მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ავირიდოთ ზაფხულში საკვებით მოწამვლა – ექიმის რჩევები

19.06.2023 • 1303
როგორ ავირიდოთ ზაფხულში საკვებით მოწამვლა – ექიმის რჩევები

საკვებით მოწამვლის მაჩვენებელი ზაფხულის თვეებში იზრდება, რადგან თბილ ამინდში ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდებიან. საკვებით მოწამვლა ხდება ბაქტერიით, ვირუსებით, პარაზიტებით, ან ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით. როგორც წესი, დაბინძურება ვითარდება საკვების ან სასმელების არასათანადო მომზადების ან შენახვის მიზეზით. ბათუმის სამედიცინო ცენტრის გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, როგორ ავირიდოთ თავიდან ზაფხულში საკვებით მოწამვლის შემთხვევები.

  • რატომ იზრდება ზაფხულში კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები?

ყველა დაავადებას ახასიათებს  სეზონურობა, ზაფხულში  კი გავრცელებულ დაავადებად გვხვდება  კუჭ-ნაწლავის ინფექციები. ზაფხულობით საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევების უმეტესობა ჰიგიენას, უფრო სწორად კი მის არ დაცვას უკავშირდება, მაგალითად თერმულად დაუმუშავებელი ხილის მიღება, ე.წ. „ფასთ ფუდი“ და ასე შემდეგ. 

საქმე ის არის, რომ კვებითი ინტოქსიკაციის გამომწვევებს [ბაქტერიებსა და ვირუსებს] ტემპერატურის ცვალებადობასთან ერთად  გამრავლების და  ცხოველქმედების პერიოდი უდგათ. ამ დაავადების გავრცელების მექანიზმი ფეკალურ-ორალურია და დაავადების გავრცელება ხდება არასრულფასოვნად დამუშავებული საკვების მიღების შემთხვევაში. 

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, ხელების ხშირი დაბანა და საკვების სათანადოდ დამუშავება.

  • როგორ გამოვლინდება მოწამვლა?  

გასტროინტესტინური სიმპტომებიდან აღსანიშნავია: გულისრევა, ღებინება, ტკივილი და დისკომფორტი, ფაღარათი 3-ჯერ და მეტჯერ დღის განმავლობაში წყლისებრი მასებით.   სხვა სიმპტომებიდან საყურადღებოა ტემპერატურული ცვლილებები; გაუწყლოების ნიშნები, როგორიცაა: პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, სისუსტე, მხედველობის დაქვეითება და კუნთების ტკივილი. 

ზოგადად, კვებითი ინტოქსიკაცია შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქი საშუალო და მძიმე ფორმებით, ხშირად, სიმპტომური მკურნალობის შემთხვევაში პროცესი განიცდის უკუგანვითარებას, ხშირ შემთხვევაში პროცესი შეიძლება  გართულდეს და საჭირო გახდეს სხვა სახის მკურნალობა.  

  • გაფუჭებული ან დაბინძურებული საკვების მიღებიდან რამდენ ხანში იგრძნობა სიმპტომები?

ეს ინდივიდუალურია, სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღის შემდეგ. ინტოქსიკაციის სიმძიმიდან გამომდინარე პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 10 დღემდე.

  • რა საკვები უნდა მიიღოს ადამიანმა საკვებით მოწამვლის დროს?

ინტოქსიკაციის დროს უნდა მოხდეს სითხის ბალანსის შევსება, დიეტური საკვების მიღება, მოხარშულის სახით. კვებიდან უნდა გამოირიცხოს  მწარე, მჟავე, ცხიმიანი საკვები და სეზონისთვის გავრცელებული  ხილის მიღება, რეკომენდებულია მხოლოდ ბანანი და ვაშლი. 

  • რა არის პირველადი დახმარება საკვებისმიერი ინტოქსიკაციის დროს?

მსუბუქ შემთხვევაში უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვა,  სითხის  ბალანსის შევსება,  და სიმპტომური მკურნალობა. თუ პროცესი გახანგრძლივდა და გართულდა, საჭიროა ლაბორატორიულ კვლევებთან კომბინაციაში, მედიკამენტების ჩართულობა. 

____________________________________

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით:

  • ხილი და ბოსტნეული კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში;
  • ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვამდე აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით;
  • ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასარიდებლად გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის საჭრელი დაფები სხვადასხვა სურსათისთვის; გამოყენების შემდეგ დაფები გარეცხეთ და სუფთად შეინახეთ;
  • სურსათის შენახვისას აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმების სწორად დაცვა: ცხელი კერძების შეინახეთ მინიმუმ 60°C ტემპერატურაზე;  ცივი კერძები შეინახეთ მაქსიმუმ 5°C ტემპერატურაზე;
  • სურსათი კარგად დაამუშავეთ თერმულად;
  • განაცალკევეთ უმი ხორცი და თევზი თერმულად დამუშავებულისგან.

ამავე თემაზე:

როგორ დავეხმაროთ ადამიანს საკვებით მოწამვლის დროს – ექიმის რჩევები

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: