ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარაში, 140 კომპანიაში, რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა – 3 თვის მონაცემი 

20.06.2023 • 1644
აჭარაში, 140 კომპანიაში, რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა – 3 თვის მონაცემი 

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანობაში შემცირებულია, თუმცა გაზრდილია პირდაპირი ინვესტიციები რუსეთიდან.

აჭარაში მოქმედ კომპანიებში, 2023 წლის პირველ კვარტალში, 10,7 მილიონი აშშ დოლარის რუსული ინვესტიცია ჩაიდო, რაც 1 მილიონი დოლარით მეტია, 2022 წელთან შედარებით [შარშან აჭარაში რუსეთიდან პირდაპირმა ინვესტიციამ 9,7 მილიონი დოლარი შეადგინა].

2022 წელს რუსული ინვესტიცია აჭარაში 186 კომპანიაში [შპს-ში] განხორციელდა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი – 140 კომპანიაში. ეს კომპანიები საქართველოშია დაფუძნებული, ანუ რეზიდენტები არიან.

საქსტატიდან მოწოდებული კომპანიების ჩამონათვალში, სადაც რუსული პირდაპირი ინვესტიციები განხორციელდა, არის შპს-ები:

  1. „დრიმლენდ ოაზისი“
  2. „ორბი გინზა“
  3. „ამბასადორი ბათუმი“
  4. „დს გრუპი“
  5. „ალიანსი ფრივილიჯი“
  6. „ელიტ-მშენი“
  7. „ეიარ-მერიდიანსი“
  8. „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“
  9. „ანურია პანორამა“
  10. „ევროპეტროლი“
  11. „ჩაქვის ჩაი – 2007“
  12. „ისტანბულ სიმითი“
  13. „სავაჭრო ცენტრი ბაგრატიონზე“
  14. „ბელლა კოსტა“
  15. „სამი ლუდი“
  16. „პიაცა ჰოლდინგი“
  17. „სკოლა-ნიკე“
  18. „ბავშვთა ბაგა-ბაღი ირინა“
  19. „ბათუმი დენტალ კლინიკი“
  20. „მარი ჯგუფი“
  21.  „ევროპული ანალიტიკური ცენტრი“
  22. „ბათუმის ჩოგბურთის კლუბი“
  23. „საქართველოს კურორტები“
  24. „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“ და სხვა

ამავე ჩამონათვალშია ასევე შპს-ები:

„ბუ და ხარი“, „აჭარული ინდაური“, „თეთრი კატა“, „მიმინო ავტოგაქირავება“, „სორი ბებო“…

საქსტატის განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია წარმოადგენს გრძელვადიან კაპიტალდაბანდებას ფასიან ქაღალდებში, უძრავ ქონებასა და წარმოებაში, რომელსაც ახორციელებს არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორი [ჩვენს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არარეზიდენტი არის რუსული კომპანია, ან რუსეთის მოქალაქე].

საქსტატისავე ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული კომპანიების, ანუ რეზიდენტი საწარმოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორი ფლობს აქციების ან საწესდებო კაპიტალის მინიმუმ 10 პროცენტს მაინც [პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ასევე ითვლება ინვესტიცია, რომელსაც ახორციელებს პირდაპირ ინვესტორთან იურიდიულად დაკავშირებული სუბიექტი].

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ ოპერაციას პირდაპირ ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების საწარმოს [შპს-ს] შორის. მათ შორისაა: ახალი კომპანიის დაფუძნება; მოქმედ კომპანიაში წილის შექმნა/გასხვისება; უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა; საწარმოს საქმიანობის შედეგად მიღებული მოგება-ზარალი; დივიდენდების გაცემა; სესხის გაცემა-გადახდა; საქონლისა და მომსახურების მიწოდება და ა.შ.

შესაბამისად, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები შედგება 3 ძირითადი კომპონენტისგან: სააქციო-საწესდებო კაპიტალი; რეინვესტიცია [მოგება/ზარალი, გაცემული დივიდენდები] და სავალო ვალდებულებები [სესხები + სავაჭრო კრედიტები].

2023 წლის პირველ კვარტალში აჭარაში რუსული ინვესტიციები ძირითადად სააქციო კაპიტალში განხორციელდა, 2022 წელს კი – რეინვესტიციაში.

რუსეთიდან აჭარაში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით:

რეინვესტიცია – სხვაობა მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის; სავალო ვალდებულებებში კი, აისახება ავანსები/კრედიტები და მიღებული/გაცემული სესხები / წყარო: საქსტატის წინასწარი მონაცემები

საქსტატის განმარტებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეიძლება მიიღოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მნიშვნელობა, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სააქციო/საწესდებო კაპიტალის ზრდა ან შემცირება; საწარმოს მიერ მოგების ან ზარალის მიღება;
  • არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორისგან სესხის მიღება ან მისი დაფარვა;
  • არარეზიდენტი სუბიექტის მიერ რეზიდენტისგან საწარმოს წილის შეძენა ან პირიქით, რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისგან წილის გამოსყიდვა;
  • დივიდენდების გაცემა.

2022 წელს აჭარაში ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია მშენებლობაში განხორციელდა;

2023 წლის პირველ კვარტალში კი, ისეთ სექტორებში, რომელიც მოიცავს: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებას, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებს, თუმცა მონაცემებს თითოეული ამ სექტორისთვის საქტატი არ ავრცელებს.

რუსეთიდან აჭარაში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით:

დანარჩენი სექტორები მოიცავს კონფიდენციალურ სექტორებს: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებას, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებს / წყარო: საქატატის წინასწარი მონაცემები

მთლიანობაში აჭარაში 2022 წლის პირველ კვარტალში 58,1 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი – 27,6 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები – 30,4 მილიონი აშშ დოლარი.

2023 წლის პირველ კვარტალში ლიდერობს თურქეთი [16,8 მილიონი აშშ დოლარი], შემდეგ მოდის რუსეთი [10,7 მილიონი დოლარი] და ყაზახეთი [7,1 მილიონი აშშ დოლარი].

2022 წელს კი, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით ასე იყო გადანაწილებული: თურქეთი, ყაზახეთი, რუსეთი.

 

2022 და 2023 წლის პირველი კვარტალის მიხედვით, გთავაზობთ ასევე იმ კომპანიების პირველ ათეულს, რომლებშიც ყველაზე მეტი უცხოური [სხვადასხვა ქვეყნიდან] ინვესტიცია განხორციელდა. ეს ინფორმაციაც საქსტატმა მოგვაწოდა, თუმცა კომპანიები ცხრილში არ არის დალაგებული ინვესტიციების ოდენობების მიხედვით.

კომპანიები აჭარაში, სადაც განხორციელდა ყველაზე მეტი მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები:

წყარო: საქსტატი /საქსტატის ინფორმაციით ეს კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის [ინვესტიციების მოცულობის] მიხედვით.

„ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ 70 პროცენტ წილს ფლობს „პეფტერსონა ლიმითედი“ [კვიპროსი], ხოლო 30 პროცენტს – ილია ბულიჩევი [კვიპროსი]. საქსტატის მონაცემებით კი, ამ კომპანიაში 2023 წელს რუსული ინვესტიცია განხორციელდა.

რუსული პირდაპირი ინვესტიციები განხორციელდა ასევე „ეიარ-მერიდიანსში“ და „პონტუსსში“.

საქსტატის ინფორმაციით, „საქართველოში ახალრეგისტრირებული ყოველი მე-7 კომპანია არარეზიდენტის მონაწილეობით არის შექმნილი“.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზოგი სექტორის მიხედვით

ამავე თემაზე:

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები I კვარტალში $27,6 მილიონით შემცირდა – საქსტატი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: