სიახლეები

ქობულეთის ახალი პროექტები – რა ელის ქალაქს

09.06.2023 • 2226
ქობულეთის ახალი პროექტები – რა ელის ქალაქს

ურბანული პოლიტიკის სამსახურები მუნიციპალიტეტებში სინამდვილეში ბევრს არაფერს განსაზღვრავენ და მათი მოვალეობა უმეტესწილად სამშენებლო პროექტების კანონთან შესაბამისობის დადგენით შემოიფარგლება.

ურბანულ პოლიტიკას თითქმის არ/ვერ ცვლიან მერებიც, ამიტომაც მათი შეცვლა ქალაქში რეალურად არაფერს ცვლის. მხოლოდ იმის შედარება შეიძლება, ვინ რამდენი სამშენებლო ნებართვა გასცა ან რამდენი შენობა დაანგრევინა.

სტრატეგია, ხედვა – ფაქტობრივად არ არსებობს. კანონის შესაბამისად ხომ მერიის რიგით იურისტსაც შეუძლია ნებართვის გაცემა, ტენდერის გამოცხადება, შესრულებული პროექტის ჩაბარება. მერის როლი რა არის, რაში გვჭირდება მერი, თუ მას ექსკლუზიური უფლების გამოყენება, პოლიტიკის შემუშავება რეალურად არ შეუძლია? – ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს.

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ამ ყველაფერს თავადაც ასე გვიხსნის ხოლმე: „ყველაფერი კანონის შესაბამისად“. თითქოს ვთხოვდეთ რაიმე უკანონოდ გააკეთოს.

ქობულეთის მერი ლევან ზოიძე კი ტელეფონსაც კი არასდროს პასუხობს.

ქობულეთის საკრებულოში ინიცირებული საკითხებით თუ ვიმსჯელებთ, ლევან ზოიძის მიდგომაც იგივეა, რაც არჩილ ჩიქოვანის. უარზე არც საკრებულოა, პროექტებს ამტკიცებს და ამტკიცებს…

მომავალ სხდომაზე, 14 ივნისს, ქობულეთის საკრებულო ერთი სამშენებლო პროექტის განაშენიანების გეგმისა და ოთხი პროექტის კონცეფციის დამტკიცებას გეგმავს. აქედან 4 პირდაპირ სანაპიროზე, ერთი კი სანაპიროსთან ახლოს იგეგმება.

საგულისხმოა, რომ ამავე კვლევებში [გეგმა/კონცეფცია] წერია რიგი გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც მუნიციპალიტეტს სწორედ გადაჭარბებული სამშენებლო პროცესი აყენებს. ასეთია, მაგალითად, ნაპირის წარეცხვის, პარკინგის ადგილების არასაკმარისი ოდენობის პრობლემები.

ქობულეთის სანაპიროს ნაწილი აჭარის მთავრობამ ინვესტიციის განხორციელებისა და მშენებლობის პირობით გაყიდა, ნაწილს კი ადგილობრივები ყიდიან. შედეგად ქობულეთის სანაპიროზე, ისევე როგორც ბათუმში, ორსართულიანი სახლები ქრება და ცათამბჯენები ჩნდება.

14 ივნისს დასამტკიცებელ პროექტებს შორის არის შპს „ჰოლდინგის“ პროექტიც, კომპანია ქობულეთის სანაპიროზე, დავით აღმაშენებლის #836ა -ში, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს და ქობულეთის მერიას მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია სამ საკადასტრო ერთეულს მოიცავს.

საპროექტო ტერიტორიიდან შავ ზღვამდე პირდაპირი მანძილი 195 მეტრია.

კომპანიის მიერ წარდგენილ გენგეგმაში წერია, რომ საპროექტო ტერიტორიის ძირითადი ნაწილი კერძო საცხოვრებლებს უკავია, ნაწილზე კი ადგილობრივ მცხოვრებებს მცირე ბაღ-ბოსტნები აქვთ მოწყობილი. საპროექტო ფართობი 4435 კვ.მეტრია.

საპროექტო მიწის ნაკვეთები

ქობულეთის განაშენიანების გეგმის მიხედვით, საპროექტო ნაკვეთები მდებარეობს საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში, კომპანია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადაჭარბებას აპირებს.

გენგეგმის მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთებზე დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, სპორტული მოედნის, აუზის, გამწვანების ადგილებისა და ავტოსადგომების მოწყობა.

პროექტის რენდერი

პროექტი 311 ბინის მშენებლობას მოიაზრებს, ამას დაემატება კომერციული ფართობები. პარკინგისთვის კი ე.წ. ნულ სართულზე [მიწის ქვეშ] 122 ადგილი იქნება განთავსებული, ღია სივრცეში კი – 35 ადგილი.

ეს ნიშნავს, რომ კომპანია რეალურად პარკინგისთვის 35 ადგილს ითვალისწინებს, ე.წ. ნულ სართულზე კი პარკინგიდან ინვესტორი, მის მიერვე წარდგენილი გაანგარიშებით, მილიონზე მეტის ამოღებას გეგმავს.

აბაშიძის ქუჩაზე, პირდაპირ ზღვის სანაპიროზე, 19 ჰა ფართობზე, რამდენიმე სხვადასხვა ზომის, მათ შორის, 60- სართულიანი შენობის მშენებლობას გეგმავს შპს „შავის ზღვის სამოთხე“. ამ პროექტზე დეტალურად „ბათუმელები“ შემდეგ კვირაში გამოაქვეყნებს.

ესკიზი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, აბაშიძისა და მეგენეიშვილის ქუჩების მიმდებარედ არსებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთზე მშენებლობას შპს „როგანტინი რეალ ესტეიტი“ გეგმავს.

ესკიზი

ქობულეთში, ფიროსმანის #9-ში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს შპს „გონიო 2020“.

მონიშნულია ადგილი, სადაც კომპანია მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს

 

რენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: