მთავარი,სიახლეები

რა ტენდერებს იგებს ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია – TI-ის კვლევა კორუფციაზე

14.06.2023 • 3006
რა ტენდერებს იგებს ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია – TI-ის კვლევა კორუფციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი“ 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1 869 747 ლარი აქვს მიღებული.

ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა.

აკაკი ბერიძის ერთი ძმა, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის არჩეული მერია.

მათი კიდევ ერთი ძმა რაულ ბერიძე კი გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე.

„ესია ჯგუფი“ ქედის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და მნიშვნელოვან შემოსავალს აქედან იღებს.

ქვეკონტრაქტორი კომპანია ტენდერებით გათვალისწინებული თანხის თითქმის 100% იღებს, რაც კორუფციულ გარიგებებზე მიანიშნებს.

ჯერი იყო შპს „რბ – ახალი გზა“ შემდეგ კი შპს „ესია ჯგუფამდე“

აკაკი ბერიძე ბათუმის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუნიციპალური იურიდიული პირის, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელია. მანამდე იგი შპს „რბ – ახალი გზის“ 33% მფლობელი და დირექტორი იყო.

მასთან ერთად, კომპანიის მეწილეები იყვნენ ირაკლი აზნაურიშვილი (34%) და ვალერი ადონია (33%). 2017 წელს აკაკი ბერიძე კომპანიის დირექტორობიდან გადადგა, საკუთარი წილი 100 ლარად გაყიდა. შემდეგ ინჟინრად მუშაობდა კომპანია „ანაგში“ და აჭარის მთავრობის კუთვნილ შპს „აჭარის მყარი ნარჩენების მართვის“ კომპანიაში. 2021 წელს კი ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ჯერ დირექტორის მოადგილედ, დეკემბრიდან კი დირექტორად დანიშნეს.

ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა „ესია ჯგუფი“ 2018 წლის ივნისში დააფუძნა. შპს „ესია ჯგუფი“ და შპს „რბ-ახალი გზა“ ერთსა და იმავე მისამართზე, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის #21 ბ.4-შია რეგისტრირებული.

TI-ის ინფორმაციით, „ესია ჯგუფმა“ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. მაშინ როლანდ ბერიძე, აკაკი ბერიძის ძმა, ქედის მერის მოადგილე იყო. კომპანიამ ქვეკონტრაქტორობის პირველი ხელშეკრულება იმავე წლის ივლისში მიიღო.

„მაშინ კომპანიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გალ-მშენის“ მიერ აღებული სამუშაოების მოცულობის 95% შეასრულა.

ქედის მუნიციპალიტეტის ტენდერებში გამარჯვებული სხვა კომპანიებიც ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულებებს „ესია ჯგუფს“ იმ თანხაზე უფორმებდნენ, რაც მცირედით ჩამოუვარდებოდა ძირითად სატენდერო თანხას.

აღნიშნული სქემა, შესაძლოა, კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს“, – ამბობს TI-ი.

„აღსანიშნავია ერთი გარემოება: ქედის მერიამ მოგვწერა, რომ მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ ტენდერში (NAT210012760) გამარჯვებულ „იბერია-ჯ“-ს ქვეკონტრაქტორად „ესია ჯგუფი“ არ დაუქირავებია.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს „ესია ჯგუფის“ მიერ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული გამოცდილების დამადასტურებელი ჩამონათვალი და ამავე კომპანიასთან გაფორმებული ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულება.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქედის მუნიციპალიტეტმა ინფორმაცია მერის ძმის ყოფილ ბიზნესპარტნიორის კომპანიის ქვეკონტრაქტორობაზე საგანგებოდ არ მოგვაწოდა, რაც ეჭვებს კორუფციულ გარიგებებზე აღრმავებს“, – წერს TI.

მათივე ინფორმაციით, „ესია ჯგუფმა“ უმთავრესად ქვეკონტრაქტორობის საქმიანობით, აგრეთვე ცალკეული კერძო დაკვეთით („ამბასადორი გოდერძიმ“ ბეტონის კედლის მოსაწყობად და გზის სარეაბილიტაციოდ „ესია ჯგუფს” 625 000 ლარზე მეტი მისცა) დააგროვა სათანადო გამოცდილება და ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა.

„ესია ჯგუფმა“ უკონკურენტოდ, ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე გაიმარჯვა და ქედის მერიასთან ხელშეკრულება 157 730 ლარზე გააფორმა“.

„ესია ჯგუფის“ ქვეკონტრაქტორობის სხვა მაგალითები

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მსგავსად, აჭარის მთავრობის კუთვნილმა „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამაც“ არ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, ჰყავდა თუ არა ქვეკონტრაქტორი  შუახევის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას. ეს ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო „გლობალ სტანდარტმშენმა“.

„ესია ჯგუფმა“ თავად დაადასტურა საკუთარ Facebook გვერდზე, რომ ამ ტენდერში იყო ქვეკონტრაქტორი

ამავე წყაროს ცნობით, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ „ესია ჯგუფმა“ 1 206 955 ლარის ქვეკონტრაქტი მიიღო დაბა ჩაქვში რაგბის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობიდან.

ამ ობიექტის მშენებლობის ტენდერში, ასევე, შპს „გლობალ სტანდარტმშენმა“ გაიმარჯვა.

მართვის კომპანიის ინფორმაციით, ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ სამუშაოების მოცულობის 27,8% შეასრულა. „თავად „გლობალ სტანდარტმშენმა” ამ ტენდერშიც უკონკურენტოდ გაიმარჯვა“.

TI – ის განმარტებით, არცერთი ხელშეკრულება არ ავალდებულებს „გლობალ სტანდარტმშენს“, შეატყობინოს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ, რაც თავისთავად არასწორი პრაქტიკაა.

„გაუგებარია, თუ რით იხელმძღვანელა აჭარის მთავრობის კუთვნილმა შპს-მ, როცა შუახევის სტადიონის მშენებელ კომპანიას არ მოსთხოვა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების შესახებ შეტყობინება.

ამ ინფორმაციის გასაჯაროება რამდენიმე ასეული ათასი ლარით გაზრდის „ესია ჯგუფის” ქვეკონტრაქტორობის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება აღწერილ სახელმწიფო შესყიდვებში სავარაუდო კორუფციის გამოსავლენად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: