მთავარი,სიახლეები

რა დადგინდა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე – 2 წლის შემდეგ

30.05.2023 • 3870
რა დადგინდა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე – 2 წლის შემდეგ

რა გაირკვა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა დღეს, 30 მაისს, დაუსვა ბათუმის მერიას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს და კომპანიას, რომელმაც 9 კორპუსი შუა ქალაქში უკანონოდ ააშენა.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი ვერ გვიპასუხეს, რის გამო არ განიხილა ამ დრომდე და თითქმის ორი წლის განმავლობაში „უკანონო კორპუსების საქმე“ სასამართლომ.

ბათუმში, გოგოლის 11-ში, უკანონო მშენებლობა ხელისუფლებამ 2021 წელს არ შეაჩერა. კორპუსები ახლა ქვის ღობითაა გარშემორტყმული და იქ ამ დროისთვის არავინ ცხოვრობს. სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები პერიოდულად ითხოვენ ამ კორპუსების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემას.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბათუმის მერიამ გოგოლის ქუჩაზე კორპუსების უკანონოდ მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის პირველ ივნისს შეიტყო, როცა მხოლოდ ერთი კორპუსის ორი სართული იყო აშენებული. მას შემდეგ მერიამ 6-ჯერ [ჯამში 31 ათასი ლარით] დააჯარიმა კომპანია „მეტრო ტერმინალი“.

ჯარიმების გარდა მუნიციპალურმა ინსპექციამ ასევე მოითხოვა მშენებლობის შეჩერება და აშენებულის დემონტაჟი. კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული აქტები სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე ამ საქმის განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვერ მოიცალა.

კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ სასამართლოში მოითხოვა, მერიის მიერ გამოცემული დადგენილებები სასამართლოს უკანონოდ მიეჩნია. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი, კომპანიამ სასამართლოს მერიის მიერ გამოცემული დადგენილებების შეჩერებაც სთხოვა, მერიას რომ აღარ ჰქონოდა უფლება, მოეთხოვა ჯარიმების გადახდა და არ შეეჩერებინა მშენებლობა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 16 აგვისტოს განჩინებით კომპანია „მეტრო ტერმინალის“ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

საია-ს შეფასებით, სასამართლოს გოგოლის 11-ში უკანონო მშენებლობის შეჩერება მაინც შეეძლო. „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას – წერია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტში,“ – განმარტავდა საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე. იურისტი მაშინ აქცენტს აკეთებდა კონკრეტულ ჩანაწერზე: „საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას“.

„სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ჯარიმის ნაწილში და გამოიყენა შაბლონი, რასაც იყენებს, მაგრამ საერთოდ არ უმსჯელია მშენებლობის შეჩერების ნაწილში. აქ იყო საჭირო სიღრმისეული სამართლებრივი შეფასება… გამოდის, რომ მოსამართლემ ამ მასშტაბის უნებართვო მშენებლობა არ შეიმჩნია და მას მწვანე შუქი აუნთო,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე.

მუნიციპალურმა ინსპექციამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება 2021 წელსვე სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა ამასობაში გოგოლის ქუჩაზე კორპუსების მშენებლობა დასრულდა.

საქმის არსებითი განხილვა კი, ამ დრომდე არ დაწყებულა.

ამ კორპუსების მესაკუთრე „მეტრო ჰოლდინგია“, რომლის დამფუძნებელი გალიფ ოზთურქი [თურქეთის და საქართველოს მოქალაქე] ახლა ციხეშია. გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის თებერვალში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოდანაშაულისთვის.

კომპანია „მეტრო ჰოლდინგში“ დღეს ვერ გვითხრეს, რა ხდება უკანონოდ აშენებულ კორპუსებში, ან რას უპირებს მას კომპანია.

გალიფ ოზთურქი ბრალდებულია ფინანსურ დანაშაულზეც – გამოძიება ამჯერად მილიონერ ბიზნესმენს „ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას“ ედავება.

ამ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 31 მაისს, უნდა დაიწყოს.

ამ თემაზე:

9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: