მთავარი,სიახლეები

თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან ამოვიღეთ რუსული ენა – „მაკშაურმას“ განცხადება

14.06.2023 • 2206
თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან ამოვიღეთ რუსული ენა – „მაკშაურმას“ განცხადება

„მაკშაურმა“ ფეისბუქზე გამოეხმაურა რუსულენოვანი ქვითრების საკითხს, სადაც ამბობს, რომ კომპანიის ფილიალებში ყველა ქვითარი მხოლოდ ქართულ ენაზე იბეჭდება და რომ ისინი გმობენ რუსულ აგრესიას.

კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა „მაკშაურმას“ თვითმომსახურების ჯიხურიდან ამობეჭდილი რუსულენოვანი საინფორმაციო ფურცელი.

რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – რა მოხდა ბათუმში

„ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის ცნობილია, რომ „მაკშაურმას“ ფილიალებში მომსახურება ხორციელდება და ყველა ქვითარი იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე.

შეკვეთების სწრაფად განხორციელების მიზნით 2020 წლიდან დაინერგა თვითმომსახურების ჯიხურების ფუნქციონირება, რომელიც მომხმარებელს შეკვეთის განხორციელების საშუალებას აძლევს რამდენიმე ენაზე.

იმის მიხედვით,  თუ რომელი ენა აქვს არჩეული მომხმარებელს, ჯიხური შესაბამის ენაზე უბეჭდავს შეკვეთის საინფორმაციო ფურცელს. აღნიშნულ შემთხვევაში, მომხმარებელმა შეკვეთის ენად აირჩია ერთ-ერთი – რუსული, შესაბამისად ფოტოზე ნაჩვენები საინფორმაციო ფურცელი ამოიბეჭდა ამ ენაზე.

დავაზუსტებთ, რომ ქართულ ენაზე შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში, საინფორმაციო ფურცელი იბეჭდება ქართულ, ხოლო ინგლისურად შეკვეთის შემთხვევაში – ინგლისურ ენაზე.

თვითმომსახურების აპარატებში რამდენიმე ენის ჩაშენების მიზანი იყო მიგვეცა საშუალება ჩვენი მომხმარებლებისთვის, დამოუკიდებლად განეხორციელებინათ შეკვეთა სხვადასხვა ენაზე.

ჩვენი კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე, ქართული ენა არის და იქნება ერთადერთი მომსახურების ენა, ნებისმიერი ჩეკი კომპანიაში იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე და მისი ჩანაცვლება არასდროს მომხდარა და არც მოხდება.

მაკშაურმა არის ქართული, ეროვნული პროდუქტი და ის ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება რუსულ ოკუპაციას.

ვწუხვართ იმის გამო, რომ რუსულ ენაზე დაბეჭდილმა საინფორმაციო ფურცელმა საზოგადოებას გაუჩინა ნეგატიური დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ, ყველა თვითმომსახურების ჯიხურიდან სრულიად ამოვიღეთ რუსული ენა. ჩვენ ვგმობთ რუსულ აგრესიას“, – წერს „მაკშაურმა“.

___

რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – 13 ივნისს, სოციალურ ქსელში ბათუმში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რამაც მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: