განათლება,მთავარი,სიახლეები

„სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა, ნიშნავს გაწირო ბავშვები ძალადობისთვის“

13.06.2023 • 1929
„სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა, ნიშნავს გაწირო ბავშვები ძალადობისთვის“

ევროპის რეგიონში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოზარდებს შორის შობადობის და აბორტის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი და საქართველო, „სადაც არ არსებობს სავალდებულო ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების პროგრამები“.

ამ ქვეყნებში ასევე ძალიან მაღალია ბავშვებზე კიბერსექსუალური ძალადობის რისკები და შემთხვევები. სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვაზე საქართველოს მთავრობას ევროპის ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც მიუთითეს, მიუთითა გაერომაც.

მმართველი პარტია კი უარს ამბობს და მტრულ რიტორიკას ინარჩუნეს. სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა ნიშნავს გაწირო ბავშვები, განსაკუთრებით კი შშმ გოგოები სქესობრივი ძალადობისთვის“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

„ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, გამოძიება დაიწყო შშმ გოგონებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის და ვიდეოკადრების გავრცელების საქმეზე. მუქარის ბრალდებით დააკავეს ერთი პირი, საქმეზე ისევ მიმდინარეობს გამოძიება.

შშმ ბავშვები და სქესობრივი დანაშაული

დალი თავართქილაძე ორი სრულწლოვანი შშმ ქალის დედაა. ისინი დაბა ხულოში ცხოვრობენ. უფროსი შვილი 29 წლისაა, უმცროსი კი 20 წლის. უსინათლო ქალებს ძირითადად სახლში უწევთ ყოფნა, რადგან გარემო მათთვის არაინკლუზიურია.

როგორც დალი გვიყვება, ხულოში შშმ ბავშვების განვითარებისთვის არანაირი პირობა არ არის შექმნილი, რომ მიიღონ სრულყოფილი განათლება და დასაქმდნენ. ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი ადაპტირებულ წიგნებზე, ტექნიკაზე. შესაბამისად, მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაზეც ნაკლებად აქვთ წვდომა.

„დღეს ძალიან აქტუალური გახდა ინტერნეტ სივრცეში ბავშვთა მიმართ სექსუალური დანაშაულების და სექსუალური ძალადობის თემა. სტატიაც წავიკითხე ამის შესახებ, რომ შშმ გოგოები შესაძლოა ადვილად გახდნენ ძალადობის მსხვერპლი.

მართალია, ჩემ შვილებს არ ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მე ყველა ბავშვს ვგულშემატკივრობ და მინდა, რომ ისინი დაცული იყვნენ ამ საფრთხეებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილები უკვე ზრდასრულები არიან, მაინც არავინ ვართ დაზღვეული“.

მე მაგალითად მირჩევნია, რომ სქესობრივ განათლებაზე და სექსუალურ ძალადობაზე სპეციალისტი ესაუბროს ბავშვებს, რადგან შეიძლება მე ისე ვერ ავუხსნა, როგორც საჭიროა.

თუ ვინმე გადამამზადებს, როგორ ვესაუბრო მათ ამ საკითხებზე, არც ამაზე ვიტყვი უარს. თუმცა, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არასდროს მქონია“, – ამბობს დალი თავართქილაძე.

დალი თავართქილაძე/შშმ გოგოების დედა

მისი თქმით, პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ შშმ ბავშვები სოფლებში მოწყვეტილი არიან განვითარების შესაძლებლობებს.

„მე მცირე მეწარმე ვარ და მთელი დღე გამოსული ვარ სახლიდან. ამიტომ გოგონებს ძირითადად ინტერნეტით უწევთ გარემოსთან ურთიერთობა და რისკები ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს.

ვწუხვარ იმის გამო, რომ ჩემ გოგონებს ვერ მივეცი სათანადო განათლება, რადგან ხულოში არ არსებობს ინკლუზიური კლასები. არც კოლეჯია, რომ პროფესიული განათლება მიიღონ.

პატარა გოგონა ძალიან ნიჭიერია, თუმცა ვერც მას ვაძლევ განათლებას. მოვახერხე და ცხრა კლასი დავასრულებინე, თუმცა ეს არ არის საკმარისი. არც განათლებით ვარ კმაყოფილი“, – ამბობს დალი.

მისი თქმით, უსინათლო გოგონებს სახელმწიფომ უნდა მისცეს ადაპტირებულ რესურსებზე წვდომა, რომ მათ შეძლონ საჭირო ინფორმაციის მიღება კომპეტენტური ადამიანებისგან. „უსინათლოთა კავშირმა ადაპტირებული ტელეფონი გამოუგზავნა უმცროს გოგონას, უნდა ამოსულიყვნენ და ესწავლებინათ გამოყენება, მაგრამ თითქმის ორი წელი გავიდა და ისევ თაროზეა შემოდებული ეს ტელეფონი, ვერ სარგებლობს.

შშმ შვილების მშობლებს ბევრ რამეზე გვიწევს ფიქრი, მათ შორის იმაზე, როგორ დაიცვა შვილი სქესობრივი ძალადობისგან, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს შემთხვევებში და ვის უნდა მიმართონ.

რაღაც რომ არ აქვთ, ჩემ თავს ვადანაშაულებ ხოლმე „ალბათ ცუდი დედა ვართ-მეთქი“, მაგრამ ასეც არ არის. ყოველთვის ვცდილობ მათ საჭიროებებს გავწვდე, მაგრამ არის საკითხები, რაშიც გვჭირდება გაძლიერება და სახელმწიფოს დახმარება. ასეთი საკითხია, ახალგაზრდებისთვის სქესობრივი განათლების მიცემა“ – გვეუბნება დალი თავართქილაძე.

ნატალი დავითაძეც შშმ გოგონას მშობელია. მისი თქმით, მცირე გამოკვლევაც რომ ჩავატაროთ თემში, მაშინვე დავინახავთ, თუ რამდენად საჭიროა სქესობრივ განათლებაზე მათი ინფორმირება.

ნატალი დავითაძე, შშმ გოგონას დედა

„როცა გავიგე შშმ გოგონებზე სექსუალური ძალადობის შესახებ, ძალიან შევშფოთდი. ვიფიქრე, ხომ შეიძლება ერთ-ერთი ჩემი შვილი ყოფილიყო? მიუხედავად იმისა, რომ ჩემ შვილს ძალიან ვუფრთხილდები, მაინც არავინ ვართ დაზღვეული.

ზოგადად, სქესობრივი განათლების მხრივ ძალიან რთული მდგომარეობაა არათუ ახალგაზრდებში, ზრდასრულებსაც კი არ აქვთ სათანადო ცოდნა, რომ ბავშვები დაიცვან“, – მიიჩნევს ნატალი.

მისი თქმით, ბევრმა შშმ გოგონამ და ბიჭმა არც კი იცის, რა არის სქესობრივი ძალადობა.

„პრობლემაა ის, რომ იშვიათად ხდება ამ საკითხებზე ახალგაზრდებთან საუბარი და როცა ტარდება ვთქვათ ტრენინგები, მაგალითად სმენისარმქონეებს თუ ესაუბრები აქ პრობლემას ქმნის ის, რომ ყველა ახალგაზრდას არ შეუძლია ბოლომდე გაგება მიღებული ინფორმაციის.

თარგმნის დროს იკარგება ჟესტები, შეიძლება თარჯიმანს გამოეპაროს რაღაც, ჟესტურ ენაზე საუბრისას თვალით კონტაქტი უნდა დაამყაროს ხომ მსმენელებთან, ვიღაც ტელეფონზე გადაერთო, ვიღაცამ ჟესტი ვერ გაიგო… სამწუხაროდ, ყველა ჟესტიც კი არ იციან, ამიტომ ვერ იგებენ ბოლომდე მიწოდებულ ინფორმაციას“, – ამბობს ნატალი.

მისი აზრით, შშმ ბავშვებთან და მოზარდებთან სქესობრივი განვითარების თემაზე უნდა საუბრობდნენ კვალიფიციური ადამიანები ხშირად, ასევე კონკრეტული თემის სპეციფიკიდან გამომდინარე.

„ძალიან რთულია ის, რომ ბევრმა მშობელმა არ იცის ჟესტური ენა და ვერ ესაუბრება შვილს. ძალადობის მსხვერპლი რომ იყოს, ან სჭირდებოდეს რაიმეს ახსნა, ვერ დაელაპარაკება მშობელს. საბედნიეროდ, მე და ჩემ შვილს ჩვენივე გამოგონილი ჟესტები გვაქვს და ასე ვცდილობ სრულყოფილად მივაწოდო ინფორმაცია.

თუმცა ბოლომდე არც მე გამომდის და ახლა წარმოიდგინეთ ის მშობლები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ენა ან არ აქვთ მზაობა, რომ ესაუბრონ შვილს სექსუალური ძალადობის საფრთხეებზე.

უარესიც ხდება, არიან მშობლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სქესობრივი საკითხები ტაბუირებული თემაა და არ უნდა ესაუბრონ ამაზე შვილებს. 21-ე საუკუნეში ვერ იქნება ეს საკითხი გასაიდუმლოებული, ამიტომ სწორი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია“, – მიიჩნევს ნატალი დავითაძე.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკა წლების მიხედვით/ წყარო: PHR

მისი თქმით, შშმ ბავშვების მშობლები ინფორმირებული არიან ძალადობის ფაქტებზე, თუმცა ხშირად ისინი დუმილს ამჯობინებენ, ვიდრე ბრძოლას.

„არ ვიცი, რატომ ხდება ასე. შესაძლოა იმიტომ, რომ თვითონ ასე გაიზარდნენ, ასე ასწავლეს მშობლებმა. ზოგს შესაძლოა იმიტომ არ აინტერესებს, რომ თავისი გასაჭირი აქვს – ლუკმაპურისთვის იბრძვის და დრო აღარ რჩებათ ამაზე ფიქრისთვის. თუმცა ახალგაზრდა მშობლებში უკვე შეცვლილია ეს დამოკიდებულება: ბევრი ფიქრობს, რომ სქესობრივი განათლების მიღება ბავშვებისთვის აუცილებელია“, – გვეუბნება ნატალი.

ნატალია მიიჩნევს, რომ როგორც მშობლის, ასევე ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

„განსაკუთრებით იმ მშობლებზე, ვისაც ჰყავს შშმ ბავშვები და არ აქვთ წვდომა ამ ბავშვებს მათთვის საჭირო ინფორმაციაზე. ინკლუზიური სპეციალისტები მუდმივად დეფიციტია ქვეყანაში, არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, თუმცა ვერ ფარავენ ყველა საჭიროებას, ამიტომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ეს კომპონენტი.

კითხვა მაქვს სახელმწიფოსთან იმაზეც, თუ რატომ არ ასწავლიან ჟესტურ ენას? ადრე ბევრი სტუდენტი იყო მსურველი. ვფიქრობ, როგორც უცხო ენა ისწავლება, ასე უნდა ასწავლონ ჟესტური ენაც“, – ამბობს ნატალი დავითაძე.

ესმა გუმბერიძეც შშმ პირია და გოგოების სქესობრივი განათლების საჭიროებაზე მასაც ვესაუბრეთ.

ესმა გუმბერიძე

„მე პირადად, პატარა ასაკში რაც ვიცოდი ის იყო, რომ უცხოებს არსად არ უნდა გავყოლოდი, არაფერი გამომერთვა მათთვის, კარი არ უნდა გამეღო, როცა მარტო ვიყავი და ასე შემდეგ.

მშობლები მასწავლიდნენ, რომ არც ნათესავებში უნდა წავსულიყავი გაფრთხილების გარეშე. მეტი არაფერი ვიცოდი შესაძლო საფრთხეებზე.

მეც მსმენია, რომ შშმ ქალები პროსტიტუციაშიც ჰყავთ ჩართული და, რა თქმა უნდა, არსებობს გოგოებზე სექსუალური ძალადობის საფრთხეც“, – ამბობს ესმა.

მისი აზრით, პრობლემაა ისიც, რომ სპეციალიზებულ სკოლებშიც კი შშმ ბავშვებს სათანადოდ არ ასწავლიან წერა-კითხვას, ხშირად არც ჟესტურ ენას, რომ შეძლონ სპეციალურ ჯგუფებში გაწევრიანება და მათთვის საჭირო საკითხებზე ცოდნის მიღება.

„სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე განათლება აუცილებელია. არც მე მისწავლია სკოლაში მსგავსი არაფერი და სექსუალურ ძალადობაზე მით უმეტეს, არავის უსაუბრია.

ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, მეხუთე კლასში ვიყავი, როცა რომელიღაც ორგანიზაციამ ჩაგვიტარა ლექცია, თუმცა მაშინ რამდენად სერიოზულად აღვიქვით ეს საკითხი ვერ გეტყვით.

სახლში არ გვისაუბრია ძალადობის თემებზე. შემდეგ, მოზარდობის ასაკში თანატოლებისგან მომისმენია ამ საკითხზე და როცა მე თვითონ გავხდი ტრენერი, სასწავლო მასალებიდან გავიგე ბევრი რამე“, – გვეუბნება ესმა.

მისი თქმით, ზოგადად, ჩვენ კულტურაში არ ასწავლიან სიფრთხილეს – ბავშვებს ეუბნებიან, რომ უფროსს უნდა ჩაეხუტონ, მიესალმონ და ასე შემდეგ, რაც ასევე საყურადღებოა.

ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, შშმ ბავშვების აქტიური უფლებადამცველია. მისი თქმით, სექსუალური ძალადობის არაერთ საქმესთან ჰქონია შეხება, უმეტესად არის გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება და ასევე ონლაინ სექსუალური ძალადობა. ანა ამბობს, რომ ეს უკანასკნელი, სტიქიურადაა გავრცელებული.

„დავიწყოთ ონლაინ ნაწილიდან – არაინკლუზიური გარემოს გამო შშმ გოგოებს, ქალებს, კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ, ამიტომ ამის საკომპენსაციოდ აქტიურად იყენებენ ონლაინ არხებს. სამწუხაროდ, გოგოები ხდებიან ონლაინსქესობრივი ძალადობის მსხვერპლი“-ამბობს ანა.

ონლაინსივრცეში სქესობრივი ძალადობა გამოიხატება ე.წ. გრუმინგით (Grooming), რომელიც გულისხმობს იძულებას ონლაინ შეხვედრაზე, რა დროსაც ხდება სქესობრივი ძალადობა.

„მოტყუებით ონლაინ ურთიერთობა, ეს არის გრუმინგი. ამ დროს ხდება სექსუალური ურთიერთობის იძულება უმეტესად ზრდასრული კაცების მხრიდან არასრულწლოვან შშმ გოგოებზე.

ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ძალით მოპოვება ონლაინში, შემდეგ ჩამოტვირთვა, შენახვა და დაშანტაჟება, ამ კადრების გავრცელებით ან გავრცელება.

ყველაფერი, რაც ეხება პირად ცხოვრებას, აქვს სქესობრივი ხასიათი და პორნოგრაფიის შინაარსი, არის დანაშაულის შემადგენლობა. ამ გოგოებმა და ქალებმა, სამწუხაროდ, ეს არ იციან – უჭირთ ჯერ უარის თქმა, შემდეგ კი ამის დასრულება ან დახმარების თხოვნა სხვებისთვის“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, არაერთ საქმესთან ჰქონია შეხება, როცა სექსუალურად ძალადობდა ოჯახის ახლობელი, ნაცნობი – დაწყებული გაუპატიურებიდან, დასრულებული გარყვნილი ქმედებით, რომელიც წლები გრძელდებოდა.

„ხშირად ისიც არ იციან არასრულწლოვნებმა, რომ როცა სრულწლოვანი კაცი ცდილობს ამის გაკეთებას, ეს ძალიან მძიმე ფორმის დანაშაულია და ვერავის პოულობენ, რომ დასახმარებლად მიმართონ მანამდე, სანამ არ დამძიმდება საქმე – მუქარები, შანტაჟი, რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება მოძალადის მხრიდან“, – გვეუბნება ანა.

მას მიაჩნია, რომ ამ საკითხზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რადგან ის ბლოკავს სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვას.

„დანერგვის ნაცვლად ბლოკავენ ამ კომპონენტს. მმართველი პარტიის რიტორიკა ამ საკითხში არის ულტრამემარჯვენე და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო.

ასეთ პირობებში აბსურდია, განათლების სამინისტროს რაიმე გადაწყვეტილება მოვთხოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც კარგად იაზრებენ ამის საჭიროებას და მზაობაც აქვთ, რომ ეს კომპონენტი დანერგონ სკოლებში. ეს თემა იბლოკება ზემოდან – იქ, სადაც იგეგმება მმართველი პარტიის გზავნილები და მესიჯები. ამიტომაც პასუხისმგებლობაც მთლიანად ამ პოლიტიკურ გუნდზეა“, – მიიჩნევს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც მიუთითეს, ასევე მიუთითა გაერომ, [შშმ პირთა კომიტეტის ანგარიშის და ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის ანგარიში], რომ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს სქესობრივი განათლება, მთავრობა ამ მითითებას მაინც არ ასრულებს.

„არაერთხელ უთხრეს, რომ სქესობრივ განათლებაზე უარის თქმა, ნიშნავს გაწირო ბავშვები, განსაკუთრებით კი შშმ გოგოები სქესობრივი ძალადობისთვის.

ხელისუფლება მაინც იყენებს მტრულ რიტორიკას და მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, რომ თითქოს სკოლებში ექიმის საათის დანერგვით მოაგვარებს ამ პრობლემას.

ექიმის საათი ჯერ მხოლოდ რამდენიმე სკოლაში დაინერგა და ესეც წელიწადში ნახევარი საათი, სადაც შეიძლება ესაუბრონ ძალადობაზე და ეს არანაირი სქესობრივი განათლება არ არის. თუმცა შშმ ბავშვებისთვის ესეც არ დანერგილა“, – გვეუბნება ანა.

ის, რომ ბავშვს ასწავლო არავის გაუგზავნოს საკუთარი ფოტო, ეს ვერანაირად ვერ იქნება ბავშვის წინააღმდეგ მიმართული, ამით მხოლოდ ბავშვებს დავიცავთ. ამის შემადგენელია სქესობრივი და რეპროდუქციული განათლებაც, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის მმართველი პარტია.

ანა საუბრობს იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც სწორედ ამ ტიპის განათლების არარსებობა წარმოშობს. საუბარია აბორტების და ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაზე არასრულწლოვნებში.

კვლევა, რომელიც 2022 წელს გამოაქვეყნა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს კრიტიკულ მიმოხილვას საქართველოში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, სადაც ასევე შესულია მძიმე მონაცემები ბავშვთა ასაკში აბორტების და მშობიარობის შესახებ.

ამ კვლევის მიხედვით, 2018-2021 წლებში საქართველოში ბავშვებს შორის 454 აბორტი და 2 564 მშობიარობა დაფიქსირდა. 2018 წლის „დაგეგმილი მშობლობის საერთაშორისო ფედერაციის ევროპული ქსელის “ანგარიშის (სახელწოდებით „სექსუალური განათლება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“) მიხედვით, მოზარდებს შორის შობადობა საქართველოში ყველაზე მაღალია (51.5) ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

მაგალითად, 2015 წლის მონაცემით, საქართველოში 15-19 წლის ასაკში ათასმა გოგონამ იმშობიარა. რაც ყველაზე მაღალია ყველა შესწავლილ ქვეყანას შორის.

ევროპის რეგიონში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ მოზარდებს შორის შობადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი და საქართველო, „სადაც არ არსებობს სავალდებულო ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების პროგრამები.

არასრულწლოვან გოგონებს შორის აბორტებისა და მშობიარობის მაღალი მაჩვენებელი დიდწილად სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია კვლევაში.

ამ ანგარიშის მიხედვით, ბავშვები არაფორმალური არხებით, მათ შორის სოციალური მედიისა და თანატოლების მეშვეობით, იღებენ ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ამ ინფორმაციის მოძიებისას ისინი აწყდებიან კიბერსექსუალური ძალადობისა და არასათანადო მიზნებით მათი ნდობის მოპოვების გაზრდილ რისკებს.

„მახსენდება ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც მოსამართლეებს მოუყვა, რომ როცა თავის კლასელებს ეკითხებოდა, მათაც ეხება თუ არა მამა ინტიმურ ადგილებში, ამის გამო დაკარგა მეგობრები. არაფერი იცოდა, ვერავის სთხოვა დახმარება.

წარმოიდგინეთ, როგორი უმწეოები არიან ბავშვები და შშმ ბავშვები, როგორი სასოწარკვეთილია ბავშვი, როცა კლასელს ეკითხება, „მამა შენც ამას გიკეთებს?“ როგორი დეფიციტი აქვთ ინფორმაციის, რომ ერთმანეთს უსვამენ მსგავს კითხვებს“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, ეს ბავშვი ყველგან დახმარებას ეძებდა, მაგრამ არც კლასელმა, არც მასწავლებელმა არ იცოდა, როგორ დახმარებოდა.

„შშმ პირებზე ძალადობა, გაუპატიურება ხშირად წლები გრძელდება. ყველა ჩუმად არის. ბავშვი როცა ხვდება, რომ მასზე ძალადობენ, უკვე ძალიან გვიანია. გაუპატიურებას ემატება მუქარა სიცოცხლის მოსპობით, დედის სიცოცხლის მოსპობით, ბავშვს არ აქვს იმხელა ძალა, რომ ამ მუქარას გაუძლოს.

მმართველი პარტიის მხრიდან გვესმის, რომ არ გვინდა ევროკავშირი, რომ იქ გარყვნილებას ასწავლიან – ბავშვების სქესობრივ უსაფრთხოებას გარყვნილებასთან აიგივებენ.

სწორედ გარყვნილებას უწყობს სახელმწიფო ხელს, რადგან ძალადობას არ აღიარებს და მალავს“, – ამბობს ანა.

ამის საილუსტრაციოდ, როგორც ანა ამბობს, მმართველ პარტიას შეუძლია ნახოს წლების განმავლობაში როგორ მძიმე, მიტოვებულ მდგომარეობაში არიან შშმ ბავშვები მათთვის აუცილებელი ცოდნის არქონის გამო.

ანა ასევე საუბრობს მშობლების როლზეც, რადგან სწორედ მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული, რამდენად შეცვლის სახელმწიფო ამ საკითხზე თავის პოზიციას.

„მშობლებმა სწორად უნდა გაიაზრონ პრობლემა და არ დაექვემდებარონ დეზინფორმაციულ მესიჯებს, მათ იციან ბავშვს რა ცოდნა სჭირდება და ისიც – რომ თვითონ ვერ პასუხობენ ამ კითხვებს.

მშობლები, რომლებიც აცნობიერებენ სქესობრივი განათლების საჭიროებას, ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ ამ ტიპის განათლების დანერგვის აუცილებლობაზე“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.

სხვა შემთხვევაში, ქვეყანაში გვეყოლება ათასობით ბავშვი, რომელიც წლობით იქნება ონლაინსექსუალური თუ სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი – მათ მოძალადეებისგან ვერ დავიცავთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: