მთავარი,სიახლეები

„მატარებელი როცა ჩერდებოდა, ხალხს უფლებას აძლევდნენ დაემარხათ ახლობლები“ – რეპრესიები

29.05.2023 • 2543
„მატარებელი როცა ჩერდებოდა, ხალხს უფლებას აძლევდნენ დაემარხათ ახლობლები“ – რეპრესიები

ქურთები აჭარაში დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ. მომთაბარე ცხოვრების წესის მიმდევარი ქურთები ზაფხულობით არდაჰანისა და ყარსის მხრიდან საძოვრებზე ერეკებოდნენ პირუტყვს აჭარის მიმართულებით.

ისმაილ შამოღლი ახალსოფელში მცხოვრები ქურთია. ის სტალინური რეპრესიების პერიოდში გადასახლებაში, ყირგიზეთში დაიბადა 1953 წელს. მისი ოჯახი 1944 წელს გადაასახლეს. ისმაილ იხსენებს მამის მოყოლილ ამბებს და პირადი გამოცდილებების შესახებაც გვიყვება:

„ქურთები ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას. ზაფხულობით საძოვრებზე მიჰყავდათ საქონელი და ზამთარში ჭოროხის ნაპირებში ჩამოდიოდნენ. ყველაზე დიდი ქურთული დასახლებები იყო ანგისაზე და ადლიაში, ასევე აქ ახალსოფელში, მაშინ აქაურობას ქიზილთოფრახს ეძახდნენ, წითელ მიწას ნიშნავს.

მამაჩემი ხუსეინ ალის ძე შამოღლი იყო განთიადის კოლმეურნეობის თავმჯდომარე 1936-37-იან წლებში. იმ ტერიტორიაზე ციტრუსი – მანდარინი, ფორთოხალი მამაჩემის მოშენებულია. ამ ტერიტორიაზე ქურთების გარდა ჰემშილები (მუსლიმი სომხები), აჭარლები, უკრაინელები და რუსები ცხოვრობდნენ.

საზღვრისპირა რაიონებიდან 1944 წელს ქურთებთან ერთად ჰემშილები და აჭარლებიც გადაასახლეს. ყველას შეეხო გადასახლება, მამაჩემი პარტიის წევრი იყო, მაგრამ მაინც გადაასახლეს. რადგან თურქეთი გერმანიის მოკავშირე იყო, ამბობდნენ, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო. ძალიან ბევრი ხალხი გადაასახლეს, მათ შორის აქაური ბერძნებიც.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჯერ დაანაწილეს სამხედროები და მერე ერთ ღამეში ყველა გადაასახლეს. წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა. პირუტყვის გადასაყვან მატარებელში შეყარეს. მამაჩემმა ჭკუა იხმარა და რა სიმინდიც ჰქონდა წაიღო – გზაში მაგით გაიტანეს თავი.

გადაასახლეს შუა აზიაში – უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში. მატარებლის ვაგონებში შეყრილი ხალხი გზადაგზა იხოცებოდა. როცა მატარებელი ჩერდებოდა, ხალხს უფლებას აძლევდნენ იქვე, 20 მეტრში ამოეთხარათ საფლავები და დაემარხათ მკვდრები, ახლობლები.

თითო ვაგონში 20-მდე ოჯახი იყო. მთელი ერთი თვე ვაგონში გაატარეს. როცა მატარებელი უკვე შუა აზიაში შევიდა, მატარებელს ჩუმად ეხსნებოდა 4-4 ვაგონი და სხვადასხვა ტერიტორიაზე რჩებოდა ხალხი. იმის გამო, რომ ხალხი დაფანტულიყო და ერთად არ ყოფილიყვნენ. ბევრი ოჯახი დაიშალა მაგის გამო. მამაჩემი მოხვდა ყირგიზეთში, მამიდები ყაზახეთში.

ღამე როცა დაცალეს მატარებელი, მამაჩემმა ადგილობრივებს ფული გადაუხადა, რომ ისეთ ადგილას წაეყვანათ, სადაც რუსები ცხოვრობდნენ. მამაჩემმა გათვალა, რომ რუსი ცუდ ადგილას არ იქნებოდა დასახლებული და ასე აღმოჩნდა სოფელ ბლაგოვეშენსკში. იქ დავიბადე მეც. ხალხი, ვინც ადგილობრივების დასახლებებში დარჩა, უმეტესად დაიხოცა. ძალიან ბევრი დაიხოცა, ყველაზე მეტი აჭარლები, მკვიდრი მოსახლეობა გადაასახლეს ხიხაძირიდან, შუბნიდან.

გადასახლებაში ჯალ-აბადის, სუზაკის რაიონებში ხალხს მონურად ამუშავებდნენ ყურძნის, ბამბის, თამბაქოს პლანტაციებში. ყველაზე საშინელება იყო ბამბის დამუშავება. რაიონებიდან რომ გასულიყავი 5-6 საათი უნდა გევლო ფეხით.

გადასახლებაში ჩემმა ოჯახმა 11 წელი გაატარა. 1955 წელს დავბრუნდით. ყველა არ გამოუშვეს. ბევრი იმიტომ ვერ დაბრუნდა, რომ საკმარისი თანხა არ ჰქონდათ. მთავრობა ხალხს არ დახმარებია უკან დაბრუნებაში. ეს იყო რეპრესია.

ისევ იმ ადგილას დავბრუნდით, საიდანაც წავედით. აქ ჩვენს სახლში ვინც ცხოვრობდა, მამაჩემმა მას ფული გადაუხადა სახლის მოვლისთვის, სიმინდიც მისცა. დღესაც ვინმე თუ არის შემორჩენილი შუბანში, ხიხაძირში ახსოვთ მამაჩემი, მან გამოაპარა ბევრი აჭარელი გადასახლებიდან უკან, საქართველოში. ვინც იქ დარჩა უკვე აქეთ წამოსვლა აღარ უნდათ, რამდენიმე წლის წინ ვიყავი იმ ადგილებში და ენა დაკარგული აქვთ“.

საბჭოთა კავშირი, სტალინი

„საბჭოთა კავშირში ისეთი კანონი იყო, რომ ერთი ჯოხით გარეკა ყველა. ვერავინ ვერ ბედავდა წინააღმდეგობას. ყველა იყო შრომაში ჩართული, ხალხს ვირულად ამუშავებდნენ. ზოგს ობლიგაციას ურიგებდნენ, დღემდე შერჩათ, ვერაფერში ვერ გამოიყენეს.

ახლა თავისუფლება მეტია. კარგად რომ განვითარებულიყო საბჭოთა კავშირი იქნებოდა ევროკავშირი. ევროკავშირში ცივილიზაციაა, განათლებაა. საბჭოთა კავშირში იყო მონური შრომა“.

„მე შევეკითხე ერთხელ ბებიაჩემს, რომელიც დაიბადა 1866 წელს, სტალინი როგორი კაცი იყო? სტალინი თან მიყვარდა, მაგრამ თან ძალიან მეშინოდა მისიო. ეშინოდათ სტალინის გაგონება. სტალინი რომ გარდაიცვალა, ჩვენ მაშინ ჩამოვედით. სტალინის სიკვდილის ამბავი რომ გახმაურდა, როგორც მამაჩემი ამბობდა, ხალხში იყო შიში, არ იცოდნენ რა მოხდება“.

1937 წლის ტერორი

„მამაჩემმა იცოდა 6-7 ენა, 4 ენაზე წერდა და კითხულობდა, განათლებული კაცი იყო, რის გამოც დააყენეს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. 37 წელს ჩვენი სოფლიდან 1 კაციც კი არ დაუხვრეტიათ. მამაჩემმა გააპარა კრუხივით. ბევრი დახვრიტეს გონიოში, ჭარნალში. ჩვენს სოფელში კი ოჯახი არ დაქვრივებულა, არ განადგურებულა, იმიტომ, რომ მამაჩემის სიტყვა ჭრიდა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მთელმა სოფელმა გააცილა. ყველაზე ცუდი პერიოდი იყო 37-38 წლები. მამაჩემი ქალაქიდან ფეხით როცა მოდიოდა, ჭოროხის ნაპირებში ხედავდა, როგორ მოჰყავდათ მანქანებით ხალხი და როგორ ხვრეტდნენ“.

უკან დაბრუნება

„აქ რომ დავბრუნდით, ჩვეულებრივად კოლმეურნეობის წევრები გავხდით. ყველა ვმუშაობდით. დედაჩემი ჩაის კრეფდა. მამაჩემი ცოტა ხანს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო, შემდეგ კოლექტივში მუშაობდა, მანდარინზე. ჩაის გაშენებაზეც მუშაობდა. მეც მაქვს ბავშვობაში ჩაის გაშენებაზე ნამუშევარი. ბრინჯსაც თესავდნენ ნესტიან მიწებზე, სიმინდსაც.

ქურთებს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, აჭარლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. თუმცა ჩვენი ენა დაგვავიწყდა. მამაჩემი ხომ იყო იქ გადასახლებაში, მაგრამ უკან დაბრუნდა, აქაურებს თვლიდა თავის სახლად. ჩვენთან სოფელში სულ 2-3 ქურთი მოსახლე ჩამოვიდა. ერთეული ოჯახები დაბრუნდნენ კახაბერში და ახლომახლო ტერიტორიებზეც“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: