მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

14.06.2023 • 1265
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელ, კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

შემთხვევა დღეს, 14 ივნისს, აჭარის რადიოსთან მოხდა.

როგორც კობა ფარტენაძემ განაცხადა „აჭარის ტელევიზიასთან“, ის დღეს რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს, საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა.

„გავედი და თმებში მწვდა, რამდენიმე კიბით ქვემოთ ჩამაგდო. მადლობა ღმერთს ძლიერი დაზიანება არ მიმიღია. დამემუქრა, რომ პარკში დამხვდებოდა. ვნახეთ, რომ ეს წიგნი შეიცავს მძიმე სიუჟეტებს არის ნაცისტებზე, მკვლელობაზე, მსგავსი შინაარსის წიგნია.

სავარაუდოდ, ჩემს გარეგნობასთან, ჩაცმულობასთან ჰქონდა პრობლემა. ქუჩაშიც მხვდებოდა, ჩვეულებრივად ვესალმებოდი და არასოდეს აგრესია არ ჰქონია. შეიძლება ეს იყოს ჰომოფობიურ ნიადაგზე, ან ადრე რაღაც მკითხა ქუჩაში და არ მიპასუხია“ – ამბობს კობა ფარტენაძე. მისივე თქმით, პოლიციამ პირის იდენტიფიცირება მოახდინა. კობა ფარტენაძემ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, პირს, რომელიც მას დაესხა თავს, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს.

„ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლოს კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტი. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხომ არ არის თავდასხმა დაკავშირებული ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია“ – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ქარტია ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. „ასევე, თავდასხმები შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტების მიმართ“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

_______________

ფოტო: კადრი აჭარის ტელევიზიის ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: