მთავარი,სიახლეები

ვინ არის და რა ბიზნესი აქვს „რეტროს“ მფლობელს, რომელიც მიმტანის ცემის გამო დააკავეს

05.06.2023 • 19027
ვინ არის და რა ბიზნესი აქვს „რეტროს“ მფლობელს, რომელიც მიმტანის ცემის გამო დააკავეს

„დაძაბულობა, კამათი, ყვირილი, შეურაცხყოფა ადრეც ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალი რუსეთის მოქალაქე მენეჯერი და მზარეულები აიყვანეს, დაძაბულობამ იმატა.

ამბობდა განვითარება გვინდა, ამიტომ მოვიყვანე ეს ხალხიო“, – გვიყვებიან რესტორან „რეტროს“ უკვე ყოფილი თანამშრომლები. მათივე ინფორმაციით, მიმტანის ცემის ფაქტის შემდეგ სამსახური ყველამ დატოვა მფლობელის ნათესავების გარდა. 

რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შსს

განვითარების სურვილის მოტივით რესტორნის მფლობელს ახალი რუსი მენეჯერი საშა და რუსი მზარეულები აუყვანია: „მოქმედ მზარეულებს დაგვავალეს ასწავლეთო, შემდეგ მათ დაავალეს ჩვენთვის ესწავლებინათ.“

კითხვაზე მაინც რა უნდა ესწავლებინათ? – „რეტროს“ ყოფილი მზარეული ღიმილით გვპასუხობს: „ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადება.“

„რეტროს“ თანამშრომლები

„რეტროს“ თანამშრომლები

 

სარესტორნო საქმე „რეტროს“ მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძისთვის ბიზნესის ერთადერთი მიმართულება არ არის. ის ფლობს „საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრ ეკვატორს“, შპს „ფორტუნა 2010“-ს და ბენზინგასამართ სადგურს ბათუმში, შაფათავას ქუჩაზე.

ამ ყველაფერთან ერთად თეიმურაზ ვარშანიძე აჭარის მთავრობის აიპის – „ბადმინტონის ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტია 2016 წლიდან.

გარდა ამისა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, თეიმურაზ ვარშანიძე და მისი პარტნიორები წელს სასტუმროს გახნას გეგმავენ ქალაქის ცენტრალურ უბანში, გოგებაშვილის #14-ში.

გოგებაშვილის #14-ში ზღვასთან ახლოს მდებარე ოთხსართულიან შენობაში [ეგრეთ წოდებული ჩაის სახლი] 341 კვადრატულ მეტი ფართობი ბათუმის მერიამ აუქციონის წესით გაყიდა. 

აუქციონის პირობა შენობაში სასტუმროს მოწყობა იყო. ქონების გაყიდვის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შენობაზე დაშენების ნებართვაც გასცა.

ბათუმი, გოგებაშვილის #14

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, შპს „რეტრო“ კაფეს გახსნის მიზნით თეიმურაზ ვარშანიძის ახლობელს [დის ქმარი], გია გოგმაჩაძეს 2010 წელს დაუფუძნებია. თავად ფიქსირდებოდა, როგორც კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი და დირექტორი. რეალურად კი, სარესტორნო ქსელი „რეტრო“ თეიმურაზ ვარშანიძის საკუთრება იყო და არა გია გოგმაჩაძის.

2019 წელს, ეს დადასტურდა კიდეც, როდესაც თეიმურაზ ვარშანიძემ გადაიფორმა კომპანია – ამ დროიდან ის ფიქსირდება შპს „რეტროს“ როგორც 100 პროცენტის მფლობელად, ასევე კომპანიის დირექტორად.

2016 წელს გია გოგმაჩაძემ შპს „რეტრო 2“,  2017 წელს კი „რეტრო 3“ დააფუძნა. მისი დაფუძნებულია ასევე „რეტრო ჩაის სახლიც“.

შპს „საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორის“ ასივე პროცენტიც თეიმურაზ ვარშანიძეს ეკუთვნის, ეს კომპანია მან 2009 წელს დააფუძნა, დირექტორად ამირან მგელაძე ფიქსირდება. კომპანია მეზღვაურებს სხვადასხვა მიმართულებით გადამზადებასა და სერტიფიცირებას სთავაზობს. მომხმარებლების ინფორმაციით, თითოეულ მომსახურებას თავისი ვადა აქვს, ამის მიხედვით განისაზღვრება მომსახურების ღირებულებაც.

შპს „ფორტუნა 2010“ თეიმურაზ ვარშანიძემ 2009 წლის თებერვალში დააფუძნა. იურიდიული მისამართია შავშეთის #29.

2014 წელს თეიმურაზ ვარშანიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ბაკურიანში სტატუსი პრემიერის განკარგულებით შეუცვალეს, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის სტატუსი მიანიჭეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: