მთავარი,სიახლეები

ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება – მთავრობა

29.05.2023 • 1101
ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცირე და დიდ ქალაქებში არსებული ავტოსადგურები, რომლებიც შიდა საქალაქო გადაზიდვებს ემსახურებიან, სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან.

ამის შესახებ დღეს, 29 მაისს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ცვლილება შევა საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტებში შიდა სამგზავრო გადაყვანების მოქცევას სანებართვო სისტემაში.

„პროექტის მიხედვით, იქნება კონკრეტული მოთხოვნები ავტოსადგურების მიმართ და ამის მიხედვით 3 ტიპის ავტოსადგური განისაზღვრება, პირველი, მეორე და მესამე კლასის. დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება, პატარა მუნიციპალიტეტებში კი იქნება ავტოსადგურები მცირე მოთხოვნებით, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის და ყველა იმ მინიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს მგზავრებს სჭირდება“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ბევრი ავტოსადგურია, რომლებიც არანაირ რეგულაციაში არ არის მოქცეული, სტანდარტი არ არის დაცული და ხარისხი არის ძალიან დაბალი.

„სერტიფიცირების ჩატარების წესი მთავრობის მიერ განისაზღვრება, თითოეული მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ავტოსადგურის  მიზანშეწონილობას განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტებსაც თავიანთი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ.

ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ორ რამეს. პირველი ის, რომ ავტოსადგურები იქნება მოწესრიგებული, თანამედროვე, ცივილიზებული პრინციპების შესაბამისად და სტანდარტებში მოექცევა და ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავებიც სერტიფიცირებული იქნება, სანებართვო წესებს დაექვემდებარება და უნდა დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ამ სტანდარტების შემდეგ ავტოსადგურებში ბილეთების გაყიდვის სისტემაც იქნება გამჭვირვალე და ელექტრონული.

მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, მანამდე კი ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნული ცვლილებებისთვის პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს.

_______________

ფოტოზე: ბათუმის ავტოსადგური

გადაბეჭდვის წესი


ასევე: