მთავარი,სიახლეები

როცა შვილმა სახლიდან გამოგაგდო, სასამართლომ კი ბაჟის გადაუხდელობის გამო საქმე არ მიიღო

05.06.2023 • 8022
როცა შვილმა სახლიდან გამოგაგდო, სასამართლომ კი ბაჟის გადაუხდელობის გამო საქმე არ მიიღო

„აივანზე შემასახლეს, რომელიც სულ 3 კვადრატული მეტრია,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები პენსიონერი ქალი. ნანა ბ. სასამართლოში ბინის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ ვერ იხდის სასამართლო ბაჟს – 3 ათასს ლარს, რის გარეშეც მის სარჩელს არ განიხილავენ.

„ბათუმელები“ ორ კონკრეტულ საქმეს გაეცნო, სადაც უკვე პენსიონერი დედები საკუთარი შვილების წინააღმდეგ დავობენ სასამართლოში. ორივე შემთხვევაში დავის საგანი საცხოვრებელი ბინაა, რომელიც მშობლებმა შვილებს აჩუქეს, ახლა კი შვილები მშობლებს ბინის დატოვებას აიძულებენ, ანუ ქუჩაში ტოვებენ.

დედებს ბაჟის გადახდა უჭირთ, რომელიც ბინის ღირებულების მიხედვით განისაზღვრება [ღირებულების 3 %, თუმცა არაუმეტეს 3 ათასი ლარი პირველი ინსტანციის სასამართლოში]. ამ საქმეებიდან ჩანს, რომ პრაქტიკა ერთგვაროვანი არ არის: თბილისის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაში მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბაჟი უნდა გადავადდეს დავის დასრულებამდე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი ბაჟის გადაუხდელობის გამო სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

სამართლებრივად შესაძლებელია სასამართლო ბაჟის გადავადება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს ინდივიდუალური შემთხვევის და ამ კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად. ბაჟისგან გათავისუფლება კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად, თუ მოსარჩელე სოციალურად დაუცველია.

ბაჟის გადავადების შემთხვევებს მოსამართლე ინდივიდუალურად განიხილავს – თუ ბაჟი გადავადებულია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბაჟის საფასურს წაგებული მხარე იხდის.

ბათუმში მცხოვრები მოქალაქე ნანა ბ. კი, საკუთარი ბინაზე ჯერ მიშენებულ და შემდეგ ამოშენებულ აივანზე ბოლო 3 წელია ცხოვრობს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მას ჩუქების ხელშეკრულება შვილთან გაუფორმებია. ნანა ბ. ახლა სასამართლოში სწორედ ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს.  ნანა ითხოვს, რომ მისი ვინაობა არ გავასაჯაროოთ, რადგან ასე შეიძლება უფრო მეტად დაეძაბოს შვილთან ურთიერთობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართულ სარჩელში მოქალაქე მოსამართლეს თავის ისტორიას უყვება, რომ უკვე 35 წელია ცხოვრობს ბათუმში, კონკრეტულ მისამართზე.

„…ეს ბინა მეუღლესთან ერთად შევიძინე, ვიყავი თანამესაკუთრე. ბოლო დროს ხშირად ვარ ავად და შვილზე გადავაფორმე ბინა. ამ დროს ჩემი მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

„ოჯახში მაქვს დაძაბული ურთიერთობა, მაქვს შიში, რომ გამომაგდებენ… ჩემი შვილის ცოლმა ჩემი პირადი ნივთები გამომიყარა საძინებლიდან და შემასახლა აივანზე. ეს აივანი მიშენებულია და სულ 3 კვადრატული მეტრია, მერე ამოვაშენეთ… გიული მემუქრება, რომ გამასახლებს, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულა და ბინის მესაკუთრე ახლა თვითონაა.

ეს ნასყიდობა არის ფორმალურად გაკეთებული, რომ ამ სახლის მესაკუთრე ყოფილიყო ჩემი რძალი –  დედამთილს მარტივად გამომასახლებდა სახლიდან.

პოლიციაშიც უბნის რწმუნებულმა მითხრა: ქალბატონო, არ გეკუთვნის ეგ სახლი თქვენ და შეუძლია გამოგასახლოსო… საკუთარმა შვილმა მითხრა, თავშესაფარში მოგათავსებო,“ – წერს ნანა ბ. სარჩელში.

მოსარჩელე იმ საკანონმდებლო ნორმაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც „ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ხოლო ჩუქების გაუქმების შემთხვევაში, მჩუქებელი უფლებამოსილია გამოითხოვოს გაჩუქებული ქონება“.

სარჩელს ნანა ბ.-მ დაურთო ცნობა იმის შესახებ, რომ უკვე 63 წლისაა, პენსიონერია და პენსიის გარდა შემოსავალი არაფერი აქვს. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ასევე სამედიცინო „ფორმა 100“, რომლის მიხედვითაც პენსიონერს მკურნალობა სჭირდება. სარჩელს თან ერთვის ცნობა შემოსავლების სამსახურიდან – ამ დოკუმენტით დგინდება, რომ მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა.

„მოსამართლეებმა უნდა გამოიჩინონ ჰუმანური მიდგომა და დაიცვან, პირველ რიგში, მოსამართლის ღირსება, როცა მხარე მოითხოვს დასაბუთებულად ბაჟის გადავადებას, ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი ვერ სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით – ქუჩაში რჩება სრულიად დაუცველი, ხანდაზმული ადამიანი,“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა, რომელსაც მიმდინარე წელს ანალოგიური მეორე საქმეც ჰქონდა – თბილისში მცხოვრები ლალი მ.-ს შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა მესხიშვილს ბაჟის გადავადების მოთხოვნა დაუკმაყოფილებია.

„იქაც გვქონდა ანალოგიური მოთხოვნა, რომ მოსარჩელეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, მკურნალობა სჭირდება და შემოსავალი მხოლოდ პენსია აქვს. ამ მოტივით მოვითხოვეთ იქაც ბაჟის გადავადება.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც კი სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, მოსარჩელის შვილი წამოვიდა მორიგებაზე და შედგა მორიგება. მოპასუხემ დაინახა, რომ უკვე წარმოებაშია საქმე მის წინააღმდეგ და შესაგებელიც აღარ წარმოუდგენია, ამ შემთხვევაში ბაჟი აღარ არის გადასახდელი,“ – განმარტავს ადვოკატი ლელი ბჟალავა.

ლალი მ.-საც დავა საკუთარ შვილთან ჰქონდა, რომელმაც იგი ქუჩაში დატოვა. პენსიონერს ბაჟის სახით 2100 ლარი უნდა გადაეხადა. მორიგების შემდეგ ლალი მ.-ს შვილმა ფული გადაუხადა ახალი ბინის შესაძენად.

ლალი მ. სასამართლოში სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვდა, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანას და ასევე სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტის ბათილად ცნობას. ლალი მ.-ს თბილისში იმ ბინის დატოვება მოუწია, სადაც იგი ბოლო 40 წელი ცხოვრობდა.

„2006 წელს, დედამთილის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდროზე ფაქტობრივი ფლობით ცხოვრება გავაგრძელეთ ჩვენმა ოჯახმა,“ – აღნიშნულია სარჩელში, რომლითაც ლალი მ.-მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. – „ერთ დღეს ჩემმა შვილმა, გიორგიმ, მომთხოვა ნოტარიუსში წავყოლოდი და ქონება გაგვეფორმებინა დაჩქარებული წესით.

მე რომ მცოდნოდა განცხადების შინაარსი, რაც იქ იყო მითითებული, ხელს არ მოვაწერდი. ჩემთვის ეს შინაარსი ცნობილი მას შემდეგ გახდა, როცა ჩემმა შვილმა, გიორგიმ სახლიდან გამომაგდო და მითხრა, შენ აღარ ხარ ამ ბინის მესაკუთრეო. თურმე ნოტარიუსთან ხელი მომაწერინეს განცხადებას სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურებაზე,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მოსარჩელემ მოსამართლეს სამედიცინო „ფორმა 100“ წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მას სჭირდება მკურნალობა და მზრუნველობა.

„…მესაჭიროება მუდმივად მზრუნველობა, ყურადღება და ვარ ნათესავთან ბინაში, სადაც არ მაქვს პირობები შესაბამისი, მუდმივად მესაჭიროება ექიმის კონსულტაცია და მედიკამენტები, რაზედაც არ მყოფნის ჩემი პენსია, სხვა შემოსავალი არ გამაჩნია,“ – წერდა მოსარჩელე.

„პრობლემაა სასამართლოების გადატვირთულობა. იმდენად ბევრი საქმე აქვთ მოსამართლეებს, რომ ხშირად ისინი ვერც კი ეცნობიან საქმის მასალებს, განსაკუთრებით კი, როცა ბაჟი არაა გადახდილი, შესაძლოა, მარტივად საქმე წარმოებაში არ მიიღონ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ლელი ბჟალავა. მისი თქმით, იგი ბათუმში მცხოვრები ნანა ბ.-ს შემთხვევაზე ხელახლა აპირებს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვას.

„თანაც მოვითხოვ, რომ მოსამართლე ადგილზე გაეცნოს, რა პირობებში უწევს ცხოვრება მოსარჩელეს – ამოშენებულ აივანზე, მეზობლებთან ჭამს საჭმელს,“ – დასძინა ადვოკატმა.

რა საფუძვლით მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლომ, რომ ბაჟი არ უნდა გადავადებულიყო? – შეკითხვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ, თუმცა ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ განმარტებას სასამართლო ვერ გააკეთებს, საფუძველი კი, განჩინებაშია მითითებული.

პრაქტიკაზე არც თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგველაპარაკნენ.

„სამართალწარმოება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის,“ – მიიჩნევს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, – „ხშირ შემთხვევაში კი, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი და განცდა, რომ სასამართლო ამ მექანიზმს – სარჩელი დატოვოს განუხილველად, ბოროტად იყენებს.

სასამართლო მოტივირებულია, გადატვირთულობის გამო, რაც შეიძლება ნაკლები საქმე მიიღოს წარმოებაში,“- ამბობს ანა ბერძენიშვილი.

იურისტის მრავალწლიანი დაკვირვებით, სასამართლოს გადატვირთულობაა მთავარი მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, სასამართლომ საფუძვლების გამორკვევის გარეშე სარჩელის მიღებაზე უარი თქვას. ანა ბერძენიშვილი გვიყვება, რომ, მაგალითად, პირველ ივნისს დაესწრო ხელვაჩაურში სასამართლო სხდომას – ამ სარჩელით კი, სასამართლოს 5 წლის წინ მიმართა.

ანა ბერძენიშვილი ყურადღებას ამახვილებს ტენდენციაზე სასამართლოში:

მაგალითად, აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის თეონა ბაკურიძის საქმეზე 2020 წლიდან დღემდე არსებითი განხილვის არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა, სასამართლოს ერთი სხდომა არ ჩაუტარებია ასევე გოგოლის ქუჩაზე 2020 წელს უკანონოდ აშენებული კორპუსების საქმეზე, თუმცა იმავე სასამართლომ რამდენიმე დღეში დაასრულა ვაჟა თავართქილაძის საქმის განხილვა – საშაურმეს მესაკუთრე საშაურმეს ვიტრინაზე გამოკრული განცხადებისთვის „ბათუმის ზონდერი მერი – ხალხის მტერი“ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა.

„იმავე მოსამართლესთან, ალექსანდრე გოგუაძესთან მაქვს სხვა სასარჩელო დავები, რომლებიც არ განუხილავს 2-3 წელიწადია. როგორ გამონახა სასამართლომ დრო მოქალაქე ვაჟა თავართქილაძისთვის? რა გადაუდებელი ინტერესი ჰქონდა მერიას ან მუნიციპალურ ინსპექციას?

მე არ შემხვედრია ჯერ ისეთი სამართლებრივი ნორმა, რომელიც უპირატესობას ანიჭებდეს რომელიმე საქმეს. ბუნებრივია, სისხლის სამართლისა და საპატიმრო საქმეებს არ ვგულისხმობ. კანონით ასევე შრომითი დავები უნდა იყოს პრიორიტეტული, მაგრამ რომელი შრომითი დავა განიხილეს პრიორიტეტულად?“ – კითხულობს „გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი.

იურისტის მრავალწიანი დაკვირვებით, სასამართლოს ხშირად აქვს განსხვავებული მიდგომა ერთსა და იმავე პირობებში მყოფი ადამიანების მიმართ, როცა ბაჟის გადავადებას ეხება საქმე.

„შესაძლებელია გასაჩირება, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. ერთ-ერთი გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოსთვის ზუსტად 57 განცხადების დაწერა დამჭირდა.

სასამართლო სარჩელს განუხილველად ტოვებს, თუ არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა ზოგჯერ გაურკვეველი რჩება, რას მიიჩნევს მოსამართლე უტყუარ მტკიცებულებად.

როცა მოქალაქე ვერ იხდის სახელმწიფო ბაჟს, მნიშვნელოვანია, რომ ის არ დარჩეს სასამართლოს უფლების მიღმა,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: