ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის ავტობუსებში გაჩერებას გამოაცხადებენ – ამისთვის 88 ათასი ლარია გამოყოფილი

12.05.2023 • 6111
ბათუმის ავტობუსებში გაჩერებას გამოაცხადებენ – ამისთვის 88 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ. ამ ახალი სისტემის დანერგვისთვის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 88 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

„მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ავტობუსებში, გაჩერების ტექსტის [ხმოვანი] გამოცხადების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვასა და შემდგომი ყოველთვიურ მხარდაჭერაზე“ ტენდერი ავტოტრანსპორტმა უკვე გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, „მუნიციპალურ ავტობუსებში შიდა საინფორმაციო ხმოვანი სისტემის დანერგვა მოიცავს სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ავტობუსის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მარშრუტის გაჩერების ტექსტის გამოცხადებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საინფორმაციო ტექსტის გამოცხადებას“.

ამასთან, „ავტობუსის შიდა საინფორმაციო ხმოვანი სისტემა ინტეგრირებული უნდა იყოს სატრანსპორტო კომპანიის „ტრანსპორტის მართვისა და მონიტორინგის ერთიან სისტემასთან“, რომელშიც დისპეტჩერიზაციის მოდულიდან იმართება მარშრუტზე მომუშავე ავტობუსები და მათი გადაადგილება.

არსებულ სისტემასთან ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საჭირო იქნება სისტემის ავტორთან [„საქართველოს ბანკთან“] თანამშრომლობა. ამ  თანამშრომლობით კი, შესაძლებელი იქნება დამუშავდეს ინტეგრაციის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ავტობუსის შიდა საინფორმაციო ხმოვანი სისტემისთვის შემდეგი გაჩერების ტექსტის მიწოდებას; ახალმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს გაჩერების დასახელების ტექსტის გარდაქმნა ხმოვან სიგნალად…“

მუნიციპალურ ავტობუსებში შემდეგი გაჩერების ტექსტი  უნდა გამოცხადდეს შემდეგი წესებით:

  • „ხაზზე მოძრავ ავტობუსში, ავტობუსის მოძრაობის დაწყების შემდეგ, უნდა მოხდეს მარშრუტის შემდეგი გაჩერების დასახელების გამოცხადება ქართულ ენაზე, რომლისკენაც მოძრაობს ავტობუსი;
  • ტექსტი უნდა გამოცხადდეს ერთჯერადად;
  • გამოცხადებულ გაჩერებაზე ავტობუსის მისვლის და გაჩერების შემდეგ, მისი დაძვრის შემდგომ უნდა მოხდეს შემდეგი გაჩერების გამოცხადება;
  • დამატებითი ტექსტი შესაძლებელი უნდა იყოს გამოცხადდეს შემდეგი გაჩერების დასახელებასთან ერთად;
  • შესაძლებელი უნდა იყოს დამატებით ტექსტის გამოცხადება იმ პირობებშიც, როდესაც არ არსებობს შემდეგი გაჩერების გამოსაცხადებელი ტექსტი.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 19 მაისს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება.

პირობის მიხედვით, გაჩერების ტექსტის გამოცხადების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის ვადაში; პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა კი – [დანერგვის შემდეგ, აპლიკაციის ყოველთვიური მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა სერვერზე] – 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

[crosslist]

  • აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი სერვისის შექმნის პარალელურად, ბათუმში მწყობრიდანაა გამოსული  პარკირების სისტემა, რის გამოც მოქალაქეები ვერ ახერხებენ ვერც პარკირების საფასურისა და ვერც ჯარიმების გადახდას.

[/crosslist]

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ რამდენიმე კვირის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „პარკირების პროგრამულ სისტემაში იყო შეფერხება, რაც სერვერის დაზიანებას უკავშირდებოდა“. პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა, დამატებითი დეტალები კი „ავტოტრანსპორტისგან“ ვერ მივიღეთ.

[crosslist]

  • „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ მუნიციპალურ ავტობუსებში ნებისმიერი ბანკის ბარათით გადახდაც დააანონსა, რაც 2023 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადახდის აპარატებიც შეცვალეს, თუმცა ეს სერვისი დღემდე არ არის ხელმისაწვდომი.

[/crosslist]

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მხოლოდ საერთაშორისო ტიპის საბანკო ბარათებით გადახდის სერვისი დაემატა.

[crosslist]

  • ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების მთელ რიგ გაჩერებებზე მგზავრებისთვის პრობლემაა ისიც, რომ არ არის მოსაცდელები:

[/crosslist]

მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება მოსაცდელის გარეშე ბათუმში / აღმაშენებლის ქუჩა

  • ბათუმში წელს ეტაპობრივად ავტოპარკის განახლებაც დაიწყო. პროცესი მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს:

სიცხე და გადაჭედილი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში – როდის იყიდის მერია ახალ ავტობუსებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: