ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი

15.06.2023 • 2255
ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი

გასულ, 2022 წელს, აჭარის ბიუჯეტიდან 56,1 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე თავიდანვე იყო დაგეგმილი.

სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ხარჯების ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ მუხლთან, სადაც აუთვისებელი დარჩა 38,7 მილიონი ლარი.

მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 38 მილიონ 5 ათას 700 ლარი.“

აუდიტის მონაცემების მიხედვით, აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან, 2022 წელს ვერ დახარჯა:

  • ბათუმის მერიამ – 27 295 800 ლარი
  • ქობულეთის მერიამ – 5 295 600 ლარი
  • ქედის მერიამ – 1 738 400 ლარი
  • შუახევის მერიამ – 1 512 300 ლარი
  • ხელვაჩაურის მერიამ – 906 200 ლარი
  • ხულოს მერიამ – 656 400 ლარი

„მოპოვებული ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ საჯარო ფინანსების მართვის ხარვეზები იწვევს ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შეუსრულებლობას/დაგვიანებით შესრულებას და ქმნის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების აუთვისებლობის პრობლემას“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტი იმ მთავარ ხარვეზებსაც ასახელებს, რის გამოც თანხის ათვისება ვერ ხერხდება. მუნიციპალიტეტების დონეზე ეს ხარვეზებია:

  • სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების დაგვიანებით დაწყება;
  • შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრა;
  • სამშენებლო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება;
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარვეზები და სხვ.

ამასთან, აუდიტის მიხედვით, „აჭარის მუნიციპალიტეტებში რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულების განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. კერძოდ, 12 პროექტში, სადაც შესრულება 12%-ს არ აღემატება, აუთვისებელი დარჩა 6 894 600 ლარი“.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „მიზანშეწონილია, ეფექტიანი მონიტორინგი განხორციელდეს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადაცემული კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარების დროულად ათვისების მიმართულებით, გამოკვლეულ იქნეს ბიუჯეტის შეუსრულებლობის კონკრეტული მიზეზები და გატარდეს ქმედითი ღონისძიებები.“

ფულს, გეგმის მიხედვით, ვერც აჭარის მთავრობა და მასზე დაქვემდებარებული უწყებები ხარჯავენ. აჭარის მთავრობამ 2022 წელს „არაფინანსური აქტივების ზრდის“ გეგმაც ვერ შეასრულა. აუდიტი აცხადებს, რომ ძირითადი მიზეზი სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში არსებული ხარვეზებია.

მაგალითად:

  • „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის“ პროგრამაში აუთვისებელი დარჩა 9 463 600 ლარი. პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო არაუგვიანეს 2022 წლის 8 ოქტომბრამდე, თუმცა მიმწოდებელმა განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო სამშენებლო სამუშაოების დასრულება.
  • „გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 4 273 500 ლარი, რაც ძირითადად დაკავშირებულია კონტრაქტორი კომპანიების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებასთან.
  • „აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირება“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 2 838 700 ლარი. გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს შეფერხებით, რაც გამოწვეულია ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ვინაიდან გაზსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს და გზის რეკონსტრუქციის პროფილის ჩამოყალიბებამდე ტექნიკურად შეუძლებელია მილსადენის მოწყობის სამუშაოების ჩატარება.
  • „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 2 343 700 ლარი, რაც განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობით.
  • „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 1 139 300 ლარი, რაც გამოწვეულია მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის, მიმდებარე დასახლებებისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგების საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებებთან.
  • ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობაში „ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის“ მიმდებარედ არსებული ბილიკების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ხოლო განმეორებით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი არ შედგა.
  • „ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 1 873 400 ლარი, რაც გამოწვეულია ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების − „ბათუმის ბულვარში სკეიტპარკის მოწყობა“, „ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სანათების შესყიდვა“, „ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის რეაბილიტაცია“ და სხვა პროექტების შეუსრულებლობით.“

აჭარის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი სახარბიელო არც 2023 წლის პირველ კვარტალში იყო. ამ პერიოდში აჭარის მთავრობამ 20 მილიონ ლარზე მეტი ვერ დახარჯა.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/480920/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: