მთავარი,სიახლეები

ვინ დააჯილდოვეს ვენაში ფესტივალზე, სადაც „ბათუმელებიც“ იყო წარდგენილი

29.05.2023 • 914
ვინ დააჯილდოვეს ვენაში ფესტივალზე, სადაც „ბათუმელებიც“ იყო წარდგენილი

25-26 მაისს ვენაში გაიმართა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტისა“ (IPI) 2023 წლის მსოფლიო კონგრესი და მედიაინოვაციის ფესტივალი. ღონისძიების ძირითადი თემა იყო – „ახალი საზღვრები: პრესის თავისუფლება და მედია ინოვაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.

კონგრესსა და ფესტივალს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ესწრებოდნენ რედაქტორები, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და მედიის სფეროში მომუშავე დონორი თუ საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში 30 სესია, ფილმის ჩვენება და ვორქშოფი გაიმართა, ისეთ თემებზე როგორიცაა: პრესის თავისუფლება რისკის ქვეშ, ჟურნალისტიკა დევნილობაში, მედიის ხელში ჩაგდება და ჟურნალისტიკა შეზღუდული დემოკრატიის ქვეყნებში, მედია ბიზნესი სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ და ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია, ომის გაშუქებასთან დაკავშირებული გამოწვევები, თვალთვალი ჟურნალისტებზე და ა.შ.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გამოვლინდნენ „თავისუფალი მედიის ნოვატორისა“ და „მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის“ ჯილდოს მფლობელები. ეს ჯილდოები ყოველწლიურად გაიცემა.

2023 წლის “თავისუფალი მედიის ნოვატორის” ჯილდოს ფინალურ ათეულში იყო ასევე Netgazeti&Batumelebi. წელს გამარჯვებული მიანმარული ონლაინ გამოცემა Myanmar Now გახდა.

2015 წელს დაფუძნებული გამოცემა ბირმულ და ინგლისურ ენებზე აშუქებს ახალ ამბებს და ატარებს ჟურნალისტურ გამოძიებებს. იგი გახდა სამხედრო ხუნტის მთავარი სამიზნე, რომელმაც 2021 წელს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოაწყო. გამოცემა დაარბიეს სამხედროებმა, ჩამოართვეს და დაუზიანეს აღჭურვილობა, გაუუქმეს სამუშაო ლიცენზია და გამოაცხადეს ახალი ამბების უკანონო სუბიექტად. ჟურნალისტების ნაწილი გაქცეულია ქვეყნიდან და დისტანციურად მუშაობს, ნაწილი კი იატაკქვეშეთში, საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების რისკის ფასად რჩება მიანმარში და აწვდის კრიტიკულ სიახლეებს თავის აუდიტორიას მიანმარში.

2023 წლის “თავისუფალი მედიის ნოვატორის” ჯილდო ონლაინ გამოცემა Myanmar Now-ს გადაეცა

„მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის“ ჯილდო მექსიკელმა ჟურნალისტმა, კარმენ არისტეგიმ მიიღო. არისტეგი მექსიკელი მექსიკაში სხვადასხვა მთავრობის დროს იძიებდა მნიშვნელოვან კორუფციულ სქემებს და გარიგებებს. ზეწოლის მრავალი მცდელობის მიუხედავად არისტეგი ათეულობით წელია აგრძელებს მუშაობას. მასზე განხორციელებული არაერთი თავდასხმისა თვალთვალის გარდა, თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ მისი არასრულწლოვანი შვილი, კოლეგები და ახლობლები, რომლებსაც ასევე უთვალთვალებდნენ.

არისტეგის დახმარებით შეიქმნა MexicoLeaks, რომელიც “ვიკილიქსის” მექსიკური ვერისაა კორუფციის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნად მიიჩნევა მექსიკა, სადაც ყოველ 13 საათში თავს ესხმიან ჟურნალისტს ან მედია გამოცემას.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტისა“ (IPI) 2023 წლის მსოფლიო კონგრესს IPI-ს წევრი მედიაორგანიზაციის სტატუსით პირველად ესწრებოდა Netgazeti&Batumelebi.

_________

მთავარ ფოტოზე: კარმენ არისტეგის დაჯილდოება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: