მთავარი,სიახლეები

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ასლან აბაშიძის საქმეზე

10.06.2016 • 1745
ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ასლან აბაშიძის საქმეზე

მოსამართლე დავით მამისეიშვილი რამდენიმე დღეში ასლან აბაშიძეს განაჩენს გამოუტანს. ბათუმის საქალაქო სასამართლო დაცვისა და ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვებს ისმენს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან აბაშიძის მაღალჩინოსნებიც: უშიშროების ყოფილი მინისტრი _ იოსებ გოგიტიძე და პირადი დაცვის უფროსი – დავით ხალვაში, იგივე „ქელფეთა“, რომელიც პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურას ბრალი წაყენებული აქვს ჯემალ გოგიტიძისა და ელგუჯა ჯინჭარაძის მიმართაც. ისინი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსკოვში გარდაიცვალნენ.

დაცვის მხარის ადვოკატი, მალხაზ ზოიძე დასკვნით სიტყვაში აქცენტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ 2004 წლის 8 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაზე აკეთებს – „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, თენგიზ ასანიძეს თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა შეზღუდული 2000 წლის 11 ივლისიდან და არა 1999 წლის პირველი ოქტომბრიდან, როცა იგი პრეზიდენტმა შეიწყალა.
პროკურატურა სწორედ შეწყალების აქტის გამოცემის დღიდან ედავება იოსებ გოგიტიძეს ასანიძისთვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას. ამავე ბრალდებით უკვე გასამართლებულია გოგი კუპრეიშვილი, მაშინდელი უშიშროების მინისტრის, იოსებ გოგიტიძის მოადგილე. ბრალდების მხარის მტკიცებით, აბაშიძის ხელისუფლების უშიშროების სამინისტრომ დროულად არ შეასრულა პრეზიდენტის შეწყალების აქტი და უკანონოდ შეუზღუდა თავისუფლება თენგიზ ასანიძეს.

„იოსებ გოგიტიძეს ედავებიან, რომ მას შეწყალების მომენტიდან უნდა გაეთავისუფლებინა თენგიზ ასანიძე, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ ამ ნაწილში მიიჩნია, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი დაუყონებლივ გასაჩივრდა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ უნდა ჩაითვალოს ის უკანონო პატიმრად. სადავო იყო 5 დღე, ანუ 1-5 ოქტომბრის პერიოდი, როცა აჭარის უმაღლესმა სასამართლომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი შეაჩერა თენგიზ ასანიძის მიმართ. პროკურატურას არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ შეწყალების აქტი ამ ხუთ დღეში იოსებ გოგიტიძის უწყებას ჩაბარდა. ვფიქრობ, ეს უნდა გაიზიაროს სასამართლომ, რადგან ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირი მოქმედებისაა და პრეიდიციულ ხასიათს ატარებს. ეს გულისხმობს იმას, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სწორედ ამ პრეცედენტული გადაწყვეტილების მიხედვით“.

დასკვნითი სიტყვა უკვე გააცნო სასამართლოს პროკურორმა რამაზ შავაძემ. ის ამ საქმის პროკურორია. რატომ ვერ აისახა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება თენგიზ ასანიძის საქმეზე, პროკურატურის საბრალდებო სიტყვაზე – „ბათუმელებს“ უნდოდა ეს კითხვა პროკურორისთვის დაესვა, მაგრამ პროკურატურის პრესსამსახურმა საზოგადოებისთვის რაიმე სახის განმარტების გაკეთება, ტრადიციულად, არც ამჯერად ჩათვალა საჭიროდ და ჩვენი სატელეფონო გზავნილი უპასუხოდ დატოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: