მთავარი,სიახლეები

უკრაინაში ნაღმზე აფეთქებულ ყოველ 8 სამოქალაქო პირს შორის ერთი ბავშვია – ბრიტანეთის დაზვერვა

17.04.2023 • 973
უკრაინაში ნაღმზე აფეთქებულ ყოველ 8 სამოქალაქო პირს შორის ერთი ბავშვია – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის 17 აპრილის ანგარიში უკრაინის ტერიტორიაზე ნაღმებთან დაკავშირებულ სამოქალაქო მსხვერპლს ეხება. როგორც უწყება ვარაუდობს, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, მსგავსი შემთხვევები სავარაუდოდ იმატებს.

დაზვერვის ბრიტანელი ექსპერტების მონაცემების თანახმად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ნაღმის აფეთქების გამო სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა 750-ს აჭარბებს. მსხვერპლს შორის რვიდან ერთი ბავშვია.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სამოქალაქო პირებს შორის ნაღმის აფეთქებით გამოწვეული მსხვერპლი უკრაინაში ყოველდღიურად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმედ დაზარალებული რეგიონებია ხერსონი და ხარკოვი, ის ტერიტორიები, რომლებიც რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული.

„გაზაფხულის დადგომასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ხალხის რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზრდება ნაღმებზე აფეთქების სამოქალაქო ინციდენტების რისკები“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს ანგარიშში.

ბრიტანეთის დაზვერვის ექსპერტების შეფასებით, უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას, სავარაუდოდ, მინიმუმ ათწლეული დასჭირდება.

 

_________

მთავარი ფოტო: უკრაინელი ჯარისკაცები განაღმვენ ჭურვის ნაშთებს ხარკოვის მახლობლად მინდორში, უკრაინა, 2022 წლის 8 მაისი. EPA-EFE/SERGEY KOZLOV

გადაბეჭდვის წესი


ასევე: