მთავარი,სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენებაა დაგეგმილი

29.05.2023 • 1339
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენებაა დაგეგმილი

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის აშენებას გეგმავს, რისთვისაც პირველ რიგში პროექტს შეისყიდის.

პროექტირების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, აეროპორტების გაერთიანება ბაზრის კვლევას ატარებს. უნდა დაპროექტდეს როგორც ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე სააეროდრომო ინფრასტრუქტურა.

„ყველაფერი დამოკიდებულია პროექტირებაზე, თუმცა ქუთაისის აეროპორტში 2 ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იქნება. როცა ახალი აშენდება, არსებული ზოლი შეიძლება სათადარიგოდ გამოვიყენოთ. ეს დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აეროპორტების გაერთიანებაში.

ბაზრის კვლევის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ „ტექნიკური დავალება გულისხმობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისა და რეკონსტრუქციისათვის რიგი საპროექტო დოკუმენტაციების კომპლექსურად მომზადებას“.

„ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, პერსპექტივის გათვალისწინებით, უნდა დაპროექტდეს ICAO-ს კოდური აღნიშვნით E კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე განისაზღვროს ქუთაისის აეროპორტის პირობებში კრიტიკული საჰაერო ხომალდის B 747 -ის შერჩევით. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელია უკვე არსებული სამანევრო ბილიკები TWY-A და TWY-B რეკონსტრუქცია, მათი დაგრძელება და E კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის მორგება, ასევე საჭიროების შემთხვევაში დამატებით დაპროექტდეს ახალი სამიმოსვლო ბილიკი“.

ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი

ტექნიკური დავალების მიხედვით, ასაფრენი ბილიკის ადგილმდებარეობის შეცვლა გამოიწვევს არსებული სანიაღვრე სისტემის რეკონსტრუქციის აუცილებლობას.

ამასთან, „საჭიროების შემთხვევაში, მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აეროპორტის მიმდებარე შესაბამისი ტერიტორიების განსახლების გეგმის სრული დოკუმენტაციის მომზადება. აღნიშნული გულისხმობს განსახლების პროცესისათვის საჭირო სრული დოკუმენტაციის მომზადებას, მათ შორის:

  • შესაბამისი დამატებითი ტერიტორიების ტოპოგეოდეზიურ სამუშაოებს;
  • კერძო ნაკვეთების რეგისტრაციებს და ნაკვეთების გამიჯვნას;
  • ნაკვეთების ინვენტარიზაციას (ნაგებობების აზომვა, ხეების დათვლა ნაირსახეობის წლების მსხმოიარობის და ა.შ.), შეფასებას (აუდიტორული დასკვნის მომზადებას გამოსყიდვისათვის) და მესაკუთრეებთან შესაბამისი შეთანხმების გაფორმებას.

„ტექნიკურ პირობებში მითითებულ მონაცემებს აქვთ საორიენტაციო ხასიათი. მიმწოდებელმა თავად უნდა შეისწავლოს ტერიტორია, დააზუსტოს მონაცემები და თავად განსაზღვროს სწორი საპროექტო გადაწყვეტა, დამკვეთთან კოორდინაციით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

პროექტირება მოიცავს ტერიტორიის გეოლოგიურ და შესაბამისი ნიმუშების ლაბორატორიულ კვლევებსაც.

აეროპორტების გაერთიანება პრეტენდენტებისგან გარკვეულ გამოცდილებასაც ითხოვს:

  • „პრეტენდენტს ბოლო 15 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაპროექტების გამოცდილება, აქედან მინიმუმ ერთი საერთაშორისო აეროდრომზე. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს არ აქვს საერთაშორისო აეროდრომზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაპროექტების გამოცდილება, შეუძლია შეივსოს აღნიშნული გამოცდილება ინჟინერ-სპეციალისტით, რომელსაც აქვს მინიმუმ ერთ საერთაშორისო აეროდრომზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი დაპროექტებული.
  • პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს გეოლოგიური კვლევების ჩატარების გამოცდილება, მინიმუმ შესრულებული უნდა ჰქონდეს 10 გეოლოგიური კვლევა, ასევე გააჩნდეს სპეციალური ლაბორატორია.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: