მთავარი,სიახლეები

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

11.07.2023 • 18197
რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

„Говорит Москва!“ – ამ ორი სიტყვით გამოეხმაურა 2023 წლის მაისის ბოლოს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ტვიტერში საქართველოს პრემიერს, რომელმაც უკრაინაში ომის „ერთ-ერთ მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა.

„არ მესმის, რატომ ავრცელებს რუსულ ნარატივს“ – ეს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა – მიჰაელ როტი პრემიერ ღარიბაშვილზე. პირდაპირ თუ ირიბად ნათელი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა კრემლისას ემთხვევა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული პროპაგანდის მოკავშირე საქართველოში არამხოლოდ პრორუსული პარტიები და ჯგუფები არიან, არამედ უშუალოდ ხელისუფლებაც.

საქართველოში, სადაც ნებისმიერი გამოკითხვით მთავარ საფრთხედ რუსეთს აღიქვამენ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერები ყველაზე ხშირად ასე აშინებენ მოსახლეობას – „აბა, ომი გინდათ?“

ირაკლი ღარიბაშვილი

ამ სტატიაში აღვწერთ: რატომ და რა ფორმით იქცა საქართველოს მთავრობა კრემლის რუპორად? უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რა მუშაობს რუსული პროპაგანდის გზავნილებიდან საქართველოში და სად „ჩავარდა“ კრემლის პროპაგანდა?

  • „ჩვენ არ ვსაუბრობთ ქართულად“ – რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში 

„მხოლოდ რუსული ან ინგლისური, ქართულად ვერ დაგელაპარაკებით“, – მოგვმართა რუსულენოვანმა ბარმენმა ინგლისურად, რომელსაც ძველ ბათუმში, ერთ-ერთი ბარის შესასვლელში შევხვდით და ქართულად ვკითხეთ: „საუბრობთ ქართულად?“

ბარები ბათუმში, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიხსნა

„რატომ არ გაქვთ ქართულენოვანი სერვისი? ეს კანონით სავალდებულოა“, – ამჯერად ინგლისურად ვეკითხებით მასპინძელს, რომელიც კიბეებს ჩაუყვა და ნახევრად მიწისქვეშა ბარის შუა ნაწილში გაჩერდა – საღამოა, თუმცა ბარში ადამიანები ჯერ არ შეკრებილან. ბარის წინ ტროტუარზე განლაგებულ მაგიდასთან რამდენიმე სტუმარი შეექცევა კოქტეილს.

„იმიტომ, რომ არ ვარ ქართველი,“ – გაღიზიანება ეტყობა ხმაში მასპინძელს.

„ქართულენოვანი სერვისი უნდა გქონდეთ, ეს კანონის მოთხოვნაა“, – სამართალდარღვევის შესახებ განმარტებას ვცდილობთ.

„ჩვენი სტუმრები არიან რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, სხვა ქვეყნებიდან, ევროპიდან,“ – ისე გვიპასუხა მასპინძელმა, თითქოს მყარი არგუმენტია იმის საპირწონედ, რატომ შეიძლება არ გქონდეს საქართველოში, საჯარო სივრცეში ქართულენოვანი სერვისი, როცა ეს კანონით სავალდებულოა.

„მენიუ გაქვთ ქართულად?“ – ბარის მაგიდაზე ერთად დაწყობილი მენიუებისკენ ვანიშნებთ მასპინძელს. პაუზის შემდეგ მასპინძელი თავს აქნევს იმის ნიშნად, რომ არც მენიუ აქვთ ქართულად და მარტივ გადაწყვეტილებასაც იღებს – კამერას ხელს აფარებს.

„არ მინდა გიპასუხოთ, საიდან ვარ“, – კატეგორიულია მასპინძელი. ის გასასვლელისკენ გვანიშნებს.

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვსსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე“. ასევე „სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს“, ანუ მოქალაქის უფლებაა, საქართველოში სერვისი მიიღოს ქართულ ენაზე.

ამავე კანონის 35-ე მუხლის მიხედვით კი, სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ: პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, მუნიციპალიტეტის ორგანოები და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

კიდევ ერთი კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მენიუს ეხება. ამ კანონში წერია: „მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი და სრული ინფორმაცია.“

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მუნიციპალიტეტს პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო – ქართული ენის დაცვას, ბათუმის მერიასა და საკრებულოში კანონის დასაცავად არ მოქმედებენ. აქ კომენტარსაც არ აკეთებენ კითხვაზე: რატომ არ იცავენ სახელმწიფო ენას, მაგალითად, რუსულ ბარებში?

არადა, მარტო ძველი ბათუმის ერთ კვარტალში ჩვენ 9 ისეთი ბარი ვნახეთ, სადაც ქართულად შეკვეთას ვერ მისცემთ. ეს ბარები უკვე წელიწადზე მეტია არავის დაუჯარიმებია იმის გამო, რომ ქართულენოვანი სერვისი არ აქვთ. 

„ბათუმელები“ რუსულენოვან ბარებზე 2022 წლის ზაფხულშიც წერდა. აღმოჩნდა, რომ ბარებში, სადაც საქართველოს სახელმწიფო ენაზე ვერ დაგელაპარაკებიან, არაფერი შეცვლილა. პირიქით, ასეთი ბარების რაოდენობა ყოველ დღე იზრდება.

ბათუმი. კაფე მაზნიაშვილის ქუჩაზე, სადაც ქართულ ენაზე სერვისს ვერ მიიღებთ

საღამოობით, ძველი ბათუმის პატარა ქუჩებში, მობილიზაციას გამოქცეული რუსების მიერ გახსნილ ბარებთან მუსიკაში ირევა ხმამაღალი საუბრები რუსულად. აქ ტროტუარებზეც აქვთ მოწყობილი გასართობი სივრცეები. იშვიათობაა იპოვო ბარი, სადაც ქართულად შეძლებ შეუკვეთო რამე.

რუსული კაფე-ბარების მენეჯერებმა იციან, რომ არღვევენ საქართველოს კანონს, მაგრამ დასძენენ, რომ ეს მათგან „დამოუკიდებლად ხდება“. ირწმუნებიან, რომ გაუჭირდათ საქართველოს მოქალაქის პოვნა, ვისაც „სურვილი აქვს, იმუშაოს რუსულ თემთან“ და „იცის უცხო ენები“.

ძველ ბათუმში რუსებმა რამდენიმე ბარი გახსნეს

ნიკალა მოსკოვიდანაა, ომის შემდეგ ის საქართველოში ჩამოვიდა და ბარმენად მუშაობს.

„ჩვეულებრივ ბარებში საუბრობენ ინგლისურად, რუსულად ან უკრაინულად,“ – გვიპასუხას ნიკალამ, რომელიც მოსკოვიდანაა და ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. ის ბარმენია ბათუმის ერთ-ერთ ბარში.

გქონიათ პრობლემა რომელიმე უწყებასთან იმის გამო, რომ ქართულენოვანი სერვისი ბარში არ არის? ამ კითხვაზე ნიკალას პასუხი სხვა ბარებში მოსმენილის იდენტურია – „არა“.

გამონაკლისია ბარი „Hore“, სადაც რამდენიმე თვის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ მოსთხოვა, აბრაზე წარწერა ქართულადაც იყოს, ინგლისურთან ერთად.

ამ ბარში გვითხრეს, რომ ისინიც რუსეთიდან არიან, ერთ წელზე მეტია მუშაობენ ბათუმში და ქართულენოვანი პერსონალი არც არასდროს ჰყოლიათ. აქ ინგლისურად საუბარიც უჭირთ.

„ჩემი მეგობრები არიან და ხშირად ვეხმარები,“ – გვითხრა დავით ბარაბაძემ გვერდით მდებარე ბარიდან და აგვიხსნა, როცა ადგილზე არ ვარ, ჟესტური ენის გამოყენებით იღებენ შეკვეთებსო. მანვე დასძინა, რომ  ქართველები ისედაც იშვიათად არიან ბარის სტუმრები.

დავით ბარაბაძე მიიჩნევს, რომ „კანონის გადამოწმება არ ხდება“ და ეს ცუდია, რადგან „რუსეთი რეალური საფრთხეა“.

„რუსეთი ჩვენი მეზობელია და რეალური საფრთხე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს მცირე პრობლემაა, მაგრამ ასეთი მცირე პრობლემებიდან იქმნება გლობალური პრობლემები. ლარსის საბაჟოდან უნდა დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარება“, – ამბობს დავით ბარაბაძე.

რუსული ბარები ბათუმში აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება დახუჭოს თვალი ხელისუფლებამ კანონის დარღვევაზე, როცა საქმე რუსეთს ეხება და რუსებისთვის საქართველოში კომფორტული გარემო შექმნას.

  • როგორ მკვიდრდებიან რუსები საქართველოში და სად არის „შავი ხვრელი“?

საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა 18 661 ინდმეწარმე და 1357 იურიდიული პირი დააფუძნეს საქართველოში. ჯანდაცვის სამინისტრო კი ირწმუნება, რომ საქართველოში რუსეთის მხოლოდ 2029 მოქალაქეა დასაქმებული.

 

რუსები საქართველოში ინტენსიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას – ბინებს და მიწის ნაკვეთებს. ასე, მაგალითად, საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 7 709 ბინა და ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა იყიდეს.

საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებმა ზუსტად 7 709 ბინა, მთლიანობაში 424 449 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება შეიძინეს საქართველოში. მათვე იყიდეს 474 649 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი: 265 049 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობის გარეშე [457 პირი, 604 მიწის ნაკვეთი], 209 600 კვ. მ. – შენობა-ნაგებობასთან ერთად [1028 პირი, 1074 მიწის ნაკვეთი]

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია გვესაუბრება, რას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა:

„ვფიქრობ, სტატისტიკა ზუსტია იურიდიულ პირებთან და ინდმეწარმეებთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა საქმიანობას ეწევიან ეს ბიზნესსუბიექტები, ვაჭრობენ თუ არა აკრძალული საქონლით – შეიძლება ეს იყოს „შავი ხვრელი“.

პარლამენტის წევრსაც არ აქვს შესაძლებლობა გაარკვიოს, რამდენად საფრთხის შემცველია რუსეთის მოქალაქეების საქმიანობა საქართველოში.

სხვა საკითხია, რომ 3.5-მილიონიან ქვეყანაში ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა საკუთრებაში აქვთ რუსეთის მოქალაქეებს…“

დეპუტატი კორძაია შემოსავლების სამსახურიდან ითხოვდა საჯარო ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების საქმიანობის შესახებ საქართველოში, მაგრამ – „საგადასახადო საიდუმლოების დაცვის მოტივით“ ინფორმაცია არ მიაწოდეს.

„არ ვითხოვდით ინფორმაციას, თუ რა მოგებას ნახულობენ რუსეთის მოქალაქეები. ვთხოვეთ სასაქონლე კოდები – ვინ რით ვაჭრობს და რა მომსახურებას ეწევიან?

ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ ფინანსურ გადარიცხვებში საქართველოს არ აქვს პრობლემები, მაგრამ შეიმჩნევა სანქცირებული, აკრძალული პროდუქციის გადატანა-გადმოტანა. დასტურდება, რომ სანქცირებული, აკრძალული პროდუქცია შედის საქართველოდან. ამ მომსახურებას ეს იურიდიული პირები ახორციელებენ თუ არა, ამის გადამოწმების საშუალება ჩვენ არ გვაქვს,“ – ამბობს თამარ კორძაია „ბათუმელებთან“.

აფხაზეთიდან დევნილი დეპუტატი კორძაია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პარლამენტს, როგორც მაკონტროლებელს, ხელისუფლება განზრახ ასუსტებს.

„მაკონტროლებელი იმას ნიშნავს, რომ უნდა დაარწმუნო მაკონტროლებელი, რომ შენ იცავ კანონს. მომცენ ეს ინფორმაცია, მაგალითად, იმ პირობით, რომ ჟურნალისტებს არ გავუზიარებ დეტალებს, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ,“ – დასძინა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაია

დეპუტატს ვესაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზეც – ეს უწყება ითვლის, რამდენი რუსი შემოდის საქართველოში და უკან ბრუნდება.

ოფიციალური სტატისტიკით, წელს, მხოლოდ პირველ კვარტალში, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 298 285 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა. საქართველოდან რუსეთში კი, გავიდა 320 236 ადამიანი.

2023 წლის პირველ თებერვალს საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში განაცხადა, რომ 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 869 874 ადამიანი შემოვიდა, 809 873 კი – გავიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოში თებერვლისთვის რუსეთის მხოლოდ 60 ათასამდე მოქალაქე იმყოფებოდა.

მას შემდეგ ხელისუფლებას აღარ გაუვრცელებია ინფორმაცია, რუსეთის რამდენი მოქალაქეა საქართველოში.

„შსს-ს მონაცემებს ვერ დავეყრდნობით, რადგან გადამოწმების მექანიზმი არ არსებობს,“ – ამბობს თამარ კორძაია. მისი აზრით, რუსეთის მოქალაქეებს უნდა ასახავდეს დიდი ალბათობით საქართველოს მეზობელი სომხეთიდანაც საზღვრის კვეთის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა – 2023 წლის პირველ კვარტალში სომხეთიდან საქართველოში საზღვრის 224 342 კვეთა დაფიქსირდა, მაშინ, როცა, მაგალითად, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი იყო 78 869, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალში – 17 970.

„პირდაპირი ფრენები ამ დროს არ იყოს საქართველოსთან, იყო სომხეთში და შესაძლოა, ერევნიდან შემოდიოდნენ საქართველოში სახმელეთო საზღვრით,“ – დასძინა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

  • „2 კვირაში დავიწყეთ საქართველოში ბიზნესი“ – ბიზნესმენი რუსეთიდან

კონფიდენციალური წყაროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, მხოლოდ რამდენიმე კომპანიაში, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს საქართველოში, ბევრად მეტი რუსია დასაქმებული, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემია – სულ 2029 დასაქმებული.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, მაგალითად, რუსეთის მოქალაქის – დავიდ სლონიმსკის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანია „ჯეთი კლაუდში“ უცხო ქვეყნის 783 მოქალაქეა დასაქმებული. წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ამ და ასევე სხვა კომპანიებში დასაქმებული პირების ანაზღაურება მინიმუმ 3500, მაქსიმუმ 8 ათასი ევროა. ეს კომპანია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არის დაფუძნებული.

„რუსეთში ყველგან ბეჭედი და ხელმოწერაა საჭირო, ასე მარტივი არაა ბიზნესის კეთება. დაახლოებით ორ კვირაში დავიწყეთ ბიზნესი საქართველოში, ეს იყო 2022 წლის მარტში, როცა ომი დაიწყო უკრაინაში და ჩვენ წამოვედით,“- გვიყვება რუსეთის მოქალაქე ელენა მორინა, კიდევ ერთი კომპანიის – „რავენაჟის“ ხელმძღვანელი. ეს კომპანია ვიდეოთამაშების მომზადებასა და მის გამოქვეყნებაზე მუშაობს.

„რავენაჟის“ ბათუმის ოფისში სულ 87 თანამშრომელია, მათ შორის რუსეთის მოქალაქე – 75, საქართველოს მოქალაქე – 7.

ეს კომპანია ნათელი მაგალითია იმის, რომ მთავრობის სტატისტიკა რეალობას არ ასახავს – კომპანია „რავენაჟში“ გვითხრეს, რომ არ იცოდნენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმებისთვის თუ სახელმწიფოსგან ნებართვა სჭირდებათ.

ელენა მორინა

ელენა მორინა ამბობს, რომ ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს იხდის და ამის დამადასტურებელ დოკუმენტებსაც გვაჩვენებს.

სამუშაო გარემოს დათვალიერებისას ელენა დასძენს, რომ ბინადრობის მიღება სურს საქართველოში. „თუ ბინადრობას მივიღებთ, გავაგრძელებთ ბიზნესსაქმიანობას,“ – ამბობს ის.

კომპანია „რავენაჟს“ ბათუმში ხუთსართულიანი ოფისი აქვს.

„ეს სტატისტიკა, რა თქმა უნდა, არ არის რეალური,“ – მობილიზაციას გამოქცეული რუსების საქართველოში დასაქმების ოფიციალურ მონაცემებს ასე აფასებს თამარ კორძაია, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი. მისი განმარტებით, ამ დრომდე კანონმდებლობა იძლეოდა შესაძლებლობას, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ დარეგისტრირებულიყვნენ და ისე ემუშავათ.

„პარლამენტმა მიიღო კანონი იმ კუთხით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს ეს მონაცემები პირდაპირ ჯანდაცვის სამინისტროში. დაახლოებით ალბათ ორ თვეში გვექნება ზუსტი მონაცემები,“ – განმარტავს თამარ კორძაია.

  • „აბა, ომი გინდათ?“ – რა (ვერ)მუშაობს რუსული პროპაგანდიდან საქართველოში და რატომ?

„საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკა არის იგივე, რასაც კრემლი იყენებს საქართველოში – ომის განახლების შიში,“ – გვიყვება თამარ კინწურაშვილი, „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია აკვირდება, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდისტული მანქანა საქართველოში და როგორ ჩაება ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება მას აქეთ, როცა გამოჩნდა, რომ პრორუსულმა ჯგუფებმა გავლენა ვერ მოიპოვეს.

2023 წლის 23 მარტი – კრემლის პროპაგანდისტი სალავიოვი სატანისტებად მოიხსენიებს ქალაქ ეკატერინბურგის მოსახლეობას. მას ამ ქალაქთან ბევრი პრეტენზია აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ ის სათანადოდ არ უჭერს მხარს კრემლს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე სატანისტებად მოიხსენიებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყვეს 2023 წლის მარტში. კრემლის პროპაგანდა ხშირად იყენებს ასეთ იარლიყებს სხვადასხვა ჯგუფის დისკრედიტაციისთვის.

თამარ კინწურაშვილთან საუბარს ამ კითხვით ვიწყებთ: რა მუშაობს რუსული პროპაგანდის გზავნილებიდან ყველაზე ეფექტურად საქართველოში, განსაკუთრებით კი 7-8 მარტის თბილისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როცა საპროტესტო ტალღამ ხელისუფლება აიძულა, „რუსული კანონი“ უკან წაეღო?

თამარ კინწურაშვილის დაკვირვებით, მარტის მოვლენებმა ყველაზე მკაფიოდ აჩვენა, რამდენად ვერ მუშაობს ანტიდასავლური გზავნილები საქართველოში, თუმცა მეტ-ნაკლებად მუშაობს ომის შიში.

თამარ კინწურაშვილი

„პირველ რიგში, ეს არის ომის შიშების ინსტრუმენტალიზება: თუ საქართველო დაიცავს თავის სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ეს ითარგმნება ხშირად, როგორც რუსეთის მხრიდან ინტერვენციის საფრთხე,“ – გვიყვება თამარ კინწურაშვილი, „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი. – „ძირითადად ომის შიშით ცდილობს ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირებას.

ბუნებრივია, ადამიანები, რომლებსაც ევროპული არჩევანი აქვთ, მოწყვლადები ხდებიან, თუ მათ ხელისუფლება ყოველდღიურად უმეორებს, რომ ჩვენთან შეიძლება მოხდეს ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ხელისუფლებას, რომელსაც ბევრი ინსტრუმენტი აქვს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის, იყენებს ამ საერთაშორისო ვითარებას, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება,“ – ამბობს თამარ კინწურაშვილი.

რატომ შეიძლება ეს არ იყოს სიფრთხილე: იქნებ საქართველოს ხელისუფლება მართლა ცდილობს ომის საფრთხისგან ქვეყნის დაზღვევას? – ვკითხეთ მას.

„პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრობლემას ხედავს არა რუსეთში, არამედ დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ის ყველა რესურსს იყენებს იმისთვის, რომ გაილაშქროს და მოახდინოს დისკრედიტაცია დემოკრატიული ინსტიტუტების. საუბარია მედიაზე, არასამთავრობო სექტორზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე,“ – ამბობს თამარ კინწურაშვილი და ყურადღებას ამახვილებს დასავლეთის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა უწყებაში შექმნილ სტრატკომებზე – სტრატკომები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა მუშაობდეს, თუმცა ბოლო წლებია ის მხოლოდ საქართველოს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობს.

თამარ კინწურაშვილს ის ამბავი ახსენდება, როცა ფეისბუქმა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალა.

„საქართველოს ხელისუფლება ემთხვევა რუსული პროპაგანდის მუშაობას მეთოდებითაც – აქ პეტერბურგის ტროლების მსგავსი ინფრასტრუქტურა შექმნეს – ადამიანები, რომლებიც არიან დასაქმებული საჯარო სამსახურებში, იმავდროულად აზიარებენ მთავრობის სტრატკომის პოსტებს. ისინი იპარავდნენ სხვის იდენტობას და რუსი მოქალაქეების ფოტოებით ინტერვიუებსაც კი აძლევდნენ სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედიას,“ – ამბობს თამარ კინწურაშვილი და ტროლების კამპანიას იხსენებს ერთ-ერთი ქართველი ოპოზიციონერის წინააღმდეგ.

„მის წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გვერდი გიორგი აღაპაშვილი აქვეყნებდა პოსტებს და შემდეგ სახელისუფლებო მედია ციტირებდა, როგორც რეალურ ადამიანს – არარსებული ადამიანი იძლეოდა ინტერვიუებს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ,“ – ეცინება თამარ კინწურაშვილს.

„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ფეისბუქგვერდი„გიორგი აღაპიშვილის ბლოგი“, რომელიც  ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტებისა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მადისკრედიტებელ პოსტებს ავრცელებს, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ფოტოს იყენებს. ფოტო: „მითების დეტექტორი“

„ეს ტროლები, რომლებიც მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, იმავდროულად აზიარებდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს პოსტებს. ეს აჩენდა ეჭვს, რომ ეს ადამიანი იყო დასაქმებული სამინისტროში. ამის დადასტურება რთულია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ღია წყაროებზე, მაგრამ ფეისბუქმა წაშალა ეს ანგარიშები.

ფეისბუქმა დაადასტურა, რომ საქართველოში საჯარო მოხელეებსა და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის.

პრორუსმა აქტორებმა ისწავლეს, როგორ მოერგონ იგივე ფეისბუქს – წლების წინ თუ 20 ფეისბუქგვერდი ერთი და იმავე შინაარსის მასალას აზიარებდა, ახლა ძირითადად ეს გვერდები დაქსაქსულია, მაგალითად, ერთი გვერდი მუშაობს იმის წარმოჩენაზე, როგორი გარყვნილია დასავლეთი, მეორე კი იმაზე, თუ რამდენად კარგი ადამიანები მუშაობენ მთავრობაში, ოჯახის ერთგულები არიან და ტრადიციულები.

ამჯერად ისინი ცდილობენ ყველა მთავარი ღირებულების დევალვაციას – მაგალითად, შექმნეს თითქოს ფაქტების გადამოწმების პარტიული ვებგვერდი.

ამ გზით ცდილობენ გააჩინონ განცდა, რომ არ უნდა ვენდოთ მედიას. მათი სამიზნეა არამხოლოდ პოლიტიკურად აფილირებული მედია, არამედ ნეიტრალური პლატფორმებიც, როგორიცაა „ნეტგაზეთი და „რადიო თავისუფლება“.

„მითების დეტექტორის“ მიერ მომზადებული ფოტო იმაზე, თუ როგორ მუშაობენ სახელისუფლებო ტროლები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ნიკა გვარამია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია და ის ახლახან შეიწყალა პრეზიდენტმა. არაერთი სამოქალაქო ორგანიზაციის და სახალხო დამცველის შეფასებით, „ნიკა გვარამიას საქმე“ პოლიტიკურად მოტივირებულია.

ხელისუფლება მუდმივად სწავლობს საზოგადოებრივ აზრს და იყენებს მოწყვლადობას ცეცხლზე ნავთის დასამატებლად და არა პირიქით – ჩასაქრობად,“ – კატეგორიულია თამარ კინწურაშვილის დასკვნები.

თამარ კინწურაშვილის დაკვირვებით, პროპაგანდისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ინსტრუმენტია რელიგიაც. ამ კონცეფციაში რუსეთის წარმოჩენა ხდება, როგორც მესამე რომის, რომელიც გვიცავს დასავლეთის გარყვნილებისგან და შეუძლია შეაჩეროს რეგიონში თურქეთის ექსპანსიონიზმი, რომელსაც ოსმალთა იმპერიის აღდგენა სურს.  

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს გზავნილიც გაჩნდა, რომ თუ რუსეთი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს, ეს არ არის საქართველოს ხელსაყრელი, ვინაიდან თურქეთის შეკავების ძალა მხოლოდ რუსეთს აქვს“, – გვითხრა თამარ კინწურაშვილმა.

  • რუსებს კანონის დაცვას სახელმწიფო არ სთხოვს“ – იურისტი 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოს დიდ ქალაქებში, კაფე-ბარების გარდა იხსნება სილამაზის სალონები, კინოთეატრები თუ სხვა კომერციული დაწესებულებები, სადაც ძირითადად რუსეთის მოქალაქეების არიან დასაქმებულნი. მაგალითად, ბათუმში 10 რუსულენოვანი მინიკინოთეატრია, როცა ბათუმს მხოლოდ ერთი კინოთეატრი აქვს.

 

სილამაზის სალონი ბათუმში, რომელიც რუსებმა გახსნეს

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ათეულობით რუსული სკოლაც გაიხსნა, სადაც სწავლა განსაკუთრებით ძვირია. ამ სკოლებს ავტორიზაცია რუსეთის ფედერაციაში აქვთ გავლილი და რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ.

რუსული სკოლა „პროექტორი“ თბილისში – სქრინები სკოლის ინტერნეტგვერდიდან

„რუსები არ გამოირჩევიან კანონის პატივისცემით და აქვთ შეხედულება, რომ რეგულაციების დაცვას დიდად არ სთხოვენ და ეს არც სჭირდებათ,“ – ეს შთაბეჭდილება აქვს ადვოკატ გიორგი ხიმშიაშვილს, რომელიც რუსული ბიზნესის გააქტიურებას აკვირდება საქართველოში.

რამდენად ხშირად მიმართავენ რუსები იურისტებს საქართველოში იმისთვის, რომ გაიგონ, რა სამართლებრივი რეგულაციებია აქ და შესაბამისად მოემზადონ, როცა კომპანიას ხსნიან?

„ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, რუსები იშვიათად ცდილობენ გაარკვიონ, რა არის სამართლებრივი რეგულაცია. სხვა უცხოელები აქტიურად გამოირჩევიან კანონის მიმართ პატივისცემით, ვიდრე რუსები“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი და გვიყვება იმაზეც, რომ რუსები ძირითადად საგადასახადო ვალდებულებებით ინტერესდებიან, ამიტომაც მხოლოდ ქართულენოვან ბუღალტრებს ასაქმებენ.

„არკვევენ, რა არის თავის დაცვის მექანიზმი“, – დასძენს იურისტი და შენიშნავს, რომ რთულია გაიგო, იხდის თუ არა გადასახადს რუსი დამსაქმებელი, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები პროაქტიულად არ იმუშავებენ.

გიორგი ხიმშიაშვილი

იურისტის დაკვირვებით, რუსეთის მოქალაქეებს სასათბურე პირობებს უქმნის სახელმწიფო  საქართველოში და ეს უპირველესად ჩანს სახელმწიფო ენის მიმართ უპატივცემულობაში – სახელმწიფო უწყებებშიც კი, მაგალითად, შემოსავლების სამსახურში, თუ იუსტიციის სახლში რუსებს რუსულად ესაუბრებიან.

„პირველ რიგში, მათ არ აქვთ ენის ბარიერი, მეორეა სამართლებრივი ჩარჩო და რეგულაციები, რომლის დაცვასა და აღსრულებაზე სახელმწიფო ეფექტურ რეაგირებას არ ახდენს,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

რატომ ფიქრობთ, რომ არ მუშაობს ამ კუთხით ეფექტურად სახელმწიფო? – ვკითხეთ იურისტს.

„ეფექტური რომ ყოფილიყო, არსებული ლიბერალური საკანონმდებლო რეგულირების პირობებშიც კი, ასე სწრაფად ვერ დააფუძნებდნენ ამდენ კომპანიას.

წარმოიდგინეთ, როცა არარეზიდენტს ასაქმებ, უნდა ითხოვო ნებართვა, ამ ყველაფერს სჭირდება პროცედურები, დრო. ეჭვის საფუძველია ეს ციფრები – რამდენი კომპანია დააფუძნეს რუსებმა და რუსეთის რამდენი მოქალაქეა დასაქმებული? რუსები სარგებლობენ იმით, რის შესაძლებლობასაც მათ სახელმწიფო აძლევს“.

  • პოლიტოლოგი: ომს აგებ, მაგრამ საქართველოში იმარჯვებ – რუსეთს სჭირდება წარმატებული ქეისი“  

„რუსეთს სჭირდება წარმატებული ქეისი, რადგან უკრაინაში ომს ვერ იგებს. ამ დროს თუ მოახერხებს საქართველოში გამარჯვებას, ამით „დასჯის“ დასავლეთს, რომ „აი, საქართველო მოვიგე და აქ გავლენას შეგეცილები,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია. მას ვკითხეთ: საქართველოს ხელისუფლება რამდენად იქცა კრემლის იდეების გამხმოვანებლად?

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებისა და კრემლის ამოცანები ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს

„თუ რუსეთს სურს წარმოაჩინოს, რომ საქართველო „გონს მოეგო“, საქართველოს ხელისუფლებას კი, ძალაუფლების შენარჩუნება – როცა ძლიერდება ავტორიტარიზმი, ბუნებრივად ქვეყანა უახლოვდება რუსულ ორბიტას.

საქართველოს მაგალითს რუსეთი აჩვენებს უკრაინასაც, რომ ხომ ხედავთ, ომი საქართველოსთანაც მქონდა, მაგრამ ისინი გონს მოვიდნენ წლების შემდეგ, ჩვენთან მოხოხდნენ სათანამშრომლოდო. რუსული პროპაგანდა ამჯერად ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა უფრო სასარგებლოა საქართველოსთვის, ვიდრე ევროკავშირთან. რუსეთი ცდილობს, პრორუსული ჯგუფების გაძლიერებას, რომ ოდნავ მაინც შეირყეს ნდობა, რომელიც ევროკავშირის მიმართ არსებობს,“ – გვიყვება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგი ბოლო სოციოლოგიურ კვლევებს გვახსენებს, სადაც ჩანს, რომ მოსახლეობის 90% კონსოლიდირდა ევროპული იდეის გარშემო. თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოებაზე ასევე მუშაობს ხელისუფლების აქცენტი ომის საფრთხეზე.

„რთულია, როცა ხელისუფლება ყოველდღე გეკითხება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გინდა თუ ევროკავშირში შესვლა? ან ომში რომ აღმოვჩნდეთ ჩართული?“ – იმ კითხვებს ახმოვანებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რაც საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერებისგან ხშირად გვესმის და დასძენს:

„ხელისუფლება ხედავს, რომ ომის შიშმა იმუშავა და ამჯერად მშვიდობის სპეკულაციებით ცდილობს, ხალხი უკან მოიხმოს. რომ აი, ხელისუფლება შეიძლება ცუდია, მაგრამ მშვიდობა მაინც გვაქვს“.

  • რა აჩვენა მარტის მოვლენებმა საქართველოში?

„გაგვიმართლა იმაში, რომ საქართველოში ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება და განსაკუთრებით ძლიერია დამოუკიდებელი მედია, ახალგაზრდები ასევე. ამის გამოა, რომ ამ დრომდე უჭირს რუსულ პროპაგანდას საქართველოში, მიუხედავად ძლიერი დაფინანსებისა. ამ მოცემულობაში სრულად ამოძირკვა ვერ ხერხდება, მაგრამ გამოჩნდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვნად ასუსტებს რუსულ პროპაგანდას,“ – ასკვნის კორნელი კაკაჩია.

საპროტესტო აქცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ – მარტი, 2023

„გარკვეულ ბრძოლას საზოგადოება იგებს, მაგალითად, რუსულ კანონთან დაკავშირებით, თუმცა მშვიდად არ უნდა ვიყოთ,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია. მასაც ვკითხეთ მარტის მოვლენებმა რა აჩვენა მისთვის რუსული პროპაგანდის გავლენის კუთხით.

„მშვიდად ვერ უნდა ვიყოთ, რადგან ეს პროტესტი თუ არ კონვერტირდა საარჩევნო უბნებში ბიულეტენებზე, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ რუსეთში… „ოცნება“ ძირითადად ეჭიდება იმას, რომ ადამიანები არ გააქტიურდებიან, მათ შორის, ამ პროპაგანდის შედეგად და თუ არ იქნება აქტიურობა, გამოვა, რომ ამ პროპაგანდამ იმუშავა. 2024 წლის არჩევნები საქართველოში იქნება მხოლოდ ეს: რუსეთი ან ევროპა, სხვა არაფერი,“ – ამბობს თამარ კორძაია.

__________________

[red_box]„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა MediaBridge-ის მხარდაჭერით[/red_box]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: