეპაროს სპეციალისტს, მათ შორის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მასწავლებლებსა და თავად უნდა მოახდინონ იმის იდენტიფიცირება და მდგომარეობის გამოკვლევა, ბავშვი ხომ არ არის ძალადობის რომელიმე ფორმის მსხვერპლი, მათ შორის, სექსუალური ძალადობის.

მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკაში ეს წესები არ სრულდება.

  • როცა 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ითქვა, რომ ძალადობის შესახებ მშობელი იყო ინფორმირებული. უნდა შეემჩნია თუ არა ეს სკოლასაც?

ზუსტად ეს არის იმის მაგალითი, რომ ვერ შეამჩნია. ამიტომაც ეკისრებათ სპეციალისტებს დიდი პასუხისმგებლობა, რომ ბავშვებთან მიმართებით იყვნენ ფხიზლად.

სკოლის პასუხი იმის თაობაზე, რომ ბავშვს მისთვის არაფერი უთქვამს, არ არის დამაკმაყოფილებელი. ამ დადგენილების მიხედვით, ეს არ ათავისუფლებს სკოლას ვალდებულებისგან.

ბავშვმა შეიძლება არ ისაუბროს, მაგრამ თავად სპეციალისტს მოეთხოვება პროაქტიულად, კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით და ესეც არის მითითებული ამ დადგენილებაში, თავად დაეჭვდეს, თავად დაინტერესდეს ბავშვს რაიმე ხომ არ უჭირს.

  • ხშირად, როცა მასწავლებლებს ვუსვამთ მსგავს კითხვებს, ისინი თავს იმართლებენ, რომ კლასში 30 ბავშვი ჰყავთ, გადატვირთულები არიან და შეიძლება რაიმე გამორჩეთ.  

ეს უნდა შეამჩნიოს ყველამ, იმიტომ გადის რამდენიმე ფილტრს ეს საკითხი, რომ თუ გამოეპარა ერთს, იქვე დამზღვევი იყოს მეორე. თითის გაშვერა ერთმანეთისკენ, არასწორია. ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი, დირექტორი, მანდატური – ყველას აქვს ეს პასუხისმგებლობა.

უფრო დიდი დოზით კი მის უშუალო დამრიგებელს, რომელიც ყოველდღიურად ხვდება ამ ბავშვს.

როდესაც ბავშვი ძალადობის და მით უმეტეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, ყოველთვის მიგვახვედრებს ამის შესახებ თავისი ქცევით. მინიმუმ იმას მაინც მიხვდები, რომ ბავშვს რაღაც უჭირს. სამწუხაროდ, ეს ვალდებულება პრაქტიკაში არ სრულდება.

  • ხშირად, ოცა ტრაგედია ხდება, სკოლა ამბობს, რომ ჩვენ გავაგებინეთ მშობელს, ვუთხარით, რომ მისი შვილი არ დადის სკოლაში. ეს ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან?

მშობლისთვის შეტყობინება შეიძლება იყოს ერთ-ერთი, ამ პროცესის შემადგენელი აქტივობა, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მასწავლებელს ვალდებულებისგან. თუ მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, შეიძლება ეს დაკვირვება გააგრძელოს. საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სკოლას ეკისრება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და პოლიციაში გადამისამართების ვალდებულება. ეს პირდაპირ უწერიათ დადგენილებაში.

მე მსმენია სპეციალისტებისგან, რომ „არ აქვთ მტკიცებულება“, ან „ეჭვი აქვს, მაგრამ დანამდვილებით არ იცის“. არც არის სავალდებულო, რომ რაღაც კონკრეტული მტკიცებულება ეჭიროს ხელთ ან ასი პროცენტით ფლობდეს ინფორმაციას.

პირდაპირ საუბრობს ეს დადგენილება – საფუძვლიანი ეჭვი თუ გაქვს, რომ ბავშვი შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლი, უკვე არსებობს გადამისამართების ვალდებულება. შემდეგ უკვე სოციალურმა მუშაკმა და პოლიციამ უნდა გაარკვიოს.

  • რას იტყვით მშობლების კომპონენტზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს არც ოჯახის წევრების მხარდაჭერა აქვთ. ეს მაინც ხომ შეუძლია სახელმწიფოს, რომ მშობლებს აუმაღლოს კომპეტენცია?

სამწუხაროდ, ბავშვი პრობლემას აწყდება ყველა რგოლში. ოჯახში, სახელმწიფოში და ეს წინაღობები ბავშვისთვის არის ყველა სფეროში.

მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში საკმაოდ შესუსტდა სახელმწიფოს პოლიტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართ. პრიორიტეტულობა არ ნიშნავს მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განცხადებას, პოლიტიკურ დონეზე ვეღარ ვხედავთ იმის აშკარა მზაობას, რომ სახელმწიფომ კოორდინირებული და ყოვლისმომცველი პოლიტიკა განახორციელოს ასეთ შემთხვევებზე.

და კიდევ, ხშირად გვაქვს ხოლმე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა, მათ შორის მასწავლებლებთანაც და ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც სახალხო დამცველთან ერთად ჩავატარეთ, ეხებოდა ადრეულ ასაკში ქორწინებას, როგორც ბავშვის მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ფორმას. მასწავლებლების უმეტესობა ამბობდა, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ რეფერირების პროცედურებზე.

ერთი მხრივ, განათლების სამინისტრო არ უზრუნველყოფს ბავშვთა მიმართებით ამ ცოდნის გადაცემას და მეორე მხრივ, არც იმაზე ზრუნავს, რომ სპეციალისტებს ჰქონდეთ ინფორმაცია.

ჩემი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ როდესაც ხელმძღვანელ დონეზე ეს თემა ადამიანისთვის პრიორიტეტულია, როგორც წესი, ასეთი დაბრკოლებები აღარ იქმნება ამ სფეროში.

ამიტომ, მთავარია პოლიტიკური ნება, რომელსაც დღეს ნაკლებად ვხედავთ და აისახება კიდეც შედეგზე.

  • როგორ შეიძლება ძალადობის პრევენცია ისე, რომ არ მოხდეს ამ თემით მანიპულირება თუნდაც რადიკალური ჯგუფების მხრიდან, რა გზას ხედავთ?

ამის სპეციალური გაიდლაინებიც არსებობს, თუ რა საკითხებს უნდა მოიცავდეს ეს. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, ვინ ასწავლის ამ ყველაფერს. სპეციალისტების მობილიზებაცაა საჭირო, ვისაც აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ სწორად მიიტანონ ბავშვებამდე ინფორმაცია.

  • მანდატურის სამსახურში ხომ შეიქმნა ფსიქოლოგების ცენტრი, თუ არის შესაძლებელი აქ დაემატოს ეს კომპონენტიც?

რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ბავშვებს მივაწოდოთ ძალადობის შესახებ ინფორმაცია.

და კიდევ, არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება. ამ ბრძანების მე-5 მუხლში წერია ასეთი რამ, რომ სკოლა ვალდებულია წელიწადში მინიმუმ ორჯერ ბავშვებთან ჩაატაროს საგანმანათლებლო საინფორმაციო ღონისძიებები და მათ შორის ერთ-ერთია ძალადობის საკითხები.

მეტიც, ამ მუხლში წერია, რომ სკოლაა ვალდებული წელიწადში ერთხელ მაინც ამ თემებზე შეხვედრები ჩაატაროს მშობლებთან. სკოლას აქვს მშობლების ინფორმირების ვალდებულებაც, თუმცა რამდენად სრულდება პრაქტიკაში, სხვა საკითხია.

სკოლა არ არის შეზღუდული და შეუძლია მიიწვიონ სპეციალისტები.

მე, პირადად, ჩამიტარებია ასეთი ლექციები სკოლაში, მისაუბრია ბავშვთან იძულებით ქორწინებაზე, ძალადობის თემაზე, რეფერირების პროცედურაზე. რესურსი შეიძლება მწირი იყოს, მაგრამ არსებობს. ბუნებრივია, სკოლებმა ეს უნდა გამოიყენონ.

  • როგორ ფიქრობთ, ბავშვებზე ძალადობის მაჩვენებელი გაიზარდა ქვეყანაში, თუ უბრალოდ, გამოვლენაა მეტი?

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კვლევა არავის ჩაუტარებია, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სურათს მოგვცემს, შემთხვევები ცხადყოფს, რომ ძალადობას აქვს წინარე ისტორია და მხოლოდ ახლა გამოაშკარავდა.

ამიტომაც მგონია, რომ შეიძლება გამოვლენასთან გვქონდეს საქმე. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოვლენა უბრალოდ შემთხვევითობაა. ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივი გარდაუვალობაცაა, რადგან ვეღარ იმალება იმდენად მძაფრ მდგომარეობას მიაღწია, ან როცა სუიციდს მიმართავს ხოლმე მსხვერპლი. ამიტომაც სახელმწიფოს როლი ძალადობის გამოვლენის საქმეში ნაკლები მგონია.

გამოვლენის ნაწილში კიდევ ერთი პრობლემა უკავშირდება რეაგირებას, რადგან ტოტალური უნდობლობაა ბავშვების მიმართ ყველა სივრცეში – ოჯახში, მართლმსაჯულების რგოლებში და ეს მუშაობს დამნაშავის სასარგებლოდ.

  • რისი ბრალია უნდობლობა?

თუნდაც ის, რომ ბავშვები სტერეოტიპულად წარმოუდგენიათ მატყუარა ადამიანებად, რომ თურმე ხშირად მანიპულირებენ და ასე შემდეგ. მეორეა ის, რომ ჯერ კიდევ ვერ გავთავისუფლდით ამ აზროვნებისგან, რომ ბავშვის დასჯა ან მასზე ფიზიკური ძალადობა შეიძლება, მათ შორის მშობლის მიერ.

შესაძლოა საზოგადოება ამით ცდილობდეს, შექმნას ერთგვარი დამცავი ფარი, რადგან არ უნდათ იმის დაშვება, რომ შესაძლოა ასეთი რამ ხდებოდეს.

  • მაშინ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები?

პირველი – ცოდნის მიცემით, მეორე – სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებით, რომ შეძლონ ძალადობის იდენტიფიცირება და მესამე, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებით.

მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვები სერიოზულ ბარიერებს აწყდებიან, ანუ ბავშვის ხელმეორედ მსხვერპლად ქცევის სერიოზული საფრთხე არსებობს.

ეს გამოიხატება უნდობლობაში ბავშვის მიმართ – კითხვები, რომლებსაც ბავშვს უსვამენ, არის მატრავმირებელი, სქესობრივ დანაშაულებზე ითხოვენ ძალიან ხისტ მტკიცებულებით სტანდარტს…

  • რა მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს 9-10 წლის ბავშვმა?

არსებობს არაერთი შემთხვევა, როცა ამ ასაკის ბავშვის ჩვენება არ გაუზიარებია სასამართლოს და უთქვამს, რომ არასანდოდ, არადამაჯერებლად გამოიყურება და მოძალადე გაუმართლებიათ.

  • თუ ბავშვს სახელმწიფო არ უჯერებს და არ ენდობა, მაშინ როგორ დაიცავს?

ზუსტად ეს არის პრობლემა.

მაგალითად, „ემსი ბულგარეთის წინააღმდეგ“ საქმეში [2003 წლის საქმეა], საუბარია იმაზე, რომ არასწორია, მსხვერპლის მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის მტკიცებულებების მოთხოვნა, რომ სექსუალური ძალადობის საქმეებში მთავარია თანხმობის არარსებობა.

სქესობრივი დანაშაულების შესახებ ჩვენი კანონმდებლობა არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და სტამბოლის კონვენციასთანაც კი პირდაპირ შეუსაბამოა:გაუპატიურება ან სხვა სექსუალური ხასიათის ქმედება ჩვენი კოდექსით  მაშინ არის დასჯადი, როდესაც მოძალადემ გამოიყენა ძალა და მუქარა ან მსხვერპლის უმწეო მდგომარეობა. იგივე წესი მოქმედებს ბავშვების შემთხვევაშიც.

მაგალითად, „ქორწინების მიზნით მოტაცებას“ რასაც ეძახიან და მოტაცების შემდეგ სქესობრივი კავშირის დამყარების შემთხვევაში იცით რას ამბობს სასამართლო? –  მართალია, თავისუფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ აღუკვეთეს, მაგრამ სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობით მოხდაო. ამას ისე არ აფასებს, როგორც გაუპატიურებას.

არის პრეცედენტებიც, როცა ზემდგომმა ინსტანციამ უკან დააბრუნა საქმე განხილვაში და დაუბრუნა გაუპატიურების მუხლი, მაგრამ პირველი ინსტანცია ასეთ მიდგომას იყენებს.

ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემაა საქალწულე აპკის მთლიანობაზე დაყრდნობით იმის შეფასება, ჰქონდა თუ არა პირს სქესობრივი კავშირი ბავშვთან.

ასე მოხდა სწორედ ერთ-ერთი ბავშვის საქმეზეც, სასამართლომ ბრალდებული გაამართლა გაუპატიურების საქმეზე, მაშინ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასეთი ტიპის ექსპერტიზას ძალიან დამამცირებელ და დისკრიმინაციულს უწოდებს.

სასამართლომ გაუპატიურების მცდელობაზეც კი არ იმსჯელა, რადგან არ იყო დარღვეული საქალწულე აპკი, მაშინ, როცა იქ არსებობდა სხვა საყურადღებო ფაქტორები.

სქესობრივ დანაშაულთან, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებით, აი, ასეთი ძალიან შემზღუდველი და დისკრიმინაციული მიდგომები გამოიყენება. ბუნებრივია, ამის ფონზე მართლმსაჯულება ვერ არის ეფექტიანი და ეს ბავშვს კიდევ უფრო აზარალებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: