მთავარი,სიახლეები

არ დააკმაყოფილეს ყოფილი პატიმრის სარჩელი, რომელსაც ციხეში 10 წლით აბრუნებენ – საკონსტიტუციო

17.04.2023 • 27499
არ დააკმაყოფილეს ყოფილი პატიმრის სარჩელი, რომელსაც ციხეში 10 წლით აბრუნებენ – საკონსტიტუციო

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პატიმრების სარჩელი, რომლებსაც სულ ცოტა 10-10 წლით აბრუნებენ ციხეში.

პატიმრებმა – ლეონიდე მიქაბერიძემ და მირზა გიგლემიანმა ციხიდან გააგზავნეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და იმ სამართლებრივი ნორმის [სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე”] არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვეს, რომელიც ციხეში, სასჯელის მოხდის პერიოდში, ახალი დანაშაულის ჩადენას ეხება.

ამ სარჩელის არსებითი განხილვა 2020 წლის ივნისში დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება საკონსტიტუციო სასამართლომ თითქმის 3 წელი დააგვიანა. ამასობაში, მაგალითად, მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე, ვინც კანონის კონკრეტული ჩანაწერი საკონსტიტუციოში გაასაჩივრა, პატიმრობაში აღარაა, გარეთაა ბრალდებულის სტატუსით, თუმცა ნებისმიერ დროს შესაძლოა ის ციხეში შეაბრუნონ.

ლეონიდე მიქაბერიძე 2022 წლის დეკემბერში „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულებულია, თუმცა მოსამართლემ განაჩენის გამოტანა გადადო. ყოფილი პატიმარი იმ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დროულად გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ლეონიდე მიქაბერიძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

ლეონიდე მიქაბერიძე პატიმრობის დროს ხშირად აპროტესტებდა ციხის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას სასამართლო დავაც აქვს მოგებული სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ.

ლეონიდე მიქაბერიძე 6 წელი და 4 თვე იყო ციხეში. ის იურისტი არ არის, თუმცა ციხეში ყოფნის დროს კანონებს გაეცნო და დამოუკიდებლად დაწერა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.

ლეონიდე მიქაბერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 10 ივლისს გამოუტანა განაჩენი, 2017 წლის 14 აგვისტოს კი, მას ბრალი წარედგინა სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ბრალდების დადგენილების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, კერძოდ, 2016 წლის 5 ივნისს, მოსარჩელემ პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამავე წლის 4 დეკემბერს კი, მან ფიზიკურად შეურაცხყო პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე. ორივე შემთხვევაში ფიზიკური ძალადობა გამოიხატა სახის არეში ხელის დარტყმაში.

პროკურატურის დადგენილების მიხედვით, 2017 წლის 10 აპრილს ლეონიდე მიქაბერიძემ ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, ამ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს ელექტრომადუღარადან შეასხა ცხელი წყალი, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ლეონიდე მიქაბერიძე ბრალს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მას ციხის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო სჯიან.

კიდევ ერთ მოსარჩელე, მირზა გიგლემიანი [მან ცალკე სარჩელით მიმართა საკონსტიტუციოს, შემდეგ კი, ორი პატიმრის სარჩელი გაერთიანდა] თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 21 ოქტომბერს გაუსამართლებია 108-ე მუხლის მიხედვით – მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

2016 წლის 17 ნოემბერს კი, მირზა გიგლემიანს ბრალი წარუდგინეს  სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ბრალდების დადგენილების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, ამ მოსარჩელემ პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა – მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა.

მათთვის პრობლემურია გასაჩივრებული ნორმით აკრძალული ქმედებისთვის არა ზოგადად სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესების შესაძლებლობა, არამედ სასჯელის კონკრეტული ზომა – თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.

ამ სარჩელზე მოპასუხე მხარე პარლამენტი იყო. პარლამენტის წარმომადგენლების თქმით, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები წარმოადგენენ გარკვეული რისკის მქონე პირებს.

„არსებული მონაცემების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებში მსჯავრდებულთა რაოდენობა ბევრად აღემატება თანამშრომელთა რაოდენობას. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაცია თანაბრად იცავს როგორც უშუალოდ პენიტენციური დაწესებულების შიგნით მომუშავე პირს, ასევე, ზოგადად, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც მსჯავრდებულის გადაყვანისას ან ექსტრადიციისას აქვს მასთან უშუალო შეხება.

შესაბამისად, ასეთ დროს განსაკუთრებით უნდა მოხდეს იმ რისკების დაზღვევა, რომლებიც მომდინარეობს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისგან,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

რატომ არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ პატიმრების სარჩელი?

„…სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრისას კანონმდებელი მოქმედებს ფართო მიხედულების ფარგლებში. შესაძლებელია, კანონმდებელი კონსტიტუციის მე-9 მუხლით დასაშვებ ფარგლებში მოქმედებდეს ამა თუ იმ ქმედების ჩადენისთვის სასჯელის სახით როგორც 5 წლამდე, ასევე 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრისას.

კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ფასდება, რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმით განსაზღვრული პატიმრობა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არა ის, თუ რამდენად თანასწორად ისჯებიან მსგავსი საფრთხის შემცველი დანაშაულის ამსრულებლები.

პირთა კანონის წინაშე თანასწორობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, რომელთან მიმართებითაც, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები არ ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.

თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ზომის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება კონსტიტუციის მე-9 მუხლის საწინააღმდეგოდ, თუ მისი სიმძიმე მკვეთრად, უხეშად დისპროპორციული იქნება ქმედების უმართლობის ხარისხთან და მისგან მომდინარე საფრთხეებთან.

სადავო ნორმით დასჯადია აგრესიული, ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიმართულია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის ფიზიკური ტკივილის ან ფსიქიკური ტანჯვის მიყენებისკენ.

ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის როგორც უშუალოდ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უსაფრთხოებას, ასევე თავად პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას. პენიტენციურ დაწესებულებაში მათი ნების საწინააღმდეგოდ მოთავსებული არიან გარკვეული რისკის მქონე მსჯავრდებულები.

შესაბამისად, მსგავს გარემოში მომეტებულად არსებობს აგრესიული ქცევის რისკი. მაშასადამე, მუდმივია საფრთხე იმისა, რომ ძალადობის ცალკეული შემთხვევა გადაიზარდოს მასიურ არეულობაში და გამოიწვიოს მძიმე შედეგები, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი.

შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ძალადობრივად გამოხატული წესრიგის დარღვევა, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ ძალადობის ფაქტს მძიმე შედეგი არ მოჰყვება, თავისთავად, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული საფრთხეების პრევენციისათვის კანონმდებელი უფლებამოსილია, მიიღოს განსაკუთრებული ზომები, მათ შორის, შექმნას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები და მათი დარღვევისათვის გაითვალისწინოს მძიმე სასჯელი.

…ამავე დროს, სადავო ნორმა მიემართება ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი დანაშაულისთვის უკვე ნასამართლევი პირი სჩადის ახალ, განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს. დანაშაულის განმეორებით ჩადენა წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც კანონმდებლის მიერ მძიმე სასჯელის განსაზღვრის ლეგიტიმაციას ზრდის.

ბუნებრივია, ასეთ დროს კანონმდებელმა, შეიძლება ლეგიტიმურად ჩათვალოს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა კონკრეტული პირის მიმართ შედარებით რთულად ხორციელდება და საჭიროა მიდგომის გამკაცრება. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნის უზრუნველსაყოფად თანამშრომელზე ძალადობის ინდივიდუალური შემთხვევების მძიმედ დასჯის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დგას.

საკონსტიტუციო სასამართლო აცნობიერებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე დაწესებული სასჯელი არის ძალიან მძიმე და კანონმდებლის მიერ განხორციელებული მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს.

ბუნებრივია, მძიმე შედეგების გამოწვევის გარეშე, ძალადობის, დაახლოებით, იმ სიმკაცრით დასჯა, როგორც, მაგალითად, ყაჩაღობის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა ისჯება, შესაძლოა, აჩენდეს სასჯელის მომეტებულად მკაცრად აღქმის რისკებს, თუმცა სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა, ამა თუ იმ სფეროში არსებული მომეტებული საფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენცია კანონმდებლის პრეროგატივაა.

საფრთხის მნიშვნელობაზე, შესაძლოა გავლენას ახდენდეს მრავალი ფაქტორი, მათ შორის, სპეციფიკურად საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მავნე ჩვევები ანდა ესა თუ ის პრობლემა, რომელთან ბრძოლა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. შესაბამისად, სწორედ კანონმდებელია კომპეტენტური, მიიჩნიოს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის ძალადობრივი დარღვევა ყაჩაღობის მსგავს საფრთხეებს შეიცავს.

საკონსტიტუციო სასამართლო კი, პარლამენტის ხსენებულ დისკრეციაში არ ჩაერევა მანამ, სანამ კანონმდებლის მიდგომა აშკარად არაგონივრულ ფორმებს არ მიიღებს.

ბუნებრივია, მოსამართლე არ არის უფლებამოსილი, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას იხელმძღვანელოს პირადი განწყობებით ამა თუ იმ ქმედებასა და სასჯელს შორის შესაბამისობის შესახებ.

იმისათვის, რათა სასჯელის არაპროპორციულობა დადგინდეს, სახეზე უნდა იყოს ხელშესახები ფაქტორები, რომლებიც წარმოაჩენდა, რომ პარლამენტი გასცდა მის დისკრეციას, უფლებამოსილება გამოიყენა ისე, როგორც არ არის დასაშვები დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული კანონმდებლობისთვის.

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სადავო ნორმით დაცული მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე. ამავე დროს, სასჯელი დგება იმ პირის მიმართ, რომელიც უპირატესადაა პასუხისმგებელი ხსენებული სიკეთის [პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის] ხელყოფაზე და, ამავე დროს, დანაშაულს სჩადის მაშინ, როდესაც წინა დანაშაულისათვის სასჯელი, ჯერ კიდევ, არ მოუხდია,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: