მთავარი,სიახლეები

კიბედ ხის ფიცარი, ფანჯრების ნაცვლად კი ცელოფანი – ადმინისტრაციული შენობა გელაძეებში

24.04.2023 • 4224
კიბედ ხის ფიცარი, ფანჯრების ნაცვლად კი ცელოფანი – ადმინისტრაციული შენობა გელაძეებში

ხულოში, სოფელ გელაძეების ცენტრში ერთ უცნაურ შენობას ნახავთ. კარგად თუ შეათვალიერებთ მიხვდებით, რომ მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. პირველი სართული დაკეტილია, მეორე სართულზე შესვლას კი დაქანებული ხის ფიცრით შეძლებთ. ეს შესასვლელი დაახლოებით ისეთივეა სოფლებში საქათმეებს რომ უკეთებენ, ოღონდ ცოტა დიდი ზომის, ადამიანებზეა გათვლილი.

სოფელი გელაძეები – ადმინისტრაციული სახლი

სოფელი გელაძეები – ადმინისტრაციული სახლი

ფანჯრების ნაცვლად ცელოფანი გაუკრავთ, ასე შენობას წვიმისგან იცავენ. ერთ-ერთ ოთახში მაგიდა დაუდგამთ, ადგილზე გვითხრეს, რომ აქ „ხანდახან კაცები სვამენ“. სხვა ფუნქცია ჯერჯერობით ამ შენობას არ აქვს.

სოფელი გელაძეები

სოფელი გელაძეები – აქ ადმინისტრაციული სახლი, საჯარო შეხვედრების სივრცე და ამბულატორია უნდა გაეხსნათ

 

სოფელი გელაძეები – შეუსრულებელი ხელშეკრულების შედეგი

არადა, 2021 წელს სწორედ ამ შენობის ასაშენებლად ხულოს მერიამ ბიუჯეტიდან 44 189 ლარი გამოყო და სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. აქ ადმინისტრაციული სახლი უნდა მოეწყოთ, პროექტი ითვალისწინებდა ასევე სივრცეს საჯარო შეხვედრებისა და სოფლის ამბულატორიისთვის. ჯამში პროექტის ღირებულებამ 97 547 მიაღწია.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობა უკვე შესყიდული და მომზადებული პროექტის შესაბამისად უნდა ეწარმოებინა.

რენდერი

რენდერი – აქ ნახავთ როგორი შესასვლელი უნდა მოეწყო კომპანიას

ტენდერი შპს „ნიკმშენმა“ მოიგო. ხელშეკრულება 43 741 ლარზე გაფორმდა, მართალია, კონკურენტმა გაცილებით დაბალი ფასი, 35 555 დააფიქსირა, თუმცა მას შესყიდვების კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, ტექნიკური დოკუმენტების გამო.

ხელშეკრულება 2021 წლის 26 აპრილს გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, კონტრაქტორს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 დღეში, 2021 წლის 24 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დაესრულებინა.

2021 წლის 16 ივნისს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე 2 კვირით ადრე, სამუშაოები ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ მოინახულა, ამის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერეს.

 

 

ხულოს მერიის ოფიციალურ გვერდზე წერდნენ, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, როგორც ჩანს, სწორედ მერის ვიზიტის შემდეგ წავიდა საქმე ცუდად, რადგან ფული დაიხარჯა, საქმე კი არ დასრულდა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მერიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი – 21 871 ლარი აქვს კომპანიისთვის ჩარიცხული. შემდეგ კი ხელშეკრულება შეწყდა.

კომპანიის დირექტორის, ნიკა პაქსაძის ინფორმაციით, გარკვეული პრობლემები შეექმნათ, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

გელაურში არამიზნობრივ ხარჯვაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც წერდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: