მთავარი,სიახლეები

რამდენად შეიძლება კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა „ხალხს მიანიჭოს“ – ინტერვიუ

07.06.2023 • 1253
რამდენად შეიძლება კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა „ხალხს მიანიჭოს“ – ინტერვიუ

საქართველო 5 თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. 9 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდება. არსებობს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილს ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეახსენებენ 12 პუნქტით განსაზღვრულ შეუსრულებელ საკითხებს.

„ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებსა და საფრთხეზე, თუკი ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო.

  • საქართველოში საზოგადოება ითხოვს ქვეყნის ევროინტეგრაციას. დასავლეთშიც და ჩვენთანაც, ბევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ქცევამ ამ პროცესს შეიძლება ხელი შეუშალოს. ევროკავშირის ისტორიაში თუ ყოფილა ისეთი პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გამო მიანიჭეს ქვეყანას, რომ ამას მოსახლეობის სრული უმრავლესობა ითხოვდა, ხოლო ხელისუფლება ისე იქცეოდა, როგორც დღეს ჩვენი ხელისუფლება იქცევა?

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ  საქართველოს მოქალაქეები არიან ისინი, რომლებიც ცდილობენ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესს დაუბრუნონ. საქართველოს მოქალაქეები,  ყველა ჯერზე, როცა რაღაც კრიტიკული მომენტია, გამოდიან და ცდილობენ თავიანთი უკმაყოფილება გამოხატონ. ამით გარკვეულწილად რენომეს უნარჩუნებენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

რაც შეეხება უშუალოდ იმას, რომ თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა. ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა არ არსებობს, უბრალოდ აქ მოჰყავთ ხოლმე ბოსნიის მაგალითი. ბოსნია და ჰერცეგოვინამ შარშან მიიღო კანდიდატის სტატუსი. მაგრამ იქ ოფიციალურ დოკუმენტში ეს ჩანაწერი არ არის, რომ „აი, ხალხის გამო მიიღო“.

უბრალოდ, როცა წარადგინეს გაფართოების პაკეტი, დოკუმენტი, შეფასებები კანდიდატი ქვეყნების, ევროკომისარმა ვარჰეიმ განაცხადა, რომ ეს [სტატუსი] ენიჭებოდა ხალხს, ეს გადაწყვეტილება ეკუთვნოდა ხალხს და პოლიტიკური ელიტა უნდა დასწეოდა ხალხს ამ გზაზე.

მეორე მხრივ, საქართველოში ჩამოსულმა მაღალი დონის დიპლომატებმა არაერთგზის აღნიშნეს, რომ შეუძლებელია ხალხისა და ხელისუფლების დაყოფა. შესაბამისად, თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბუნებრივია, აქ მთავარი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც უნდა გადადგას სწორი და ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ეს არ არის ოფიციალური ჩანაწერი. პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებაა, სადაც ვარჰეიმ განაცხადა, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიემართება ბოსნიელ და ჰერცეგოვინელ ხალხს და რომ კანდიდატის სტატუსი გარკვეულწილად ეკუთვნის სწორედ მოსახლეობას.

  • რამდენად შეიძლება მსგავსი სცენარი ვიხილოთ საქართველოს შემთხვევაშიც?

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. გადაწყვეტილების რაღაც კონტურებიც კი არ ჩანს. დარჩენილია  5 თვე, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპებია გასავლელი. პირველ რიგში, საგულისხმოა 9 ივნისს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, სადაც ის გერმანიის კანცლერს შეხვდება.

შეიძლება დარჩენილ საკითხებზე მოხდეს ყურადღების გამახვილება. ერთგვარი სიგნალი იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დრო იწურება და საჭიროა ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ევროკავშირს ჰქონდეს საფუძველი, მისცეს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანი თარიღი გველოდება წინ ამ თვის ბოლოს, როდესაც შუალედური შეფასება ზეპირი ფორმით უნდა წარმოადგინოს ევროკომისიამ. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რა ეტაპზე ვართ და სად ვიმყოფებით. ამ ეტაპზე, საუბრების მიხედვითაც, რომელიც მე მაქვს, როგორც ბრიუსელში, ისე ბერლინში, რაიმე გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჩამოყალიბებული არ არის და კონტურებიც კი არ ჩანს.

ყველა ელოდება და ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვს შესრულებული 12 პუნქტი. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ბრიუსელში შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ჯერ კიდევ საჭიროა პროგრესის ჩვენება ხუთი მიმართულებით 12-დან. მან ჩამოთვალა ეს მიმართულებები – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მართლმსაჯულების რეფორმა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მედიის დამოუკიდებლობა.

ყველა ელის, რომ ამ მიმართულებით საქართველო გადადგამს ნაბიჯებს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული აცდენაა ჩვენ აღქმებს, ბრიუსელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების აღქმებს შორის.

საქართველოში ჩვენ ვისმენთ, რომ ყველაფერი დასრულდა. ჯერ კიდევ დეკემბერში გავიგეთ ეს მესიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველაფერი შესრულდა და ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა. ევროკავშირის ლიდერები, იგივე მიშელი და სხვები აცხადებენ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რათა შეძლოს და ხელი შეუწყოს ევროკავშირს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

  • რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში ეს შეიძლება ხელისუფლებამ გამოიყენოს, როგორც თავისი პერსონალური მიღწევა და, შესაბამისად, შემდეგი წლის არჩევნებზე ეს გახდეს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მძლავრი ბერკეტი?

ბუნებრივია, ეს რისკი არსებობს. ის, რომ ხელისუფლება ამას შეეცდება, ეს ამთავითვე ჩანს. ხელისუფლებას ერთგვარი გადაბრალების თამაშები უკვე დაწყებული აქვს – ის აბრალებს წარუმატებლობას ყველას, გარდა საკუთარი თავისა. ხოლო წარმატების შემთხვევაში „ოცნება“ იტყვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები კითხვის ნიშანს სვამდნენ მის საგარეო კურსთან და ორიენტაციასთან დაკავშირებით, მან მაინც შეძლო და მიიღო კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ის კითხვის ნიშნები, როგორი ორიენტაცია აქვს „ქართულ ოცნებას“, მოიხსნას.

იმიტომ, რომ თუკი პრორუსულია, მაშინ პრორუსულ ძალას ევროკავშირმა არ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, კაპიტალიზაციას ეცდება ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით. უბრალოდ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს დეკემბერში, როცა წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან ამ გადაწყვეტილებას. იქიდან არჩევნებამდე, რომელიც მომავალი წლის ოქტომბერში უნდა დაინიშნოს, საკმაოდ დიდი დროა. დრო გვიჩვენებს, რამდენად არ გაუფერულდება, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიღწევა.

  • რამდენად შეუძლია ევროკავშირს დააზღვიოს მსგავსი შესაძლებლობა, ანუ თუ ფიქრობს, რომ ხალხი იმსახურებს ამ სტატუსს და არა ხელისუფლება?

მინიჭების შემთხვევაში ამის დაზღვევის ვარიანტი არის ერთადერთი – ყოველი წლის ბოლოს, შემოდგომაზე, ევროკომისია აქვეყნებს შეფასების ანგარიშს. ასე, რომ თუკი ამ სცენარით წავალთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს წელს, ეს დიდი ალბათობით იქნება აუცილებლად პირობებით.

ევროკავშირი იტყვის, რომ შემდგომ ეტაპზე საქართველოს სჭირდება გარკვეული პირობების დაკმაყოფილება. როგორც ახლა ჩვენ გვაქვს პირობები, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, დიდი ალბათობით ჩვენ გვექნება ასევე პირობები, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ამ პირობების შესრულებას დააკვირდება ევროკავშირი.

შესაბამისად, ამ პირობების შესრულება გახდება შემდგომ მნიშვნელოვანი ეტაპი იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. ყოველ შემოდგომაზე ევროკომისია, ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, შეაფასებს იმას, თუ რამდენად ასრულებს საქართველო მოცემულ პირობებს. ასე, რომ ერთი – დიდი დროა გადაწყვეტილების მიღებიდან არჩევნებამდე და მეორე – უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ეტაპზე საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში საქართველოს ექნება წაყენებული გარკვეული პირობები.

ასეთია ევროინტეგრაციის გამოცდილება. ასეთია ევროკავშირის ტრანსფორმაციული ძალა – სახელმწიფო იცვლება ამ პირობების შესრულების პარალელურად. თუკი ის კარგად შეასრულებს ამ ყველაფერს, უკეთესდება. უკეთესი ინსტიტუციები აქვს, უკეთესი დემოკრატიული სისტემები აქვს. შესაბამისად, ეს ეხმარება ქვეყანას, რომ გაუმჯობესდეს და უკეთესი გახდეს, ვიდრე მანამდე იყო, სანამ პირობებს შეასრულებდა. ასე, რომ ეს მუდმივი პროცესი იქნება, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი.

  • განვიხილოთ უარესი სცენარიც, დავუშვათ ევროკავშირის წვერმა სახელმწიფოებმა იხელმძღვანელეს არა პრაგმატული მოსაზრებებით, არამედ დებულების მიხედვით და 12 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ მიანიჭეს ქვეყანას ეს სტატუსი. მაშინ როგორ შეიძლება ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს – შესაძლებელი იქნება ევროკავშირისადმი ასეთი მაღალი მხარდაჭერის შენარჩუნება?

ძნელი სავარაუდოა, ეს შენარჩუნდება თუ არა, ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს ამას. პირველ რიგში, განსაზღვრავს ის, როგორ იქნება აღქმული საქართველოს მოსახლეობის მიერ ის, რომ თუ უარი გვეთქვა, რის გამო მიიღებს საქართველო უარს მეორე ჯერზე.

თუ საქართველოს მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს არის ევროკავშირის ბრალეულობით, მაშინ შეიძლება ევროკავშირის მიმართ ერთგვარი იმედგაცრუება გამოიწვიოს, მოსახლეობა გაბრაზდეს, თქვას, რომ აი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დაგვჩაგრეს  და არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

თუკი ეს იქნება, ასე წარმოდგენილი, შესაძლოა მხარდაჭერა ქვემოთ წამოვიდეს. ოღონდ შესაძლოა. ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი.

მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება ახსნილი იქნება, როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიერ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, შესაძლებელია, ეს სიბრაზე და გაწბილება მიემართოს საქართველოს ხელისუფლებას და მოქალაქეები გაბრაზდნენ არა ევროკავშირზე იმის გამო, რომ ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, არამედ საქართველოს ხელისუფლებაზე – ეს დრო რომ არ გამოიყენა ჯეროვნად 12 პირობის შესასრულებლად, რათა მიეღო კანდიდატის სტატუსი.

ამ გადაბრალების თამაშებში, რომელიც უკვე დაწყებულია, გააჩნია ვინ იქნება გამარჯვებული. მერე შეიძლება ვისაუბროთ, რეალურად საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა შენარჩუნდება თუ არა ევროინტეგრაციის მიმართულებით.

  • რუსეთისთვის ეს რა გზავნილი იქნება?

რუსეთისთვის, თუკი გეოპოლიტიკურად შევხედავთ, „მეორე არა“ – შეიძლება არასწორად იქნეს აღქმული და, სამწუხაროდ, ჩვენ ამის მაგალითი გვაქვს. 2008 წელს ნატოს გაფართოებამ და მაპის არმოცემამ საქართველოსთვის, რუსეთს გაუგზავნა მესიჯი, რომ ნატო თვალს ხუჭავს ამ რეგიონზე და მას ხელ-ფეხი გახსნილი აქვს, კარტბლანში აქვს და შეუძლია, რაც უნდა ის აკეთოს. სამწუხაროდ, მივედით იქამდე, სადამდეც მივედით.

თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას 2008 წლის რუსეთსა და დღევანდელ რუსეთს შორის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა არის რუსეთი, ვინ არის რუსეთი, რა შეუძლია რუსეთს და რა განზრახვები აქვს. ასევე, ისიც კარგად იცის, რომ დღეს ის არ არის იმ ფორმაში, რომ ეცადოს კიდევ უფრო გაზარდოს ზეგავლენა საქართველოზე.

რა თქმა უნდა, სიგნალის თვალსაზრისით ეს იქნება არასწორი, ცუდი გზავნილი, თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთს შეიძლება აღარ შეეძლოს კუდის მოქნევა, იმიტომ, რომ ის ბოლომდეა ჩართული რუსეთ-უკრაინის ომში.

  • საქართველოში დღემდე მტკივნეულად განიცდიან, რომ აგვისტოს ომის შემდეგ დანარჩენმა სამყარომ რუსეთთან გააგრძელა ჩვეულებრივი ურთიერთობა. უკრაინის ომის შემდეგ ვითარება, ცხადია, შეიცვალა, მაგრამ სკეპტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ საქართველო შეიძლება ისევ რუსეთის პირისპირ დარჩეს მარტო და რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდეს. ეს საფრთხე რამდენად რეალურია და თუ რეალურია, მოახდენს გავლენას ევროკავშირზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს? – კანდიდატის სტატუსს ვგულისხმობ.

კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ, რომ სრულად ვიქნებით დაცული რუსეთის გავლენისგან. ეს ასე არ არის. ამას დასჭირდება ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო ყურადღების მიქცევა და აქტიურობა, რომ რუსეთის გავლენები საქართველოში არ გაიზარდოს. კანდიდატის სტატუსი აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა გადის რუსული ორბიტიდან.

ჩვენ გვაქვს ამის არც თუ ისე სასიამოვნო მაგალითები იგივე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. ბუნებრივია, ანალოგიური არ არის სიტუაცია და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები საქართველოსგან განსხვავდებიან, მაგრამ ის, რომ მათ აქვთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს და ჯერ კიდევ ინარჩუნებს იქ თავის გავლენას, ეს ცალსახაა და ერთმნიშვნელოვანი.

კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც კი, არავინ უნდა მივიჩნიოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვწყდებით რუსეთის გავლენებს – რაც უფრო დავშორდებით რუსეთს და წავალთ ევროკავშირისკენ, რუსეთი უფრო მეტად ეცდება იაქტიუროს საქართველოში და ამიტომ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა მოგვიწევს.

მე ვერ გავიზიარებ, რომ კანდიდატის სტატუსი ეს არის ქოლგა, რომელიც გადაეფარება საქართველოს და ამით რუსული გავლენები შემცირდება. სამწუხაროდ, ეს ასე არ იქნება. არ მინდა,  ამის ილუზია გვქონდეს.

პირიქით, კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს მუშაობა იმაზე, რომ ეს გავლენები გამოვავლინოთ საქართველოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: