მთავარი,სიახლეები

როცა პოლიციელი ქუჩაში მოზარდს აჩერებს და ფოტოს უღებს – ინტერვიუ

22.05.2023 • 6654
როცა პოლიციელი ქუჩაში მოზარდს აჩერებს და ფოტოს უღებს – ინტერვიუ

„ის, რომ არასრულწლოვანი ღამით გადაადგილდება, ეს არ არის საფუძველი, რომ მისი ვინაობის დადგენა მოინდომოს პოლიციელმა,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე. იურისტს ვკითხეთ: როგორ უნდა მოიქცეს არასრულწლოვანი, როცა ქუჩაში პოლიციელი აჩერებს და ფოტოს უღებს.

იურისტი ამბობს, რომ თუ პოლიციელი უსაფუძვლოდ გვაჩერებს ქუჩაში და პირადობის მოწმობის წარდგენის მიუხედავად, ფოტოს მაინც გვიღებს, ამ დროს შეიძლება, მოზარდმაც გადაუღოს პოლიციელს ფოტო, ან ვიდეო.

„უბრალოდ უნდა გააფრთხილოს პოლიციელი, რომ ვიდეოს უღებს… ვიდეოს გადაღება ამ დროს არის კარგი მტკიცებულება, რომ გამოჩნდეს განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება როგორ ჩატარდა,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

„ბათუმელებმა“ იურისტ პაატა დიასამიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო პაატა, რა შემთხვევაში შეიძლება პოლიციელმა ქუჩაში გააჩეროს მოზარდი და მას ფოტო გადაუღოს? 

სრულწლოვნისგან განსხვავებით, არასრულწლოვანთან მიმართებით სამართალდამცავ მუშაკს დამატებითი ვალდებულებები გააჩნია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ შესაბამისად.

არ აქვს მნიშვნელობა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედებებში მონაწილეობს არასრულწლოვანი, თუ საპოლიციო ღონისძიების დროს ხდება ქუჩაში მისი შეჩერება – პოლიციელი ვალდებულია, გაითვალისწინოს არასრულწლოვანის განსაკუთრებული საჭიროებები და იმოქმედოს კანონით დადგენილი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

როგორც სრულწლოვნის, ისე არასრულწლოვანის ქუჩაში შეჩერება პოლიციელს შეუძლია, თუ არსებობს ამისთვის საკმარისი საფუძველი. შესაძლოა, არასრულწლოვანი შეაჩერონ მისი იდენტიფიცირების მიზნით, ხოლო თუ იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, შესაძლოა, სამართალდამცველმა განახორციელოს იდენტიფიცირების ღონისძიება, მათ შორის, ფოტოგადაღება.

  • აღნიშნეთ, რომ პოლიციელს უნდა ჰქონდეს „საკმარისი საფუძველი“ იმისთვის, რომ შეაჩეროს არასრულწლოვანი ქუჩაში. რა შეიძლება იყოს საფუძველი?

არასრულწლოვანი შეიძლება შეაჩერონ ქუჩაში კონკრეტულ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში: თუ მას აქვს დაკარგული პირის იდენტური ნიშნები, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა სამართალდარღვევა, ან არის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდენს მას. საფუძველია ისიც, თუ მოზარდი იმყოფება სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებულ ადგილზე, მაგალითად, დანაშაულის ადგილას.

  • მაგალითად, 16 წლის მოზარდი ქუჩაშია ღამით. მისი ვინაობის გადამოწმების უფლება აქვს პოლიციელს? 

პირის გამოკითხვა საჭიროა რომელიმე კონკრეტული შემთხვევა, რაც ჩამოვთვალე. პოლიციელს არ აქვს უფლება, უსაფუძვლოდ შეაჩეროს ქუჩაში არასრულწლოვანი. ზეპირი გასაუბრების მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნით აქვს პოლიციელს უფლება, დაადგინოს პირის ვინაობა იმ კონკრეტულ შემთხვევებში, რაც ჩამოვთვალეთ. ის, რომ არასრულწლოვანი ღამით გადაადგილდება, ეს არ არის საფუძველი, მისი ვინაობის დადგენა მოინდომოს პოლიციელმა.

სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, ნებისმიერი პირის უსაფრთხოება უზრუნველყოს, მაგრამ, სავალდებულოა არსებობდეს საფუძველი. სრულწლოვანთან მიმართებითაც იგივე საფუძვლები მოქმედებს. სხვა შემთხვევაში პოლიციელს ჩვენი ქუჩაში შეჩერების უფლება არ აქვს. პოლიციელი ვალდებულია, მოქალაქეს შეჩერებისთანავე განუმარტოს საფუძველი, რის გამო შეაჩერა იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ არასწორია ეს საპოლიციო ღონისძიება. თუ ადამიანის წინააღმდეგ ჩატარდა უკანონო საპოლიციო ღონისძიება, მას ამის გასაჩივრება შეუძლია.

პაატა დიასამიძე – იურისტი

გასაჩივრება ეხება შემთხვევასაც, როცა არასრულწლოვანი ეუბნება პოლიციელს თავის სახელს, გვარს, აჩვენებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მაინც უღებს მას პოლიციელი ფოტოს – გამოდის, რომ ფოტოგადაღების საფუძველი არანაირად არ არსებობდა და საპოლიციო ღონისძიება, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ ჩატარდა, არის უკანონო.

თუ პირადობა თან არ აქვს მოქალაქეს და მხოლოდ სახელის და გვარის დასახელებით პოლიციელი ახდენს პირის იდენტიფიცირებას, მაშინ პოლიციელს ფოტოს გადაღების უფლება აღარ აქვს, რადგან ფოტოს გადაღება არის იდენტიფიცირების ღონისძიება. სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს ფოტოს გადაღებას.

  • როცა გასამართლებულია არასრულწლოვანი, ან ის კანონთან კონფლიქტშია, ეს არ ქმნის საფუძველს, რომ ქუჩაში გააჩერონ? 

არა, ნასამართლობა ასეთ საფუძველს არ ქმნის.

  • შეუძლია არასრულწლოვანს უარი უთხრას პოლიციელს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე გასაუბრებაზე და პოლიციელს არც საკუთარი ვინაობა უთხრას? 

პიროვნების დადგენის მიზნით შეუძლია პოლიციელს, რომ არასრულწლოვანს ზეპირად გაესაუბროს და ფოტო გადაუღოს, თუ სხვა ფორმით ვერ დგინდება მისი ვინაობა, ხოლო თუ გასაუბრება იქნება საჭირო, ან ამის გამო პოლიციაში გადაყვანა, აუცილებლად უნდა მოიწვიოს მშობელი, კანონიერი წარმომადგენელი.

18 წლამდე პირი ითვლება არასრულწლოვნად. შესაბამისად, თუ არასრულწლოვანი გადაჰყავთ პოლიციის განყოფილებაში, უნდა გამოჰკითხონ წერილობით და ასე შემდეგ, კანონით სავალდებულოა, მშობელი, ან კანონიერი წარმომადგენელი დაესწროს ამ პროცედურებს. ქუჩაში პირის იდენტიფიცირებისთვის კი, შეუძლია პოლიციას 14 წლის ასაკიდან არასრულწლოვანი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე შეაჩეროს. 14 წლამდე მოზარდის შემთხვევაში, სავალდებულოა ქუჩაში შეჩერების დროსაც კანონიერი წარმომადგენლის დასწრება.

  • როგორ უნდა დაიცვას თავი მოზარდმა, თუ პოლიციელი ინტერესდება, მაგალითად, რატომ არის ღამით ქუჩაში? ან ვინაობა დადგინდა, მაგრამ პოლიციელი მაინც უღებს ფოტოს? 

შეიძლება გასაჩივრდეს იდენტიფიცირების ღონისძიება. თუ გამოჩნდა შესწავლის შედეგად, რომ საპოლიციო ღონისძიება უსაფუძვლოდ განხორციელდა, გამოდის, რომ საპოლიციო ღონისძიება არის უკანონო. მოზარდს შეუძლია მიმართოს გენინსპექციასაც, ასევე შესაძლებელია გასაჩივრდეს ოქმი, რომელიც დგება იდენტიფიცირების ღონისძიების დროს.

  • როგორია პრაქტიკა – პოლიციელი მსგავს სიტუაციაში ადგენს ოქმს, ან გადასცემს ოქმის ასლს მოქალაქეს? 

არ აძლევენ პრაქტიკულად ამ ოქმს. მოქალაქეს შეუძლია 3 დღის ვადაში მიმართოს სამინისტროს წერილობით და მოითხოვოს ოქმი განხორციელებული იდენტიფიცირების ღონისძიების შესახებ. მე რა პრაქტიკაც მქონია, სრულწლოვანთან დაკავშირებით არასდროს არ იძლევიან იდენტიფიცირების ოქმს. ეს არის პრობლემა. სამწუხარო პრაქტიკაა, რომ მიმართვის შემთხვევაშიც არ გასცემენ ამ ოქმს და მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ გასცემენ.

  • შეუძლია ქუჩაში შეჩერების დროს არასრულწლოვანმა პოლიციელს გადაუღოს ვიდეო? 

შეუძლია, უბრალოდ უნდა გააფრთხილოს პოლიციელი, რომ ვიდეოს უღებს. ვიდეო შეიძლება გადაიღოს თანმხლებმა, ან გარეშე პირმაც, თუ იკვეთება, რომ პოლიციელი არღვევს კანონს, ან არსებობს მოლოდინი, რომ პოლიციელმა შესაძლოა გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებას.

  • ზედაპირული შემოწმების და ჩხრეკის უფლება თუ აქვს ამ დროს პოლიციელს? 

ზედაპირული შემოწმება შესაძლოა დაიწყოს ქუჩაში გამოკითხვის შემდეგ. ზედაპირულ შემოწმებასაც სჭირდება თავისი საფუძველი. გასაუბრების შემდეგ თუ პოლიციელს შეექმნება საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ  მოზარდი ატარებს კანონსაწინააღმდეგო ნივთს, შესაძლოა, განხორციელდეს ზედაპირული შემოწმება. 14 წელს ზევით ასაკიდან არასრულწლოვანი შესაძლოა ქუჩაში პოლიციელმა ზედაპირულად შეამოწმოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე.

ზედაპირული შემოწმება გულისხმობს ტანსაცმლის გარედან, ზედაპირზე ხელით, ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხებას.

  • ჯიბეში მოზარდს ხელი ვერ უნდა ჩაუყოს?

ჯიბეში ხელს ვერ ჩაუყოფს, ეს უკვე ჩხრეკაა. თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა საფუძველი იმისა, რომ ნამდვილად ატარებს პირი კანონსაწინააღმდეგო ნივთს და ნებაყოფლობით არ ხდება მისი წარმოდგენა, ასეთ შემთხვევაში, ზედაპირული შემოწმება შესაძლოა გადაიზარდოს ჩხრეკაში. ამ შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოქმედებს. შესაძლებელია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩატარდეს ჩხრეკა.

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ქუჩაში, არასრულწლოვანის ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს 14 წლის ასაკიდან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, რადგან 14 წლის ასაკიდან იწყება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

  • რას ურჩევდით არასრულწლოვანებს, თუ მას ქუჩაში გააჩერებს პოლიციელი? 

თუ უსაფუძვლოდ აჩერებენ, უნდა სცადონ მტკიცებულებების შექმნა, მაგალითად, ვიდეოს გადაღება, წინააღმდეგობის გაწევა მისი ინტერესების საწინააღმდეგოა, რადგან ეს ხელს აძლევს პოლიციელს, ჩაატაროს საპოლიციო ღონისძიება, გადაიყვანოს პოლიციის განყოფილებაში და ასე შემდეგ.

პოლიციელს ასევე უნდა მოვითხოვოთ შესაბამისი ოქმი იდენტიფიცირების შესახებ. თუ არ მისცემენ ამას, შესაძლებელია მისი წერილობით გამოთხოვა და გასაჩივრება. თუ მას ზიანი მიადგა, შეუძლია ზიანის ანაზღაურებას მოითხოვოს. ვიდეოს გადაღება ამ დროს არის კარგი მტკიცებულება, რომ გამოჩნდეს განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება როგორ ჩატარდა.

___

ამ თემაზე:

როგორ უნდა მოიქცე, როცა პოლიციელი ქუჩაში ფოტოს გიღებს და გჩხრეკს – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: