მთავარი,სიახლეები

ყველაფერს კონფისკაცია გაუკეთეს, ის დაგვიტოვეს, რაც ტანზე გვეცვა – რეპრესირებულის შვილი

19.04.2023 • 2922
ყველაფერს კონფისკაცია გაუკეთეს, ის დაგვიტოვეს, რაც ტანზე გვეცვა – რეპრესირებულის შვილი

სადილობის დრო იყო, როცა ჯარისკაცები გამოჩნდნენ. 90 წლის შოთა ჩიქოვანს დღემდე ნათლად ახსოვს ის კადრი – ის-ის იყო მამასთან ერთად სუფრას მიუსხდნენ, რომ მათი ეზოს კარი უცნობმა ხალხმა შეაღო. მამას ხელი მოჰკიდეს და წაიყვანეს.

1937 წელი იდგა. სტალინის სისხლიანი რეპრესიების დრო, როცა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი უმოწყალოდ დახვრიტეს.

წლების შემდეგ, როცა შოთა ჩიქოვანი მამის რეაბილიტირების საბუთს აიღებს, იქ ეწერება, რომ რეფიკ მემედის ძე ბათალოღლი საბჭოთა ხელისუფლების დამხობის აგიტაცია-პროპაგანდის გამო დახვრიტეს.

„ადრე, ოსმალეთის იმპერიის პერიოდში და შემდეგ, ჩვენი გვარი იწერებოდა როგორც ბათალოღლი. მამაჩემი იყო რეფიკ მემედის ძე ბათალოღლი. განათლებული კაცი იყო, გონიოში მასავით ქართული ენა არავინ იცოდა. ორჰექტარ-ნახევარ მიწას ფლობდა, სანამ საბჭოთა კავშირი დამყარდებოდა. დედაჩემი იყო ფადიმე ბათალოღლი. 9 შვილი ვყავდით ჩემს მშობლებს – 3 ბიჭი და 6 გოგო.

როცა საბჭოთა კავშირი დამყარდა, მამაჩემი გონიოში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ აირჩიეს, როგორც ქართულის უბადლოდ მცოდნე. როგორც ჩანს, ვერ აიტანეს მამაჩემი და შეუქმნეს ისეთი პირობა, რომ 1937 წელს დააპატიმრებინეს,“ – გვიყვება შოთა ჩიქოვანი.

შოთამ და მისმა და-ძმებმა მოგვიანებით გვარი შეიცვალეს და ჩიქოვანები გახდნენ.

ოჯახი წლების განმავლობაში ატარებდა „ტროცკისტის“ სახელს, რაც იმ დროისათვის ხალხის მტერთან, მოღალატესთან ასოცირდებოდა.

დიდხანს არ იცოდნენ მიზეზი, რის გამო დაუპატიმრეს მამა. წლების შემდეგ, როცა მამის რეაბილიტირების ცნობა აიღეს, მისი დაპატიმრების მიზეზი და დახვრეტის თარიღიც ამ ცნობით გაარკვიეს.

„ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1957 წლის 26 ნოემბრის #607/6 განჩინებით სისხლის სამართლის საქმე მოქალაქე რეფიკ (რევინ) მემედის ძე ბათალოღლის მიმართ, დაბადებული 1898 წელს, რომელსაც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1938 წლის 2 მარტის დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობას) მუხლის საფუძველზე მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა (დახვრეტა), წარმოებით შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო და იგი რეაბილიტირებულია.

განაჩენი სისრულეში მოყვანილია 1938 წლის 30 მარტს,“ – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წერილში, რომელიც 1998 წლით თარიღდება.

რეფიკ ბათალოღლის რეაბილიტაციის ცნობა

შოთა ჩიქოვანი იხსენებს, რომ მამამისის დაპატიმრებიდან სამი თვის შემდეგ დედაც დაუპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 9 ბავშვის გაზრდა და გამოკვება ქალმა თავის თავზე მარტომ აიღო.

  • ფადიმე ბათალოღლი – რეპრესირებულის ქვრივი

„ყველაფერს, რაც გაგვაჩნდა, კონფისკაცია გაუკეთეს. რაც ტანზე გვეცვა, ის დაგვიტოვეს მხოლოდ.

მიწა, არაფერი აღარ გვქონდა ჩვენი. ბებიაჩემს, მამაჩემის დედას, პატარა მიწა ჰქონდა აქვე, გონიოში. მოგვცა და ის დავამუშავეთ. იქვე, პატარა ქვის სახლი აგვიშენა ბებიაჩემმა.

როგორ გაგვიჭირდა, იცით?

დედაჩემი ძალიან ძლიერი ქალი იყო, ტანადი… მშრომელი ქალი იყო. კოლმეურნეობიდან სხვას თუ მისცემდნენ ერთ ჰექტარ სიმინდის ყანას გასათოხნად, ჩვენ გვაძლევდნენ 5 ჰექტარს. 5 ჰექტარი ყანის გათოხნა მინდორში, სიცხეში სიკვდილია. მაგრამ ღამე „ადიელები“ მიგვქონდა, თუ მოგვეძინებოდა, ვწვებოდით, თუ არა და მთვარის შუქზე ვთოხნიდით. ასეთი შრომის წყალობით ყველაზე მეტი სიმინდი მოგვქონდა და ყველაზე მეტ ფულს ჩვენ ვიღებდით.

არაჩვეულებრივი ადამიანი იყო მამათქვენიო, ხშირად გვეუბნებოდა დედაჩემი.

ფადიმე ბათალოღლი

ცხრა ბავშვი ვიყავით. ჩემმა დებმა საშუალო რომ დაამთავრეს, უფროსმა დამ შუათანა დას მოუცადა, რომ ერთად ესწავლათ. როცა თბილისში გავაგზავნეთ სასწავლებლად, მთელი სოფელი ადგა ფეხზე – რა უნდათ ქალებს თბილისშიო. მიუხედავად ამისა, დედაჩემი ისეთი პრინციპიანი ქალი იყო, მაინც გაუშვა ორივე სასწავლებლად. დებმა გამოცდები ჩააბარეს და მოეწყვნენ სამედიცინო ინსტიტუტში.

მამაჩემს რომ იჭერდნენ, დედაჩემს ანდერძად დაუტოვა, ფადი, ფული არ იფულებს და რაც შეიძლება მეტი მანუფაქტურა შეიძინე და შვილები უსწავლელი არ დამიტოვოო.

დედაჩემმა ეს ანდერძი შეუსრულა.

გონიოში ჩვენსავით  ქართული არავინ იცოდა. მე და ჩემს დედმამიშვილებს თითოს ორ-ორი სამ-სამი ბავშვი გვყავდა აყვანილი და ქართულში ვამეცადინებდით.

როცა საშუალო სკოლა დავამთავრეთ და მერე ინსტიტუტებში დავიწყეთ მოწყობა, ყველას შურდა ჩვენი ოჯახის. ცხრა შვილი როგორ გაზარდა მარტომ ქალმა და ცხრავეს როგორ დაამთავრებინა უმაღლესიო. დები ექიმები მყავდა, პედაგოგები, ერთი ძმა – ინჟინერი, მე აგრონომი ვარ.

წლების განმავლობაში ტროცკისტებს გვეძახდნენ. ყველა კი არ გვეძახდა ამას, ჩვენი ოჯახის არაკეთილმოსურნეები და  ამას ვიტანდით ჩვენ.

1966 წლამდე კომუნისტურ პარტიაში არ გვიღებდნენ. რეაბილიტაციის ცნობა რომ ავიღე, [კომუნისტურ] პარტიაში მხოლოდ მას შემდეგ მიმიღეს. კოლექტივში, მეურნეობაში ყველა პარტიაში იყო, ჩემ გარდა.

პარტიაში რატომ შევედი? მიუხედავად ყველაფრისა, კომუნისტების მიმართ კარგად ვიყავით განწყობილი, ეს ერთი. მეორეც, ყველა პარტიული იყო და მე უპარტიო. ყველა პარტიულ კრებაზე რომ შედიოდა და მე გარეთ ვრჩებოდი, ცოტა ამას ვერ ვიტანდი.

მამაჩემის ფოტოები არ შემოგვრჩა. ჯერ ერთი, შიშით და მერე, ფოტოების გადაღება მაინცადამაინც არ უყვარდა მამაჩემს. რაც გვქონდა, როცა დააპატიმრეს, ის ფოტოებიც წაიღეს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: