ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბეშუმის განვითარება და გაქვავებული ტყე – რა უნდა გაითვალისწინოს აჭარის ფინანსთა სამინისტრომ

12.06.2023 • 1442
ბეშუმის განვითარება და გაქვავებული ტყე – რა უნდა გაითვალისწინოს აჭარის ფინანსთა სამინისტრომ

ხულოში, კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობს.

სამინისტრომ სკოპინგის განცხადებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის მარტში მიმართა. სააგენტომ უკვე მოამზადა სკოპინგის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სგშ-ს მომზადებისთვის სამინისტროს არაერთი საკითხი ექნება შესასწავლი და დასაზუსტებელი.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, კონცეფციის სგშ-ის ანგარიში სავალდებულოა მომზადდეს სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის შესაბამისად“ – აღნიშნულია სააგენტოს დასკვნაში.

კონცეფციაში აღნიშნულია, რომ „გოდერძის უღელტეხილი და მისი შემოგარენი არაერთ კულტურულ ძეგლს აერთიანებს. დამახასიათებელი ტრადიციული აჭარული სახლების ნაწილი მიტოვებულია, თუმცა შესაძლებელია ამგვარი ძველი ტრადიციული სახლების აღდგენა და მათი ტურისტული მიზნებისათვის გამოყენება“.

ის არეალი, რიმლის განვითარებაც აღნიშნული კონცეფციის მიხედვით უნდა დაიგეგმოს, მოიცავს ბუნების ძეგლის – გოდერძის ნამარხი ტყის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთსაც.

ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია ასევე, რომ კონცეფციის მიხედვით, „ბუნების ძეგლების კატეგორიაში გამოირჩევა გოდერძის უღელტეხილის სიახლოვეს არსებული, კავკასიაში ერთადერთი „გოდერძის ნამარხი ტყე“, რომელსაც მინიჭებული აქვს „ბუნების ძეგლის“ ოფიციალური სტატუსი. ამის მიუხედავად, ძეგლის ტერიტორიაზე გამოყოფილი იყო ტყეკაფები და გატარებულია სატყეოს გზები. შედეგად, გაჩნდა მეწყრები და მცირე ზომის მეწყრული საფეხურები.“

სააგენტოში კი მიიჩნევენ, რომ ამ ნაწილში „საჭიროა მითითებული იყოს, რომ გოდერძის ნამარხ ტყეს 2013 წლიდან მინიჭებული აქვს ბუნების ძეგლის სტატუსი და გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდგომ ტერიტორიაზე არ განხორციელებულა ტყეკაფების გამოყოფა და სატყეო გზების გაყვანა.“

ბეშუმის განვითარების კონცეფციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმაში“ – მწირია ინფორმაცია ბუნების ძეგლის შესახებ და მითითებულია გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლისათვის მენეჯმენტის გეგმის მომზადების საჭიროება.

სააგენტოს დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა მოიცავს ადმინისტრაციას მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებს. შესაბამისად, გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი უკვე იმართება „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის“ შესაბამისად.

 

კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა, ხულოს მერიის განცხადებით, ხულოში 2023 წლის 19 სექტემბერს გაიმართება. კონცეფციის შესახებ მოსაზრებები დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ ელ. ფოსტაზე info@khulo.gov.ge.

რაც შეეხება სგშ-ს, ეს არის სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა, რომელიც მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას.

გოდერძის ნამარხი ტყე, რომელიც ვულკანოგენურ ქანებში მდებარეობს, იწყება ადიგენის რაიონიდან, სოფელ უტყისუბნიდან და მოიცავს ზემო აჭარასაც, სოფელ რიყეთამდე. ნამარხი ტყის ფართობი დაახლოებით 70-80 კვ/კილომეტრია.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/11799/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: