მთავარი,სიახლეები

სახლში იატაკი რომ დაზიანებულია, ამაზე რა გიპასუხოთ – ზრუნვის სააგენტო სიღარიბეში მყოფ 5 ბავშვზე

19.04.2023 • 1273
სახლში იატაკი რომ დაზიანებულია, ამაზე რა გიპასუხოთ – ზრუნვის სააგენტო სიღარიბეში მყოფ 5 ბავშვზე

ქობულეთში, სოფელ ნაკაიძეებში, სიღარიბეში და ასევე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მცხოვრები ბავშვების საკითხზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კომენტარი დღეს, 19 აპრილს გააკეთა „ბათუმელებთან“.

5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში – ვიდეო

სააგენტოს განცხადებით, 5 ბავშვის, მათ შორის სამი მცირეწლოვნის მდგომარეობის შესახებ სააგენტო ინფორმირებულია, თუმცა კითხვაზე – არის თუ არა გარემო, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო, სააგენტო კონკრეტულ პასუხს არ გვცემს.

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობს ამ ოჯახთან, ეწევა სათანადო მომსახურებას, მათ შორის დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და სოციალური მუშაობის მიმართულებითაც.

ოჯახი წლების განმავლობაში იღებდა და იღებს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ბენეფიტს, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახი, სოცდაუცველთა შემწეობას, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების სახით“, – გვწერს სააგენტო.

სტატიაში, ბავშვების ბებია საუბრობს 17 წლის შვილიშვილზე და ასევე ბავშვების მშობლებზე, რომელთაც სავარაუდოდ შშმ სტატუსი ესაჭიროებათ, თუმცა არ შესწევთ უნარი, მიმართონ შესაბამის უწყებებს.

სააგენტოს ვკითხეთ, ხედავენ თუ არა ისინი ამ საჭიროებებს და რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ. ბავშვზე ზრუნვის სააგენტოში გვეუბნებიან, რომ „ეს მაშინ ეცოდინებათ, როცა საბუთებს წარადგენენ კომისიაზე და დასკვნა დაიდება“.

რატომ არ შეისწავლეს და არ განსაზღვრეს აქამდე ამ ოჯახში მცხოვრები ბავშვებისა თუ სრულწლოვანების ტატუსი? – სააგენტოში არც ამ კითხვაზე გაგვცეს ზუსტი პასუხი.

რაც შეეხება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში ბავშვების ცხოვრებას, სააგენტო ამბობს, რომ ეს კითხვები მათ არ მიემართება.

„სახლი რომ არ არის გამართული და იატაკი დაზიანებულია, მაგაზე რა გიპასუხოთ“, – გვეუბნებიან სააგენტოში.

სიღარიბეში მცხოვრები 5-შვილიანი ოჯახის ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

_____________

ამ თემაზე:

5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში – ვიდეო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: