მთავარი,სიახლეები

გერმანიის მხარდაჭერა უსასრულოდ არ გაგრძელდება – ღარიბაშვილისა და შოლცის შეხვედრის ანალიზი

12.06.2023 • 2357
გერმანიის მხარდაჭერა უსასრულოდ არ გაგრძელდება –  ღარიბაშვილისა და შოლცის შეხვედრის ანალიზი

„მგონია, რომ ეს ყველაფერი მაინც მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ… ეს რომ „ყვითელი ბარათი“ არ ყოფილიყო, კანცლერის ადმინისტრაციის განცხადებაში ეს საკითხები ასე ღიად გამოყოფილი არ იქნებოდა,“ – მიიჩნევს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მკვლევარი მიხეილ სარჯველაძე. მას ირაკლი ღარიბაშვილის ოლაფ შოლცთან შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ – რა გამოჩნდა შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან?

„როგორც ვხედავთ გერმანულ-ფრანგული ტანდემი გააქტიურდა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე… როცა ასე რადიკალურად იცვლება მდგომარეობა, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს, მაგრამ საქართველო ამას მიზანმიმართულად არ იყენებს და ახდენს ევროინტეგრაციის საბოტაჟს,“ – მიიჩნევს მიხეილ სარჯველაძე.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს შოლცის „ყვითელ ბარათს“ საქართველოსთვის? – „ბათუმელებმა“ მიხეილ სარჯველაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის გერმანული ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარია.

  • ბატონო მიხეილ, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუქში წერდით: „ეს ყველაფერი საქართველოსთვის ყვითელი ბარათის ჩვენებას უფრო ჰგავს“. რატომ დაგრჩათ ეს შთაბეჭდილება? 

ეს შთაბეჭდილება შეხვედრამდეც გამიჩნდა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ეს ვიზიტი მოჰყვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის – მიჰაელ როტის ვიზიტს საქართველოში. სწორედ მან გააკრიტიკა პირველმა საქართველოს მთავრობა და დაწერა, რომ საქართველომ უნდა გაარკვიოს ურთიერთობები ნატოსა და ევროკავშირთან, რადგან მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ იმეორებდა ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ პრპაგანდისტულ გზავნილს როტის ეს განცხადება მოჰყვა პრემიერის განაცხადს, რომ უკრაინაში ომი დაიწყო უკრაინის სურვილის გამო – გახდეს ნატოს წევრი.

უკრაინის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადება გერმანიის ხელისუფლებისთვის სხვა მიზეზებთან ერთად სავარაუდოდ ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ეს შეხვედრა მოეწყოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ამ შეხვედრას არ მოჰყოლია პრესკონფერენცია. მსგავსი შეხვედრების სხვადასხვა ფორმატი არსებობს, თუმცა პრესკონფერენცია რადგანაც არ იყო, გამოდის, რომ რაზეც დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს შოლცმა და ღარიბაშვილმა, არ იყო ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი. ეს მანიშნებელია იმის, რომ შეხვედრაზე განხილული თემები  პრემიერ-მინისტრისთვის არცთუ ისე სასიამოვნო იქნებოდა.

ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვნახეთ კანცლერის ადმინისტრაციის განცხადება, სადაც ცხადად იყო მითითებული თემები, რომლებიც შეხვედრაზე განიხილეს და ეს თემები ეხებოდა საქართველოს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. განცხადებაში დაკონკრეტებული იყო, რომ საქართველომ სწრაფად უნდა გაატაროს რეფორმები შემდეგ კვირებში, ანუ უახლოეს მომავალში და საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად და სწრაფად უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები, თუ სურს  მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა გერმანიის სრული მხარდაჭერა კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მისაღებად საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ საქართველოს ხელისუფლება კანცლერის მოწოდებებს გაითვალისწინებს.

ეს რომ „ყვითელი ბარათი“ არ ყოფილიყო, კანცლერის ადმინისტრაციის განცხადებაში სამი საკითხი – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გავლენა, რეფორმების გატარების აუცილებლობა და  ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობა კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მისაღებად -ასე ღიად გამოყოფილი არ იქნებოდა.

ეს რომ „ყვითელი ბარათი“ არ ყოფილიყო, კანცლერის ადმინისტრაციის განცხადებაში ეს საკითხები ასე ღიად გამოყოფილი არ იქნებოდა.

მიხეილ სარჯველაძე

  • „ყვითელი ბარათი“ უფრო რუსეთისთვის? ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო ღიად უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს. 

ვფიქრობ, რომ „ყვითელი ბარათი“ უპირველეს ყოვლისა განკუთვნილი იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ. რუსეთისადმი გზავნილი მოვისმინეთ 2023 წლის მარტში, როცა საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა. მაშინ მართლაც ისტორიული წინადადება თქვა ანალენა ბერბოკმა, რომ ქართველი ხალხის ადგილი არის ევროკავშირში.

მსგავსი წინადადების მოსმენას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან სამი ათწლეული დასჭირდა. ყველაფერი შეიცვალა უკრაინის ომის კონტექსტში.

გერმანია ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოს ევროინტეგრაციის, ასევე ნატოში ინტეგრაციის მიმართ. წარმოიდგინეთ, გერმანიის ბუნდესტაგის ბოლო არჩევნებზე 2021 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობაც კი, არ ყოფილა პარტიების პროგრამებში ერთ-ერთი პრიორიტეტი. მხოლოდ „მწვანეთა პარტიამ“, რომელსაც ახლა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს, ძალიან მოლედ აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომ იგივე ტრიოს ქვეყნების მომავალი არის ევროპაში. დანარჩენი პარტიებისთვის კი, აღმოსავლეთ პარტნიორობა მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები პარტიულ პროგრამებში.

როცა ასე რადიკალურად იცვლება მდგომარეობა, საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობების ფანჯარა, მაგრამ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად არ იყენებს ამ შანსს და ფაქტიურად ახდენს ევროინტეგრაციის საბოტაჟს. სხვა სახელს ამ ყველაფერს ვერ დავარქმევთ. ეს ასე აღიქმება გერმანიასა და ბერლინშიც.

ამიტომაც, ეს იყო გაფრთხილება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ეს საბოტაჟი, შეცვალოს დესტრუქციის პოლიტიკა და გადაერთოს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

  • გაფრთხილებაში რა იგულისხმება? ფიქრობთ, რომ გერმანია განიხილავს ივანიშვილის ან ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას? 

სპეკულაცია იქნება ჩემი მხრიდან, ვისაუბრო სანქციებზე, თუმცა გამორიცხული არაფერია.

როგორც ვხედავთ, გერმანულ-ფრანგული ტანდემი განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.  დღეს, 12 ივნისს, დაგეგმილია „ვაიმარის სამკუთხედის“ ფარგლებში პოლონეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრა პარიზში. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხმა გაძლიერებულია პოლონეთის სახით. გერმანიაში საქართველოს შესახებ ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელიც გერმანიის მთავრობის თუ ცალკეული პარტიების გადმოსახედიდან პრობლემატურია. ეს იყო კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, მეორეა ის, რომ„ქართულმა ოცნებამ“, მართალია, დამკვირვებლის სტატუსით იყო, მაგრამ მაინც დატოვა ევროპელი სოციალისტების პარტია. ამას დაემატა ანტიდასავლური რიტორიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი: გერმანიაშიც საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ხელს უწყობს რუსეთს სანქციების  გვერდის ავლაში. თუ ეს დადასტურდა, საქართველო კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

გერმანიის მხარდაჭერა უსასრულოდ არ გაგრძელდება. ეს დამოკიდებულია საქართველოზეც. თუ საქართველო არ გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რაც ახლა არსებობს უკრაინის დამსახურებით, არ ვიცით, მომავალში გვექნება თუ არა კიდევ ერთხელ მსგავსი შანსი.

გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ საქართველოს მთავრობა და შიდა პოლიტიკა უფრო ავტორიტარული მიმართულებით განვითარდება, რაც კიდევ უფრო მეტად დააბრკოლებს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ ვხედავთ, რომ ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების პარალელურად, „ქართული ოცნებისთვის“ უფრო და უფრო მიუღებელი ხდება ამ პროცესით განპირობებული ძალაუფლების გადანაწილების აუცილებლობა. მმართველი პარტია და ზოგადად საქართველოს ხელისუფლება ამ ფონის გათვალისწინებით ერთგვარად თავდაცვის რეჟიმზეა გადასული.

შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ბერლინში. ფოტო: EPA-EFE/CLEMENS BILAN

  • რას აჩვენებს გერმანიის გააქტიურება საქართველოს მიმართ და რა შეიძლება ამან შეცვალოს?  

ეს მიუთითებს იმას, რომ გერმანიამ რადიკალურად შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკა, რადგან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძიერეულ ცვლილებებს ნიშნავს.

ეს მიუთითებს იმაზეც, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინის ომმა გააერთიანა თუნდაც იმ ღირებულებების ირგვლივ, რომელსაც ევროკავშირი ეყრდნობა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი სახელმწიფოებიც იყვნენ სოლიდარულები უკრაინასთან მიმართებით, იზიარებდნენ საერთო ღირებულებებს და მინიმუმ არ იმეორებდნენ რუსულ ნარატივს.

ამიტომაც, აქ საუბარია ისტორიის სწორ მხარეს დადგომაზე, იმ ქვეყნების და ალიანსების მხარეს, რომლებში ინტეგრაციაც საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი, როგორც უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიზანი. პრაქტიკულ დონეზე, კი  საქართველო აცხადებს, რომ ის პროდასავლური სახელმწიფოა, თუმცა რუსეთთან მიმართებაში სტრატეგიული თვითდაქვემდებარების პოლიტიკას აწარმოებს. საქართველომ, როგორც მცირე სახელმწიფომ შეზღუდული რესურსებით და რთული გეოპოლიტიკური მდებარეობით, ფიზიკურად შეუძლებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის წარმოება შეძლოს.

რა მექანიზმი აქვს იგივე გერმანიის მთავრობას, რომ შოლცის„ყვითელ ბარათს“ ჰქონდეს ეფექტი? 

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს დასწრების ეფექტით. გაგახსენებთ, რომ ახლო წარსულში ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვა საქართველოს ხელისუფლებამ და დაასწრო ევროკავშირს იმ არგუმენტით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგ მდგომარეობაშია, თუმცა კი, მალე აზიის განვითარების ბანკისგან 100 მლნ. დოლარის ოდენობის სესხი მიიღო.

ახლაც „ქართულმა ოცნებამ“ დაასწრო ევროპელი სოციალისტების პარტიას, რომელიც აპირებდა „ქართული ოცნების“საკითხის გადახედვას პრემიერის კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) გამო და თავად დატოვა ეს პარტია. ჩვენ ვხედავთ, რომ პირობითობის პრინციპი შედარებით შედარებით სუსტად ფუნქციონირებს საქართველოს მთავრობასთან მიმართებით, რადგან მმართველი პარტიის პრიორიტეტს არა სახელმწიფო, არამედ ვიწრო, კერძო ინტერესები წარმოადგენს.

გერმანია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, როცა საქმე ეხება ეკონომიკას, პოლიტიკურ კავშირებს და გერმანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ გადაუხვიოს დემოკრატიული გზიდან.არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოსახდენადერთ-ერთი მეთოდი იყოს სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად აისახა შოლცთან შეხვედრა საქართველოს მთავრობაზე? 

ვერ ვხედავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად შეცვალა რიტორიკა, რადგან ამ შეხვედრის შემდეგ პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს იყო „შესანიშნავი შეხვედრა“ მაშინ, როცა ეს არ ყოფილა „შესანიშნავი“ შეხვედრა – იქ პრობლემებზე იყო საუბარი. მე ვერ ვხედავ ამ ყველაფრის გამოსწორების სურვილს ვერც შოლცთან შეხვედრის შემდეგ და არც მაქვს მოლოდინი, რომ ეს აისახება 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

„ქართული ოცნების“ რიტორიკაში უკვე დიდი ხანია ვხედავთ პროპაგანდისტულ ხაზს, რომ დასავლეთი და უკრაინა მიიჩნევა „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილად. ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რომ საქართველოს მთავრობა ომს არიდებს ქვეყანას თავიდან და საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს უკრაინა, ევროკავშირი და ნატო. რეალურად კი ილუზიაა, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს კრემლში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. თავად გერმანიამ ვერ შეძლო შეეჩერებინა ომი უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ევროპაში ათწლეულების მანძილზე რუსეთის “ადვოკატად“ ითვლებოდა.

ამ რიტორიკის შედეგია ისიც, რომ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის განცხადებაში არ იყო აღნიშნული უკრაინაში მიმდინარე ომი, რაც არ არის ახალი – როდესაც საუბარია ისტორიის სწორ მხარეს დადგომაზე, თუ „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას გააგრძელებს, როცა ომი დასრულდება, საქართველო აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში და რუსულ ორბიტაზე. ჩვენ უკვე ვხედავთ პრაქტიკულ შედეგებს „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკის, როცა საქართველო ფაქტობრივად უკვე ამოვარდნილია ტრიოდან [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა]. როგორც ვხედავთ, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო დიდია იმის შანსი, საქართველომ კანდიდატის სტატუსიც ვერ მიიღოს. თუ ასე მოხდება, საქართველო საბოლოდ ჩამორჩება ტრიოს და გაუჭირდება ჩამორჩენის აღმოფხვრა.

ჩვენ ვერ ვხედავთ ასევე საქართველოს მთავრობის აქტიურობას, როცა საქმე ეხება ნატოში ინტეგრაციას.

ნატო ემზადება ვილნიუსის სამიტისთვის, მაგრამ სამიტამდე დისკუსიაში არ იკვეთება საქართველოს მისწრაფება, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. საქართველო ჩახსნილია დასავლურ ალიანსებში ინტეგრაციისთვის საჭირო მატარებელს, რომლის ლოკომოტივი უკრაინაა.

ჩვენ პირიქით ვხედავთ კონტრპროდუქტიულ ქმედებებს, როცა საქართველოს მთავრობა პირიქით ცდილობს, ხელი შეუშალოს აღნიშნულ პროცესს.

საქართველო, საგარეო პოლიტიკური პასიურობის გამო, ჩრდილშია მოქცეული და მთლიანი საგარეო პოლიტიკა მხოლოდ საშინაო პოლიტიკურ დისკურსზეა მორგებული. ეს პასიური პოლიტიკა, რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვერ აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე, რომლებიც გაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში.

  • თქვენი დაკვირვებით, რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ხელისუფლების ამგვარი პოზიციონირება? 

გერმანია და ევროკავშირი ითხოვს, რომ საქართველომ უახლოესი კვირების მანძილზე გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. შუალედური შეფასება მზადდება ევროკავშირის მიერ და თუ საქართველომ ახლა თუ არ იმოქმედა, ბუნებრივია, შეფასება პოზიტიური ვერ იქნება. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ: „ქართული ოცნების“ რიტორიკის მიხედვით, დეოლიგარქიზაციის კანონი არ ეხება  ბიძინა ივანიშვილს, რაც ევროპულ დედაქალაქებში და მათ შორის ბერლინში, წარმოუდგენელი მიდგომაა. არ შეიძლება, რომ ადამიანს, რომელსაც „ქართული ოცნების“ მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოს მიტაცებას და ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს ასრულებს, არ ეხებოდეს ანტიოლიგარქიული კანონი.

ამიტომაც, არ მაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ თუნდაც მედიაგარემოს გაუმჯობესების კუთხით გააქტიურდება, ან პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას ეცდება. კარგი მაგალითია, თუნდაც ახალი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, რეალურად დამოუკიდებელი ვერ იქნება, რადგან მის ხელმძღვანელს ირჩევს პრემიერ-მინისტრი. ერთი ადამიანის ინტერესების სახელმწიფოს ინტერესებზე წინ დაყენება, ამჟამად საქართველოს უდიდესი გამოწვევაა, რომელიც როგორც ვხედავთ ქვეყნის მომავალს განაპირობებს.

  • ხელისუფლების ეს რიტორიკა რა გზავნილია თქვენთვის – რამდენად შეიძლება ჰქონდეს გავლენა სანქციებს? 

წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, თუმცა თუ ავიღებთ მოსამართლეების დასანქცირების მაგალითს, ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაში მოსამარლეებისთვის დიდ ტრაგედიას ეს არ წარმოადგენს – მათთვის მთავარია შიდაპოლიტიკური გარემო და საკუთარი ძალაუფლების უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“  და ბიძინა ივანიშვილის მიზანია, გაიმყაროს ძალაუფლება გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც საქართველოს ავტომატურად წაიყვანს ავტორიტარული მიმართულებით. ეს სანქციებისადმი გარკვეული მზაობასაც გულისხმობს.

შესაძლოა, ეს დაეხმაროს ივანიშვილს, რომ უზრუნველყოს საკუთარი ძალაუფლება – თუმცა ის საქართველოს რუსეთის ბუნებრივ მოკავშირედ აქცევს. რუსეთს განსაკუთრებული ძალისხმევა არ დასჭირდება იმისთვის, რომ საქართველო ისევ საკუთარ ორბიტაზე მოაქციოს.

  • მიგაჩნიათ, რომ ესეც დილემაა ევროკავშირისთვის, სანქციები დაუწესონ თუ არა ბიძინა ივანიშვილს? 

უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი დგას დილემის წინაშე, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული პოლიტიკის მიუხედავად, მისცეს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც ერთგვარი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს ევროკავშირის მხრიდან. დაუშვებელია, რომ ამ ფონზე საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად უშლის ხელს ევროკავშირს მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ.

____________________

ფოტოზე: 9 ივნისი, ბერლინი. გერმანიის კანცლერი ელოდება ირაკლი ღარიბაშვილს. ფოტო: EPA-EFE/CLEMENS BILAN

გადაბეჭდვის წესი


ასევე: