მთავარი,სიახლეები

„დაკავებამდე წამაქციეს და ფეხები მირტყეს“ – რეპორტაჟი თამაზ ბაკურიძის სასამართლოდან

24.04.2023 • 1792
„დაკავებამდე წამაქციეს და ფეხები მირტყეს“ – რეპორტაჟი თამაზ ბაკურიძის სასამართლოდან

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ საქმის განხილვა დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება 26 აპრილამდე გადადო „თამაზ ბაკურიძის საქმეზე“.

თამაზ ბაკურიძე 6 აპრილს დააკავა აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს. ის პოლიციელებს მოუწოდებდა, შეეჩერებინათ კაცი, ვინც გამოსახლების გამო სახლის სახურავზე აძვრა და თავის დაწვას აპირებდა.

თამაზ ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია. მისი თქმით, მასზე პოლიციელებმა დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს.

ამ ფაქტს  სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

სასამართლო განხილვა დღეს, 24 აპრილს, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოსთან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები შეიკრიბნენ. თამაზ ბაკურიძე არაერთხელ იყო ამ დასახლებაში გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორი.

აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი სასამართლო სხდომას დღეს დარბაზში ადგილების სიმცირის გამო ვერ დაესწრო.

24 აპრილი. თამაზ ბაკურიძის მხარდამჭერი აქცია ბათუმის სასამართლოსთან.

აღსრულების პოლიციის ინტერესების დამცველმა მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე უთხრა, რომ თამაზ ბაკურიძე არ ემორჩილებოდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, თუმცა ვერ დააკონკრეტა, რა იყო კანონიერი მოთხოვნა უშუალოდ თამაზ ბაკურიძის მიმართ, რასაც იგი არ დაემორჩილა.

თამაზ ბაკურიძეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით ედავებიან.

„მისი მიზანი იყო, ხელი შეეშალა აღსრულებისთვის… მისი მხრიდან იყო მოწოდება, რომ არ განხორციელებულიყო გამოსახლება“, – თქვა აღსრულების პოლიციის იურისტმა.

„გამოსახლება მიმდინარეობდა ეზოში, თამაზ ბაკურიძე კი, ეზოში საერთოდ არ შესულა“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ზაზა პაპიძემ. – „ეზოში მერე შეიყვანეს, როცა დააკავეს და წიხლებიც ურტყეს… პირიქით, თამაზ ბაკურიძეზე იძალადა აღსრულების პოლიციამ.

თამაზ ბაკურიძე იქ იყო, როგორც უფლებადამცველი და ჟურნალისტი, რომელიც იღებდა ამ პროცესს“, – აღნიშნა ზაზა პაპიძემ.

„ნამდვილად, მე ვაპროტესტებდი გამოსახლებას“, – აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს გახედა თამაზ ბაკურიძემ. ის მოუყვა მოსამართლეს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობაც აქვს გამოსახლების წინააღმდეგ.

„მაგრამ მე ხელი არ შემიშლია გამოსახლების პროცესისთვის არანაირად, ვაპროტესტებდი… მათ კი, წამაქციეს და ფეხები მირტყეს, ეს რომელ კანონში წერია?“ – მოსამართლეს მიუბრუნდა თამაზ ბაკურიძე.

„შემდეგ ადვოკატს მოვუსმინოთ“, – მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ხალხით სავსე დარბაზს გადაავლო თვალი.

„ვერ დგინდება, რა იყო კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა. კანონიერი მოთხოვნა რა იყო: გაჩუმდი, ნუ ლაპარაკობ?” – იკითხა ადვოკატმა სოსო ქუთათელაძემ.

„თამაზ ბაკურიძის არსებობაც არ ვიცოდი იმ დრომდე“, – უთხრა მოსამართლეს აღსრულების პოლიციის თანამშრომელმა, ჯემალ ზურაშვილმა. მან მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს.

„…იგი ხმის გამაძლიერებლით მოუწოდებდა ხალხს მობილიზაციისკენ, მე დამაგვიანდაო, საყვედურობდა ხალხს, რატომ შეუშვით საერთოდ ამ მისამართზეო.

იყო მისი მხრიდან სეპარატისტული განცხადებებიც, ჩამოსული ხართ თბილისიდანო…“ – თქვა მოწმემ.

მოწმე ჯემალ ზურაშვილის განმარტებით, თამაზ ბაკურიძემ მოუწოდა ასევე ოჯახის წევრს, საწვავი გადაესხა. აღსრულების პოლიციელის თქმით, ეს ვიდეოჩანაწერითაც ირკვევა, თუმცა მსგავსი ვიდეო სასამართლოში პოლიციას არ წარმოუდგენია.

მეორე მოწმემაც აღსრულების პოლიციიდან თქვა, რომ თამაზ ბაკურიძე იმ სახლის ეზოს ჭიშკართან იდგა.

„მოიწევდა თანდათან ჩვენკენ… ვირიშვილებს გვეძახდა“, – თქვა მოწმემ. მან დაადასტურა ისიც, რომ თამაზ ბაკურიძე „ეზოს გარეთ“ დააკავეს და შემდეგ შეიყვანეს ეზოში.

„გული წამივიდა და ისე შემიყვანეს ეზოში, სასწრაფო რომ მოვიდა, წნევა 200 მქონდა“, – დასძინა თამაზ ბაკურიძემ.

„ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს“, – უთხრა მოსამართლეს მოწმე ლალი ზაქარეიშვილმა, ორგანიზაცია „ქომაგის“ ხელმძღვანელმა. ეს ორგანიზაცია იპოთეკური სესხებით დაზარალებული ადამიანების ინტერესებს იცავს.

„…ეზოს გარეთ ვიყავით, როცა ჩოჩქოლი ატყდა, დავინახეთ, რომ ვიღაც სახურავზე ადიოდა. თამაზი მიმართავდა აღსრულების პოლიციელებს, მეც ვყვიროდი, რომ უშველეთ ამ კაცს, გადავარჩინოთ სიცოცხლეო.

ყოველთვის სიმშვიდისკენ მოგვიწოდებდა ბატონი თამაზი, მაგრამ იქ გავიგონე თამაზის ხმა, არიქა, ჩამოიყვანეთო, მიხედეთ, თავი არ დაიწვასო… იმ კაცმა სახურავზე ლიტრ-ნახევრიანით ბენზინი გადაისხა და ასანთი მოიმარჯვა.

ამასობაში, თამაზ ბაკურიძე გაქრა. ვიფიქრე, სად გაქრა ბაკურიძე-მეთქი… მერე ვნახე წაქცეული ბაკურიძე, ვიღაცის იდაყვი მომხვდა, ალბათ უნებლიეთ და ამ დროს დავინახე: წაქცეულ ბაკურიძეს ხელზე ადებდნენ ბორკილს“, – დაასრულა მოწმემ.

მოსამართლეს მხარეებმა მიაწოდეს ვიდეოჩანაწერებიც.

„რატომ შეუშვით, არ გამოუშვათ გარეთ… ვაკეთებთ წრეს, შევდივართ ეზოში… აქ თქვენ თბილისი არ გეგონოთ, ჩაგიკეტავთ გზას…“ – ისმის ვიდეოჩანაწერში თამაზ ბაკურიძის ხმა.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ვიდეო, რაც აღსრულების პოლიციამ წარმოადგინა სასამართლოში, თავად თამაზ ბაკურიძის ფეისბუქლაივი იყო.

„მე ასეთი განცხადებები მაქვს სხვა აქციებზეც, აბა, წითელ ნოხს ვინ დაგიგებდათ?“ – აღსრულების პოლიციელებს მიმართა თამაზ ბაკურიძემ და პაუზის შემდეგ დაამატა:

„ის კადრები სადაა, მე როგორ მაკავებთ, ბორკილებს მადებთ და წიხლს მირტყამთ?“ – თამაზ ბაკურიძის ეს კითხვაც აღსრულების პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს.

„ადამიანი ცდილობდა თავის დაწვას, ამიტომაც თამაზ ბაკურიძეს ჰქონდა მოწოდებები: მიდით, გადაარჩინეთ… როცა არის სუიციდის მცდელობა, ჩვენი ადამიანური ვალია, სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – თქვა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ბაკურიძეს ედავებიან კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ვიდეოჩანაწერში კი არ ჩანს, პოლიციელების რა მოთხოვნას არ დაემორჩილა თამაზ ბაკურიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: