ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

2023-24 წლებში საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწას ქულების მინიჭებისას არ გაითვალისწინებენ 

07.06.2023 • 2720
2023-24 წლებში საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწას ქულების მინიჭებისას არ გაითვალისწინებენ 

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის დადგენილებით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.

შესაბამისი ცვლილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებაში შევიდა. ახალი დადგენილება 2023 წლის 7 ივნისს შევიდა ძალაში.

ამასთან, „2023 წლის 1-ელი იანვრიდან, ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე [2023 წლის 7 ივნისამდე] პერიოდში, სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლებით პირველად რეგისტრირებული უძრავი ნივთის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას გათვალისწინების შემთხვევაში, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით ოჯახის მომართვის საფუძველზე, კომპეტენტურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უზრუნველყოს ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის გადათვლა ავტომატურად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამატებითი შეფასების გარეშე“.

ანუ ოჯახს, რომლის ქულების მინიჭებისას უკვე გაითვალისწინეს 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოს, რათა ახალი ცვლილების გათვალისწინებით მისთვის მინიჭებული ქულა ხელახლა გადაითვალოს.

საუბარია საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწაზე, როგორც სპორადული [როცა მოქალაქე თავად მიმართავს საჯარო რეესტრს], ასევე სისტემური რეგისტრაციით [როცა სახელმწიფო თავად აზომავს და არეგისტრირებს მიწას პროგრამის ფარგლებში – 2023 წლის პირველი იანვრიდან დარეგისტრირებულ მიწაზე და იმ მიწაზე, რომელსაც ოჯახი 2025 წლის პირველ იანვრამდე დაირეგისტრირებს].

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი სახელმწიფოს რიგ მუნიციპალიტეტებში დაწყებული აქვს და ქვეყნის მასშტაბით 2025 წლის პირველ იანვრამდე უნდა დაასრულოს.

სისტემური რეგისტრაციის გეგმა-გრაფიკი საჯარო რეესტრმა რამდენჯერმე შეცვალა.

მიწის აზომვა აჭარის იმ სოფლებშიც არ მიმდინარეობს, სადაც ეს პროცესი ახალი გრაფიკითაც კი, კარგა ხნის დაწყებული უნდა ყოფილიყო.

„ბათუმელებმა“ დეტალების დასაზუსტებლად საჯარო რეესტრს ამ დღეებშიც მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში გადაიხდის გლეხი 600 ლარს დაკავებული მიწის რეგისტრაციაში?

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: