მთავარი,სიახლეები

„თუ ქოცი ხარ და მეხოტბე, დაგაფინანსებენ“ – რეჟისორის თქმით, ბათუმის მერია ფესტივალს ხურავს

14.06.2023 • 2023
„თუ ქოცი ხარ და მეხოტბე, დაგაფინანსებენ“ – რეჟისორის თქმით, ბათუმის მერია ფესტივალს ხურავს

დღეს, 14 ივნისს, რეჟისორ ოთარ ქათამაძეს ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ „დაფინანსება არ იქნება“ მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალისთვის, რომელიც ბათუმში უკვე 9 წელია ტარდება და ყოველწლიურად ბათუმის მერია აფინანსებდა.

„წელს ადრე შევიტანეთ დაფინანსებაზე განაცხადი, რადგან ყველას გვახსოვს – რაც მოხდა გასულ წელს, როცა შემოდგომაზე გასამართ ფესტივალებს, მათ შორის BIAFF-ს, გვითხრეს, ფული აღარ გვაქვს და პირველ ნაკადზე დავხარჯეთ ყველაფერიო. ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება,“ – აღნიშნავს „ბათუმელებთან“ რეჟისორი ოთარ ქათამაძე.

„წელს კი, ბათუმის მერიაში ჯერ მითხრეს, რომ ბიუჯეტი უნდა გამენახევრებინა, კორექტირებული ბიუჯეტი – დაახლოებით 20 ათასი ლარზე, ხელახლა შევიტანე მერიაში. წერილობით საბოლოო პასუხი ჯერ არ ჩამბარებია, რის გამო აღარ აპირებენ ფესტივალის დაფინანსებას.

გასულ წელს დაფინანსების ნაწილი აჭარის კულტურის სამინისტრომ მოგვცა, მაგრამ წელს აღარ აქვს აზრი მიმართვას. ვის უნდა მივმართო? კარგად გამოჩნდა, რომ ესენი განიხილავენ არა პროექტებს, არამედ შენ, პერსონალურად: ვინ ხარ? ქოცი ხარ? მეხოტბე ხარ? მაშინ დაგაფინანსებენ.

თვლიან, რომ მერია არის ქოცების მერია, ან სამინისტრო ქოცების სამინისტროა, არადა კრიტიკულად განწყობილი ხალხისგანაც რომ ივსება ბიუჯეტი და არავის რომ არ აქვს უფლება, ვინმემ მიითვისოს ეს ბიუჯეტი?“ – კითხულობს ოთარ ქათამაძე.

მონოდრამის ფესტივალის ავტორი, BIAFF-ის ორგანიზატორების მსგავსად, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მისი კრიტიკული შეხედულებების გამო დატოვეს დაფინანსების გარეშე. BIAFF-ის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის მერია არც წელს აპირებს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ფესტივალის დაფინანსებას.

„ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია მერიიდან, თუმცა გვითხრეს, რომ არ იქნება დაფინანსება.

პასუხი მივიღეთ აჭარის კულტურის სამინისტროსგან, რომ BIAFF ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და ვერ მივიღებთ დაფინანსებას,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი.

ოთარ ქათამაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება „ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების „დასჯას“ უკავშირდება – მაგალითად, 2022 წლის შემოდგომაზე ოთარ ქათამაძემ გააპროტესტა „ქართული ოცნებიდან“ ბათუმის დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად გადასული ნუკრი ქანთარიას გადაწყვეტილება: დაედგათ სახოტბო სპექტაკლი სტალინზე.

სტალინზე სახოტბო სპექტაკლის სამზადისი ბათუმის დრამატულ თეატრში უკვე დაწყებულია – მიმდინარეობს რეპეტიციები, პარალელურად კი, სახელმწიფო უწყებები ერთმანეთის მიყოლებით დაფინანსებას უწყვეტენ ფესტივალებს, რომლის ავტორები თუ ორგანიზატორები „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ.

„სხვაგვარად გაუგებარია, რატომ შეიძლება აღარ დააფინანსო ფესტივალი, რომელიც უკვე 10 წელია ტარდება?“ – კითხულობს ოთარ ქათამაძე. – „ძალიან ბევრი წარმატება გვქონდა: დაახლოებით 70 პიესაა შექმნილი მხოლოდ ამ ფესტივალისთვის. ჩვენ ვითხოვდით დაუდგმელ, გამოუქვეყნებელ სპექტაკლებს, რეჟისორებს და ფესტივალსაც ბევრი ჯილდო აქვთ მიღებული.

არაერთხელ შემოუთვლიათ და პირადადაც უთქვამთ: გაჩერდი, ნუ აქტიურობ. ვერ დავასახელებ ვინ, მაგრამ ამ ქალაქში ყველა ყველას იცნობს – თანამდებობის პირსაც უთქვამს ქუჩაში: პრობლემაა შენი პოლიტიკური შეხედულებები, თორემ ახალგაზრდებში შენზე უკეთესი რეჟისორი ვინ არის ბათუმშიო.

თეატრიდანაც თუ გამაგდებენ, ეს არის, არც ეს გამიკვირდება, ისე მიდის მოვლენები, მაგრამ ვერ გამაჩუმებენ. ესენი ამ თანამდებობებზე დღეს არიან, ხვალ აღარ იქნებიან,“ – ამბობს ოთარ ქათამაძე.

რა მოდელი დაამყარა თეა წულუკიანის პოლიტიკამ კულტურაში? – ვეკითხებით რეჟისორს.

„ეს იგივე საბჭოთა კავშირია. დაამატეთ გადასახლებები და ვეღარ ვნახავთ სხვაობას.

ვფიქრობ, ეს მალე დასრულდება, რადგან ყველა გრძნობს უკვე, სადაც ვართ. ეს აგონიის მდგომარეობაა, როცა წულუკიანი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ მეხოტბეები უნდა შემოიკრიბოს. ეს ანგრევს არამხოლოდ კულტურას, არამედ მთლიანად სამოქალაქო კულტურას, სახელმწიფოს“,- ასკვნის ოთარ ქათამაძე.

რატომ აღარ დაფინანსდა წელს მონოდრამის ფესტივალი ბათუმში და რა ფესტივალები დაფინანსდა? – კითხვით ბათუმის მერიის პრესცენტრს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

„ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას არც ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაშმა უპასუხა. კულტურის მიმართულებას ბათუმის მერიაში სწორედ ყოფილი მომღერალი ხელმძღვანელობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: