მთავარი,სიახლეები

„რეტროს“ მფლობელი გირაოთი გაათავისუფლეს – „ხმამაღალი ტონისთვის ბოდიშს ვითხოვ”

06.06.2023 • 8800
„რეტროს“ მფლობელი გირაოთი გაათავისუფლეს – „ხმამაღალი ტონისთვის ბოდიშს ვითხოვ”

„ხელით შევეცადე გამეყვანა გარეთ… შემდეგ დამესია რამდენიმე სხვა პიროვნება, პატიებას ვითხოვ…”,- მიმართა მოსამართლე ლევან ყოლბაიას ბრალდებულმა თეიმურაზ ვარშანიძემ. იგი დღეს, 6 ივნისს, სასამართლომ 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

თეიმურაზ ვარშანიძე რესტორან „რეტროს“ მესაკუთრეა. მას გამოძიება მიმტანზე ფიზიკურ ძალადობას, ასევე, მუქარას ედავება.

თეიმურაზ ვარშანიძე 5 ივნისს დააკავეს.

თეიმურაზ ვარშანიძე მაშინვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, როგორც კი გირაოს გადაიხდის. ამასთან, მას აუკრძალეს დაზარალებულ პირთან კომუნიკაცია.

„ერთ საათში გადავიხდით“ – თქვა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა, ვიდრე სასამართლოს სხდომათა დარბაზს დატოვებდა.

3 ივნისს ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კრავს ხელს რესტორნის მფლობელი მიმტანს და კარებში აგდებს. შემდეგ ისმის კივილის ხმა.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესზე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება თავად პროკურორმა მოითხოვა. მან გირაოს ოდენობაც დაასახელა – 5 ათასი ლარი.

პროკურორმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბრალდებული ნასამართლევია, მათ შორის, ნარკოდანაშაულისთვის.

„აუცილებელია, გამოყენებულ იქნეს ქცევის შემზღუდავი ღონისძიება,“- აღნიშნა პროკურორმა. პროკურატურა ძირითადად აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„ჩვენება მიცემული აქვს უკვე… ნასამართლობა მოხსნილი აქვს,“- ამ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში, როგორც კი დაიბარეს.

ბრალდებული გემის კაპიტანია.

„გთხოვთ, ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ და მაქსიმუმ ერთ საათში უზრუნველვყოფთ გირაოს გადახდას,“ – თქვა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა, ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

მოსამართლეს მიმართა ბრალდებულმაც:

„ბოდიში მინდა მოვუხადო მთელ საზოგადოებას, ძალიან განვიცდი ამ ამბავს… არასდროს ხელი არ დამირტყამს არავისთვის… თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ,“ – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.

„თუ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევთ, პატიებას  რისთვის ითხოვთ?“- მიუბრუნდა ბრალდებულს მოსამართლე.

„ხმამაღალი ტონით რომ ვილაპარაკე… აღელვების ნიადაგზე მოხდა ეს,“- დასძინა ბრალდებულმა.

ამ თემაზე:

„რეტრო“ ყველამ დავტოვეთ, რუსების და მფლობელის ნათესავების გარდა – რესტორნის თანამშრომლები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: