მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ აზიანებს მზე თვალებს და როგორია პრევენცია – ექიმის რჩევები

18.04.2023 • 1506
როგორ აზიანებს მზე თვალებს და როგორია პრევენცია – ექიმის რჩევები

კანის მსგავსად, თქვენი თვალებიც დაუცველია მზის ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დამწვრობის მიმართ. მზის ულტრაიისფერი სხივებისგან ულტრაიისფერი გამოსხივება უფრო ადვილად აღწევს თვალის ქსოვილებში, ვიდრე ხილული სინათლე. ეს პოტენციურად ზრდის თვალის პრობლემების რისკს, წერს აშშ-ის თვალის ეროვნული ინსტიტუტი. 

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ საგიტარიუსის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე გვარიშვილი ამბობს, რომ ჭარბმა ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, რომელიც თვალის ზედაპირზე ხვდება, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები და თვალის სტრუქტურის დაზიანება, როგორიცაა:

ბადურის ცენტრალური დეგენერაცია – ბადურის ცენტრალური ზონის პათოლოგია, რომელიც ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებაში; ფტერიგიუმი – რქოვანას ზედაპირზე თანმიმდევრული ლორწოვანი გარსის ცვალებადობა; პინგვეკულა – თვალის ლორწოვან გარსზე კეთილთვისებიანი წარმონაქმნი და კატარაქტა – ბროლის შემღვრევა, რომელსაც მხედველობის დაქვეითებამდე მივყავართ, ხოლო ზოგ შემთხვევაში სრულ დაკარგვამდე.

„ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ოფთალმოლოგი, ზარიმა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები ასევე შესაძლებელია ზემოქმედებდეს თვალზე, როგორც ალერგენი და გახდეს ალერგიული კონიუქტივიტის მიზეზი, დააზიანოს თვალის ბადურა და ამას გარდა, გახდეს კატარაქტის სწრაფი პროგრესირების ერთ-ერთი ფაქტორი. „თუ პაციენტს აქვს კატარაქტის დაწყებითი სტადია და, მაგალითად, რამდენიმე დღის განმავლობაში, ულტრაიისფერი სხივების დიდი დოზა მოხვდება თვალში, შეიძლება კატარაქტა ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდეს“.

აშშ-ის თვალის ეროვნული ინსტიტუტი: ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება ცვლის [თვალის] ბროლის ცილებს, რაც იწვევს კატარაქტის წარმოქმნას და მხედველობის გაუარესებას. დროთა განმავლობაში, კატარაქტამ შეიძლება მხედველობა გახადოს ბუნდოვანი, ან ფერმკრთალი.

ეკატერინე გვარიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თვალების დაცვა სავალდებულოა. „რეკომენდებულია, რომ მზისგან დამცავი სათვალეები ატაროს ყველამ, ვინც დიდ დროს ატარებს ღია სივრცეში, ულტრაიისფერი გამოსხივების ჯამური ზემოქმედებას შესამცირებლად. ნებისმიერი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება მავნებელია თვალისთვის, რადგან მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიღებული დოზები გროვდება და დაავადების რისკს ზრდის“, – ამბობს ის.

ექიმის თქმით, მავნე ზემოქმედებისგან თვალის დასაცავად გამოიყენება სპეციალური დამცავი სათვალეები, რომლებიც აკავებენ 100 %-მდე ულტრაიისფერ გამოსხივებას და გამჭვირვალეა მხედველობის სპექტრისთვის, „როგორც წესი, ასეთი სათვალეების ლინზები მზადდება სპეციალური პლასტმასის ან პოლიკარბონატისგან“.

ზარიმა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ თვალზე მზის სხივების დამაზიანებელი ზემოქმედება განსაკუთრებით მაღალია გარკვეული ფაქტორების დროს, მაგალითად ასეთი ფაქტორია დღის მონაკვეთი. „დღის 11 სთ.-დან დღის 3-4 საათამდე, ანუ ჰორიზონტზე მაღლა რომ დგას მზე, უფრო პირდაპირი სხივი მაშინ არის“, – ამბობს ის.

ულტრაიისფერი სხივები არის დილის და საღამოს საათებშიც, მაგრამ ისეთ ზიანს არ აყენებს თვალს, როგორც დღის 11-დან 16 საათამდე მონაკვეთში – ზარიმა ჩავლეიშვილი.

ეკატერინე გვარიშვილის თქმით, წყლისა და თოვლის დიდი ფართობები დამაზიანებლად ირეკლავენ მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას. შესაბამისად, ისეთ ღია სივრცეებში, როგორიცაა მაგალითად პლაჟი – თვალის განსაკუთრებული დაცვაა საჭირო.

ზოგიერთი მედიკამენტი (ტეტრაციკლინი, შარდმდენები, ტრანკვილიზატორები და სხვა) ზრდის ულტრაიისფერი სხივების აღქმადობას თვალზე (რჩევისთვის მიმართეთ ექიმს) – ეკატერინე გვარიშვილი.

ოფთალმოლოგები ასევე განმარტავენ, რომ ღრუბლიანობა არ მოქმედებს ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობაზე, რადგან ულტრაიისფერი სხივები აღწევენ ღრუბლების ფენაში.

„ასაკოვან პაციენტებს ვურჩევ, თუ შესაძლებელია, ატარონ მესამე კატეგორიის მზის სათვალე. ეს კატეგორია ნიშნავს ისეთი სათვალის გამოყენებას, რომლიც 100 პროცენტით იცავს ულტრაიისფერი სხივებს. ფერს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მზის მავნე სხივები არ მოხვდეს თვალის ბადურასა და სხვა გარსებზე. თუმცა, თუ მეორე და მესამე კატეგორიის სათვალის ტარება არ არის შესაძლებელი, სულ არაფრის ტარებას, მაინც ჯობია ის იაფიანი სათვალე ატარონ, რომელიც მინიმალურად მაინც დაიცავს თვალს. 

პატარებს რაც შეეხება, ისინი სათვალეს ნაკლებად იჩერებენ, ამიტომ მშობლებს ვურჩევ ქუდის, პანამის, გარეშე ნუ გაიყვანენ მზეზე, რათა მზის პირდაპირი, უშუალო სხივი არ მოხვდეს ბავშვების თავლებს, ცხადია კანსაც. თუმცა, თვალისგან განსხვავებით, კანზე დამცავი კრემის წასმა შესაძლებელი“, – ამბობს ზარიმა ჩავლეიშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: