ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის 40 სოფელში წყლისა და კანალიზაციის სისტემას მოაწყობენ – ტენდერი

14.06.2023 • 1458
აჭარის 40 სოფელში წყლისა და კანალიზაციის სისტემას მოაწყობენ – ტენდერი

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობს, აქედან ოთხი კომპანია უცხოურია.

„კომპანიებმა წარმოადგინეს ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე გახსნილია მხოლოდ ტექნიკური და მიმდინარეობს შეფასება, რასაც, ალბათ, ორი-სამი კვირა მაინც დასჭირდება. შემდეგი ეტაპი იქნება ფინანსური დოკუმენტაციის გახსნა. გაიხსნება იმ კომპანიების წინადადებები, რომელთა ტექნიკური მონაცემები დააკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ფინანსური წინადადებების განხილვის შემდეგ გამოჩნდება, დავიწყებთ თუ არა ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკების პროცესს“, – გვითხრეს „აჭარის წყლის ალიანსში“.

აჭარის სოფლებში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი „აჭარის წყლის ალიანსს“ ხელახლა ჰქონდა გამოცხადებული, სადაც წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 30 მაისი იყო, თუმცა, ეს ვადა 13 ივნისამდე გადაწიეს.

წინა ტენდერი, რომელიც 2022 წელს იყო გამოცხადებული, ჩავარდა. ტენდერი უფრო ადრეც იყო გამოცხადებული, თუმცა, როგორც ალიანსში განმარტეს, „ძირითადად პანდემიის გამო არ შედგა“.

  • სოფლების და დაბების ჩამონათვალი, სადაც უშუალოდ ქსელის მშენებლობისთვის 37 მილიონზე მეტი ევრო უნდა დაიხარჯოს, ნახეთ ამ ბმულზე

აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი [KfW] და ევროკავშირი. ამჟამინდელი გათვლებით, პროექტისთვის მთლიანობაში 68 მილიონი ევროა საჭირო. პროექტს სახელმწიფო კომპანია „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს.

ამ 68 მილიონი ევროდან: 40 მილიონი ევრო სესხია, 10 მილიონი ევრო – გრანტი, ხოლო 18 მილიონი ევრო ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, 2022 წელს, დონორების დაფინანსებული პროექტების დაბალი ათვისებისთვის, საქართველოს 2.4 მილიონი ლარის გადახდა მოუწია. ამ პროექტებს შორისაა აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამაც.

აუდიტის მიხედვით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2022 წელს უნდა დახარჯულიყო 23 მილიონი ლარი, დაიხარჯა 3 588 000 ლარი, ხოლო ვალდებულების გადასახადის სახით გადახდილი იქნა 279 ათასი ლარი.


იმ სოფლებში, სადაც საკანალიზაციო სისტემები პროექტის ფარგლებში „აჭარის წყლის ალიანსმა“ უნდა მოაწყოს, დაგეგმილია ინდივიდუალური და კომუნალური ტიპის სეპტიკური ავზების მშენებლობა.

საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად დაგეგმილია ასევე რამდენიმე ხელოვნური ჭაობის აშენებაც. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული.

ამ ეტაპზე მომზადებული დოკუმენტების მიხედვით, ხელოვნური ჭაობების მშენებლობა იგეგმება დაბა ხულოში, შუახევში [2 „ჭაობი“] და ოჩხამურში [5 „ჭაობი“]. რაც შეეხება დაბა ქედას, აქ „ჭაობის“ ნაცვლად, აშენდება სხვა ტიპის გამწმენდი ნაგებობა – დისკური ბიოფილტრები.

ამ თემაზე ვრცლად:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: