მთავარი,სიახლეები

ივლისიდან ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვა იკრძალება, მას მხოლოდ ძეგლებზე გამოიყენებენ

30.05.2023 • 1225
ივლისიდან ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვა იკრძალება, მას მხოლოდ ძეგლებზე გამოიყენებენ

2023 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში იკრძალება იმ ლაქ-საღებავების შემოტანა-რეალიზაცია, რომლებშიც ტყვიის შემცველობა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს აჭარბებს.

ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი თვით ადრე კი, საქართველოს მთავრობამ მიიღო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისთვის ისეთი საღებავების მიწოდება, რომლებშიც ტყვიის შემცველობა დაშვებულ ნორმაზე მეტია, თუმცა იკრძალება მისი ბაზარზე განთავსება სარეალიზაციოდ.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციის მიზნით, აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია ზღვრული ნორმის დარღვევით ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების მიწოდება, მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ კონკრეტულ ობიექტში გამოყენების მიზნით.

ასეთ შემთხვევაში, პროდუქტის ეტიკეტზე  დატანილი უნდა იყოს გამაფრთხილებელი ფრაზა: „ფრთხილად! შეიცავს ტყვიას!“ ამ პუნქტით გათვალისწინებული ლაქ-საღებავი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის ან/და განთავსებული სარეალიზაციოდ“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილებაში.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებამდე ძეგლების რესტავრაციის მიზნით დაშვებული იყო „ზღვრული ნორმის დარღვევით ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების ბაზარზე განთავსებაც შესაბამისი შემცვლელების არ ქონის ან/და გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებით“.  

ახალი დადგენილებით:

[checklist]

  • ლაქ-საღებავის ეტიკეტზე, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დატანილი უნდა იყოს ფრაზა: „პროდუქტში ტყვიის შემცველობა არ აღემატება 90 ppm-ს (0.009%)“. აღნიშნული ფრაზა დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე (იმპორტირებული ლაქ-საღებავების შემთხვევაში, იმპორტის შემდეგ, ლაქ-საღებავის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობამდე)“;
  • მწარმოებელი ვალდებულია ლაქ-საღებავის შეფუთვაზე მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
  • იმპორტიორი ვალდებულია ლაქ-საღებავის იმპორტის შემდეგ, ბაზარზე განთავსებამდე, ლაქ-საღებავის შეფუთვაზე მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.“.

[/checklist]

 


საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატება, რასაც გაეროს კვლევაც ადასტურებს.

ცნობილია ისიც, რომ ტყვიის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი [85%] დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს შორის.

რატომ არის ტყვიის მაჩვენებელი მაღალი  საქართველოში, ჯერ კიდევ  სწავლობენ. თუმცა ცნობილია, რომ ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ, არსებობს ტყვიის ექსპოზიციის ერთდროულად რამდენიმე წყარო.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/309244/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: