მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჩემი კლასელები „ვეიფს“ ეწევიან – ელსიგარეტის მოხმარების მზარდი ტენდენცია მოზარდებში

31.05.2023 • 1531
ჩემი კლასელები „ვეიფს“ ეწევიან – ელსიგარეტის მოხმარების მზარდი ტენდენცია მოზარდებში

ჯანდაცვის სპეციალისტები მსოფლიო მასშტაბით, ბოლო რამდენიმე წელია, მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების საგანგაშოდ მზარდ ტენდენციაზე საუბრობენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მე-7 კლასელი ლიკა, ბათუმის ერთ-ერთი სკოლიდან ამბობს, რომ მისი თანა და უფროსკლასელები ელექტრონულ სიგარეტს მასიურად მოიხმარენ.

ეგრეთ წოდებული „ვეიფის“ კომპაქტურობის, რთულად ამოსაცნობი ფორმისა და კლასიკური თამბაქოსგან განსხვავებული სუნის გამო, მისი გამოყენება მოზარდებისთვის ხალხმრავალ ადგილებშიც მოსახერხებელია. „ჩვენთან სკოლაში, უმეტესად ბიჭები ეწევიან „ვეიფს“, თითქმის ყოველ დღე. უმეტეს შემთხვევაში მეშვიდე-მერვე კლასელები.

ჩემი კლასელები და კიდე ბევრი ბავშვი პირდაპირ კლასში, მასწავლებლის წინ ეწევა „ვეიფს“. მასწავლებლები მაინცა და მაინც არ აქცევენ ყურადღებას ამ ფაქტს“, – ჰყვება ლიკა.

ელექტრონული სიგარეტის გამოყენებისას მომხმარებელი ჩაისუნთქავს ნიკოტინს ორთქლით [vapour] და არა კვამლით. ნიკოტინი თამბაქოს სიგარეტში ძირითადი დამოკიდებულების გამომწვევი კომპონენტია. ელექტრონული სიგარეტი მუშაობს სითხის გაცხელებით, რომელიც ჩვეულებრივ შეიცავს ნიკოტინს და არომატიზატორებს სხვა ქიმიკატებთან ერთად.

საქართველოში ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტის მიყიდვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის აკრძალულია. თუმცა, როგორც ჩანს, მოზარდებისთვის მათი შეძენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

ESPAD – ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტია, რომელიც ევროპის 35 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ტარდება; ამ კვლევის ბოლო [2019 წლის] მონაცემებით, ESPAD-ის ქვეყნების 10-დან ერთზე მეტმა მოსწავლემ (11%) მოწია ელექტრონული სიგარეტი 13 წლის ან უფრო ახალგაზრდა ასაკში.

ESPAD: 16 წლის სკოლის მოსწავლეების 12% რეგულარული მწეველია, 7% მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტს, 5% ჩილიმს და 3% გახურებადი თამბაქოს ნაწარმს.

„ჩემი კლასელები სკოლაში დადიან და აგროვებენ ფულს და მერე „ვეიფს“ ყიდულობენ. მე როგორც შევამჩნიე, „ვეიფს“ თავისუფლად ყიდულობენ და მათ წლოვანებას არავინ არ აქცევს ყურადღებას“, – ამბობს ლიკა. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი – „ელ. სიგარეტის მოხმარება ზრდის ფილტვის დაზიანებისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, კიბოს და სხვა დაავადების რისკს;

NCDC: ელ.სიგარეტის გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კი მოზარდებში; ხშირ შემთხვევაში, თამბაქოს ახალი პროდუქტის მომხმარებელი, პარალელურად, ეწევა სიგარეტსაც, რაც ორმაგ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას; ელ. სიგარეტის მომხმარებელი სამჯერ უფრო მეტს ეწევა, ვიდრე ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) წერს, რომ ელექტრონული სიგარეტის გამოყენება სახიფათოა ბავშვებისთვის, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის. ელ. სიგარეტების უმეტესობა შეიცავს ნიკოტინს.

ნიკოტინი ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს და შეიძლება ზიანი მიაყენოს მოზარდის ტვინის განვითარებას, რომელიც გრძელდება დაახლოებით 20-დან 25 წლამდე. გარდა ამისა, ელექტრონული სიგარეტი ნიკოტინის გარდა შეიძლება შეიცავდეს სხვა მავნე ნივთიერებებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წერს, რომ ნიკოტინის მოხმარება ბავშვებსა და მოზარდებში მავნე ზეგავლენას ახდენს ტვინის განვითარებაზე, რაც იწვევს ტვინის განვითარების გრძელვადიან შედეგებს და პოტენციურად იწვევს სწავლის შეფერხებასა და შფოთვითი აშლილობების განვითარებას.

2017 წელს, საქართველოში კანონით განიმატა ელექტრონული სიგარეტი და დადგინდა ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობისა და მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები.

თუმცა, „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021-2025“  ვკითხულობთ, რომ ისეთი საკითხი, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მოწყობილობების შემადგენლობის და უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრება, ჯერ კიდევ არ არის ასახული ქვეყნის კანონმდებლობაში.

გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევის ასოციაციის თანახმად, არსებობს შეშფოთება, რომ ელექტრონული სიგარეტის მარკეტინგი გამიზნულია უფრო მოზარდებზე, რომლებიც არ ეწევიან თამბაქოს, ვიდრე იმ მწეველებზე, რომლებიც ცდილობენ სიგარეტზე თავის დანებებას.

საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ბაზარზე შემოდის ახალი ნაწარმები და მოსაწევი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავენ ნიკოტინს, თუმცა სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, შესაძლოა საზიანო იყოს ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

23 მაისს BBC-იმ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კიდერმინსტერის ბაქსტერის კოლეჯში, სკოლის მოსწავლეებიდან ამოღებული ელექტრონული სიგარეტები შეიცავდა ტყვიის, ნიკელისა და ქრომის მაღალ დონეს.

„ლივერპულში მდებარე Inter Scientific ლაბორატორიამ, რომელიც მუშაობს „ვეიფის“ მწარმოებლებთან, რათა უზრუნველყოს მარეგულირებელი სტანდარტების დაცვა, გაანალიზა 18 „ვეიფი“. მათი უმეტესობა არალეგალური იყო და არ ჰქონდა გავლილი რაიმე სახის ტესტირება დიდ ბრიტანეთში გაყიდვამდე“.


ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: