მთავარი,სიახლეები

ეკუთვნის მემკვიდრეობა არარეგისტრირებულ ცოლს? – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ

14.06.2023 • 8180
ეკუთვნის მემკვიდრეობა არარეგისტრირებულ ცოლს? – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 82 წლის ციალა პერტიას სარჩელი – ის 29 წელი იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბათუმში, საცხოვრებელი ბინის დატოვება მოსთხოვეს.

დავის საგანი სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც „მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება“.

ციალა პერტიას შემთხვევაში, მისი მეუღლის სამკვიდრო ქონება გადავიდა მის კანონით მემკვიდრეებზე – გარდაცვლილის დასა და ძმაზე. მემკვიდრეებმა კი მიღებული ქონება თავის მხრივ გაასხვისეს ახლო ნათესავზე, მამკვიდრებლის მეორე დისშვილზე.

ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყოლია.

ამ საქმეზე ბათუმის სასამართლომ და სააპელაციომ მიიჩნიეს, რომ ქალს მემკვიდრეობა არ ეკუთვნის, რადგან ის სამოქალაქო ქორწინებაში არ იყო. უზენაესმა სასამართლომ კი 2022 წელს მიიჩნია, რომ ციალა პერტიას სადავო ბინის ნახევარი ეკუთვნის.

ამ საქმის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელს დაასრულა, გადაწყვეტილება კი 2023 წლის 9 ივნისს მიიღო.

მოსარჩელის პოზიციით, ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცული სფერო, დღეის მდგომარეობით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის განვითარების კვალდაკვალ, განიმარტება განსხვავებულად და მოიცავს არა მხოლოდ ურთიერთობებს, რომლებიც ემყარება რეგისტრირებულ ქორწინებას, არამედ, ასევე, პირთა ფაქტობრივად თანაცხოვრებას, რომელიც შესაძლებელია, დადასტურებულ იქნეს.

„შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობისა და, მათ შორის, კანონით მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობისათვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა მხოლოდ თანაცხოვრების სამართლებრივ რეგისტრაციას, არამედ, ასევე, მჭიდრო პირადი ურთიერთობების რეალურად არსებობის ფაქტს“, – ეს მოსარჩელე ციალა პერტიას პოზიცია იყო საკონსტიტუციო სასამართლოში.

„სადავო ნორმის მოქმედებით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის, მემკვიდრეობის უფლება წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების შედეგად,“- აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

„ამგვარი რეგულაციით, შედეგობრივად განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცეული არიან ის წყვილები, ფაქტობრივი თანაცხოვრების მქონე პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ ქორწინების რეგისტრაცია. ზოგადად, ამგვარი წყვილების კატეგორიაში შესაძლებელია მოექცეს მრავალი სხვადასხვა ნიშნით გამოყოფილი პირთა ჯგუფი, რომელთა ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ გაერთიანებას არ გააჩნია ცხადი კავშირი, უშუალოდ ქორწინების რეგისტრაციის არსებობა-არარსებობასთან.

ამავე დროს, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ სადავო ნორმა შესაძლოა, განაპირობებდეს სქესის ნიშნით არაპირდაპირ დიფერენცირებას, თუ დადგინდება, რომ იგი პრაქტიკაში შედეგად იწვევს ქალთა ან მამაკაცთა მომეტებულად ცუდ მდგომარეობაში ჩაყენებას.

აღნიშნული სახეზე შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ არარეგისტრირებულ კავშირში მყოფ წყვილთაგან ქონება უმეტესად მამაკაცის ან ქალის საკუთრებას წარმოადგენს, რაც შედეგად იწვევს იმას, რომ სადავო ნორმის მოქმედებით, მასზე წვდომას კარგავენ უმეტესად ქალები ან უმეტესად მამაკაცები. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ მსგავსი სტატისტიკა წარმოდგენილი არ ყოფილა. არც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის არ არის ხელმისაწვდომი სანდო მონაცემები არარეგისტრირებულ კავშირში მყოფ წყვილთა შორის ქონების გადანაწილების შესახებ.

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ, საკუთარი ინიციატივით, გამოითხოვა ინფორმაცია გენდერის მიხედვით სეგრეგირებული სტატისტიკის შესახებ საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, 2020-2022 წლების პერიოდში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციას თითქმის თანაბრად ახორციელებდნენ ორივე სქესის წარმომადგენლები. ამდენად, ხსენებული საქმის გამოკვლევისას არ გამოკვეთილა, რომ ფორმით ნეიტრალური სადავო ნორმა, შედეგობრივად, უარეს მდგომარეობაში აყენებს რომელიმე სქესის წარმომადგენლებს.

შესაბამისად, სახეზე არ არის წინაპირობები იმის დასადგენად, რომ სადავო ნორმის მოქმედება პირთა რაიმე მყარი ნიშნით გამოყოფილ კატეგორიას, ჯგუფს რეალურად აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში სხვა თანასწორ პირებთან მიმართებით. ამდენად, სახეზე არ არის არაპირდაპირი დიფერენცირების შემთხვევა.

ქორწინების რეგისტრაცია და მის საფუძველზე მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა ადამიანებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს პირის რომელიმე კონკრეტულ ჯგუფთან კუთვნილების ნიშნით. რეგისტრაციის ფაქტი თავად არის ნიშანი, რომელიც, იმავდროულად, შესაძლებელია იდენტურად არსებობდეს სხვადასხვა პერსონალური ნიშნით იდენტიფიცირებად ჯგუფებთან მიმართებით.

ამ კუთხით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, გამოიყოფოდა პირთა ის ჯგუფი, რომელსაც პირთან ან მის ამა თუ იმ კუთვნილებასთან დაკავშირებული ნიშნიდან გამომდინარე, შესაძლოა, სახელმწიფოსგან განსხვავებულად მოპყრობის მოთხოვნა წარმოეშობოდეს. მეტიც, თავად მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მის მიერ იდენტიფიცირებული შესადარებელი ჯგუფები არიან ერთმანეთის არსებითად თანასწორი პირები მემკვიდრეობის უფლების წარმოშობასთან მიმართებით.

ამ კუთხით, სადავო ნორმიდან მომდინარე განსხვავებული შედეგები გამოწვეულია სწორედ ცვალებადი ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე და არა მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირების რაიმე კუთვნილების ნიშნიდან გამომდინარე,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამ თემაზე:

არის თუ არა მემკვიდრე არარეგისტრირებული ცოლი? – რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: