მთავარი,სიახლეები

ვის დაუნგრიეს და ვის არა კაფეები გონიო-კვარიათში – ფულის ძალა

19.06.2023 • 3886
ვის დაუნგრიეს და ვის არა კაფეები გონიო-კვარიათში – ფულის ძალა

გონიო-კვარიათის პლაჟზე ჯერ კიდევ ნახავთ დანგრეული კაფეებისა და ბუნგალოების ნარჩენებს. ზოგან დაწყებული აქვთ ახლის მოწყობის პროცესიც.

„ვითამაშეთ და მოვიგეთ“ – ამბობენ აქ და ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობას გულისხმობენ.

მიუხედავად იმისა, რომ შენობები მუნიციპალიტეტის კუთვნილ ნაკვეთებზე უკანონოდ ჰქონდათ განთავსებული, მესაკუთრეები მაინც მიიჩნევენ, რომ მერია მათ უსამართლოდ მოექცა. ამის საილუსტრაციოდ მათ რამდენიმე არგუმენტი აქვთ:

პირველი არგუმენტი: 

„თამაშის წესები“, რაც ამ დრომდე იყო, მერიამ თავად დანერგა. არსებული პრაქტიკით, ადგილობრივები წლიდან წლამდე აუქციონის გამოცხადებას სწორედ იმ მოცემულობით ელოდნენ, რაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ჰქონდათ.

„არსებული მოცემულობა“ ეხებოდა იმ შენობებს, რომლებსაც სეზონის დასრულების შემდეგ ადგილზე ტოვებდნენ.

ზაფხულის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მერია არსებული მდგომარეობით აცხადებდა აუქციონებს, მეწარმეები იღებდნენ მონაწილეობას და სამუშაოდ იმავე ადგილას ბრუნდებოდნენ, თავისი შეხედულებისამებრ აწესრიგებდნენ გარემოს სეზონური სამუშაოსთვის და იწყებდნენ მომხმარებლის მიღებას.

გონიო-კვარიათში საპლაჟო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მერიას ერთიანი სტანდარტი ამ დრომდე არ ჰქონია. ამის გამო ზღვის სეზონზე და მის შემდეგაც აქ ქაოსური სიტუაცია არც თუ სასურველ ვიზუალს ქმნიდა.

 პრაქტიკაში არსებული ხარვეზის შესახებ „ბათუმელებმა“ არაერთი სტატია გამოაქვეყნა, თუმცა ასე რჩებოდა წლიდან წლამდე.

პანდემიის დროს მერიამ ახალი აუქციონები არ გამოაცხადა და მოქმედ მოიჯარეებს ავტომატურად გაუგრძელა ხელშეკრულება ვირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად.

მერიამ არაფერი მოიმოქმედა გასულ სეზონზეც, როცა მოიჯარეების დიდმა ნაწილმა აუქციონებში მონაწილეობა არ მიიღო – „ფასები ძვირიაო“, თუმცა საკუთარი ობიექტები არ დაუტოვებიათ და როგორც წინა სეზონებზე, უპრობლემოდ მუშაობდნენ.

გასული წლის სეზონის გასვლის შემდეგ აქ მერიამ ყველაფერი „ამოაყირავა“.

დანგრეული კაფე კვარიათში

კვარიათი – დანგრეული კაფეს ნარჩენები

ერთი შეხედვით, თითქოს ლოგიკურად, ბოლოს და ბოლოს გონიო-კვარიათის სანაპიროზე პლაჟი ბიზნესისთვის ერთიანი ვიზუალით უნდა მოაწყონ. ასეც დაჰპირდნენ მათ, ვინც საკუთარი შენობა თავადვე დაშალა და ტერიტორიაც გაასუფთავა.

მეორე არგუმენტი:

მეორე ის არის, რომ ადგილობრივებმა ახლა უკვე დაზუსტებით იციან, რომ დეველოპერებისა და დიდი სასტუმროების ინტერესის დასაკმაყოფილებლად მერიამ სხვა მიდგომა გამოიყენა – გავლენიანი ბიზნესისთვის, რომელსაც სანაპიროს გასწვრივ საკუთარი პლაჟიც სურს.

არა მხოლოდ მათ, ვინც სასტუმროების მშენებლობა დაასრულეს და უკვე მომხმარებელს იღებენ, არამედ მათაც, ვინც ჯერ ისევ მშენებლობის პროცესშია, პლაჟი არა 4 თვით, არამედ გრძელვადიანი იჯარით სურთ.

მერია კი ამას ხელს უწყობს. კვარიათში მეწარმეები გვთხოვენ, დავაკვირდეთ პროცესს და ვნახოთ, როგორ გამართლდება მათი ეს პროგნოზი:

„მერია გრძელვადიან ხელშეკრულებებს გაუფორმებს სასტუმროებს, ჩვენ კი ყოველ წელს ახალ აუქციონში უნდა მივიღოთ მონაწილეობა და 4-თვიან ხელშეკრულებას დავჯერდეთ.“

მერიაში ამბობენ, რომ 2023 წლისთვის მოიჯარეებს ბულვარისთვის დადგენილ სტანდარტს შესთავაზებენ კაფეების მოსაწყობად, მიაწვდიან ესკიზებს, რომლებიც ბულვარის უკვე დამტკიცებულ გენგეგმაშია მოცემული, მოიჯარეებმა კი ინფრასტრუქტურა ამ ესკიზების მიხედვით უნდა მოაწყონ.

მესამე არგუმენტი:

მერიამ განსხვავებულ მდგომარეობაში ჩააყენა მცირე მეწარმეები, როცა კონკრეტულ მესაკუთრეებს შენობები დაანგრევინა ან დაუნგრია,  სხვებმა კი შეინარჩუნეს. ისინი უკვე მუშაობენ.

გონიო-კვარიათში გამოცხადებული აუქციონების ნაწილი 16 ივნისს დასრულდა, ნაწილი კი 19 ივნისს უნდა დასრულდეს.

ამის შემდეგ აუქციონში გამარჯვებულებმა მერიასთან ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ. საიჯარო ინფრასტრუქტურის გამართვას, მერიის მიერ მიწოდებული ესკიზების მიხედვით, ალბათ ათი დღე მაინც დასჭირდება.

კვარიათი

ამის პარალელურად მერიამ ინდივიდუალური  ბრძანებით გაასხვისა კონკრეტული მონაკვეთები პლაჟზე არა 4-თვით, არამედ ერთი წლით. ასეთ შემთხვევაში მოიჯარეებმა კაფეები ზუსტად იმ ვიზუალით შეინარჩუნეს, რაც მანამდე ჰქონდათ.

სხვებისთვის კი წელს მერიამ ისევ გამოაცხადა აუქციონები, რომლებიც 10-დან  400 კვ. მეტრამდე ტერიტორიის გაცემას გონიო-კვარიათის პლაჟზე 4 თვით ითვალისწინებს.

საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია მერიას ვიზუალის შექმნა წინასწარ განსაზღვრული ესკიზის მიხედვით, შესაბამისი ხარჯის გაღება  მცირე მეწარმეების მიერ მხოლოდ 4 თვით, მაშინ როცა მაღალბიუჯეტიანი კომპანიები გრძელვადიან ხელშეკრულებებს ითხოვენ და პლაჟზე იმავე ვიზუალის შენობებით რჩებიან, რაც ამ დრომდე ჰქონდათ.

  • კაფეები, რომლბიც არ დაშალეს

ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ქონება გრძელვადიანი იჯარით მისცეს – შპს „ტმია“. ეს კომპანია კვარიათის სანაპიროზე სასტუმრო „პანორამა კვარიათს“ ფლობს.

მენეჯერის ინფორმაციით, კაფეს სასტუმროს წინ ქვემოიჯარე მართავს.

ამ ნაკვეთის საიჯარო წესით გასხვისებაზე ბრძანება ბათუმის მერმა 2022 წლის პირველ ივლისს გამოსცა. მერის ბრძანება ქონების ერთი წლის ვადით, 2023 წლის 15 ივლისის ჩათვლით იჯარით გაცემას ითვალისწინებდა, ქონების საწყისი წლიური საფასური 18 000 ლარი იყო, ბიჯი – 500 ლარი. გამარჯვებულმა აუქციონი ერთი ბიჯით მოიგო. აუქციონი 8 ივლისს შედგა.

კითხვაზე, ეს კაფე როგორ გადარჩა? – ერთ-ერთი კომერციული ობიექტის დარაჯმა ასე გვიპასუხა: „ვითომ არ იცი ახლა მაი შენ“.

სასტუმრო „პანორამა კვარიათი“ და კაფე პლაჟზე

სასტუმრო „პანორამა კვარიათის“ მიმდებარედ განსხვავებული პირობებით მიიღო მიწის ნაკვეთი პლაჟზე „პანორამა რეზიდენსმაც“.  მიუხედავად იმისა, რომ შენობა ბათუმის მერიის საკუთრებაა, მის წინ არსებული ნაკვეთი პლაჟზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. შესაბამისად, ამ ნაკვეთის განკარგვაზე გადაწყვეტილებაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო.

პანორამა რეზიდენსი

„კვარიათი რეზიდენსმა“ სასტუმრო სანაპიროზე „პანორამა კვარიათის“ გვერდით ააშენა. სასტუმრომ შენობის წინ მდებარე 200 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც მანამდე აუქციონის წესით ჰქონდა ასევე გრძელვადიანი იჯარით მიღებული, 2021 წელს პირდაპირი წესით, 5 წლის ვადით მიიღო.

გადარჩა სასტუმრო „ნეპტუნის“ წინ მდებარე კაფეც, ამ კაფესაც „ნეპტუნი“ ჰქვია. სასტუმროს მენეჯერი ამბობს, რომ კომპანიას პლაჟზე გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულება აქვს. ვადას მოგვიანებით დაგიზუსტებთო – გვითხრა მან.

კაფე ნეპტუნი

ზოგიერთი მესაკუთრე მერიის მოქმედებას გონიო-კვარიათის პლაჟზე სასამართლოში ასაჩივრებს და აცხადებს, რომ მერიამ კანონი დაარღვია, როცა მათი ქონება ისე დაშალა, რომ მომავალში კონსტრუქციებისა და შესაფუთი მასალების გამოყენების შესაძლებლობა წაართვა, მათი ქონება დაამტვრია. ამ თემაზე „ბათუმელები“ მუშაობს და მასალას უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ.

გარდა ამისა, ვიცით კიდევ რამდენიმე კომპანიის შესახებ, რომლებმაც საკუთრების წინ პლაჟზე ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით მიიღეს, თუმცა ინფორმაცია დასაზუსტებელია. წელს მერიამ ქონება აუქციონზე კონკრეტული საკადასტრო კოდებით არ გაიტანა, ფართობები გააერთიანა და აუქციონში მიუთითა ფორმულირება, რომელიც კონკრეტული მისამართიდან მცირე ზომის ნაკვეთების გასხვისებას ითვალისწინებს. ეს იდენტიფიცირებას ართულებს, როგორც ჩანს, მერიასაც ეს უნდოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: