მთავარი,სიახლეები

200 წელი ვნატრობდით გათავისუფლებას და ახლა კინაღამ რუსეთში შეგვაგდეს – რეპრესირებული კაცი

11.04.2023 • 2799
200 წელი ვნატრობდით გათავისუფლებას და ახლა კინაღამ რუსეთში შეგვაგდეს – რეპრესირებული კაცი

„200 წელი ნატრობდა საქართველო, იბრძოდა რუსეთიდან გათავისუფლებისთვის და ახლა კინაღამ ისევ რუსეთში შეაგდეს. კინაღამ…

ახალგაზრდობას რომ მხარი არ დაეჭირა და არ ებრძოლა, უკვე შესული ვიყავით. მაგრამ ჩვენი მომავალი ევროპაშია,“ – ამბობს სოფელ მარადიდში მცხოვრები 85 წლის ხასან კარალიძე.

ხასანი და მისი ოჯახი სტალინური რეპრესიების მსხვერპლები არიან. სტალინმა მთელი ოჯახი გადაასახლა. შიში, შიმშილი, უსახლკარობა, ყინვაში, ღია ცის ქვეშ ღამის გათევა – ეს ყველაფერი ხასანმა და მისმა და-ძმამ ძალიან პატარებმა გამოსცადეს.

5 წლის იყო ხასან კარალიძე, როცა 1943 წლის 23 თებერვალს მარადიდში, მისი სახლის ეზოში, ჯარისკაცები გამოჩნდნენ. სახლში მყოფი დედა, სამი ბავშვით, დააპატიმრეს და ბათუმის ციხეში წაიყვანეს. ერთი თვის მერე კი რუსეთისკენ გაუყენეს გზას საეტაპო მატარებლით, სადაც ტუსაღებთან ერთად მოათავსეს.

გადასახლება ხასანისთვის იმდენად მძიმე და ტრავმული იყო, რომ 80 წლის შემდეგაც იმ სუსხიან ზამთარს უცრემლოდ ვერ იხსენებს. ხმა ეცვლება, კანკალებს და ცრემლი ღვარად მოსდის თეთრწვერიან სახეზე.

„ორი ჯარისკაცი იყო. აგვწიეს და წაგვიყვანეს – დედაჩემი სამ ბავშვთან ერთად. ბათუმის ციხეში ერთი თვე დავრჩით თითქმის. მეორე მსოფლიო ომი იყო. ძალიან ძნელი იყო მოგზაურობა. ციხის ტუსაღებს მიგვაკრეს ჩვენ და მათთან ერთად, ეტაპით წაგვიყვანეს. ჩაგვიყვანეს ბაქოში. ბაქოდან სტალინგრადისკენ [ახლანდელი ვოლგოგრადი] გაგვიყენეს გზას,“ – იხსენებს ხასან კარალიძე.

დედის, ხასანის და მისი და-ძმის საბოლოო დანიშნულების ადგილი ციმბირი აღმოჩნდა, ტომსკის ოლქი.

ხასან კარალიძე იხსენებს 1943 წელს, როდესაც მდინარე ვოლგაზე მატარებლის ვაგონები ბარჟით გადაჰქონდათ – ჯერ კიდევ ბრძოლები მიდიოდა სტალინგრადში [ახლანდელ ვოლგოგრადში].

„ჩვენ ქვემოდან შემოვუარეთ, რადგან ზემოთ ომი იყო. იქიდან თოფის და ზარბაზნების ხმა ისმოდა, ის ხმა მახსოვს. ღამით მივყავდით, რომ მდინარე ვოლგაზე  გადავეყვანეთ ბარჟით.

ჩავედით ნოვოსიბირსკში. ნოვოსიბირსკიდან კი – ტომსკში. იქ მატარებლიდან გადმოგვიყვანეს. ამფერი სულელი მთავრობა რაფერ იქნება. ღამით გაგვყარეს 40 გრადუს ყინვაში გარეთ. ის ღამე ყინვაში გავატარეთ. დედაჩემმა ლოგინში შეგვახვია და იმით გადაგვარჩინა.

ტომსკში ჩასვლიდან ერთ თვეში ხასანს და მის ოჯახს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდათ თავს, ხასანის პატარა და დაიღუპა.

  • გადასახლებაში

1939-1953 წლები [იოსებ სტალინის გარდაცვალებამდე] საბჭოთა კავშირის ისტორიაში სტალინური რეპრესიების სახელითაა შესული. ამ წლებში სტალინმა მილიონობით ადამიანი გადაასახლა მშობლიური ადგილებიდან. გადასახლება შეეხო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში შემავალ ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს.

სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა ხასან კარალიძის ოჯახიც. მან გადასახლების ზუსტი მიზეზი დღემდე არ იცის.

„დღესაც არ ვიცი, რა მოხდა. მამაჩემი მავნებლადაა ჩაწერილი არქივში. არც მომიკითხია და არც მივსულვარ. ვიცი, რომ ცუდად უნდა მომეპყრონ და არ მივდივარ.

მამაჩემი ძალით წაიყვანეს [ომში] და ვლასოვის არმიაში [გერმანელების მხარეს მებრძოლი საბჭოთა გენერალ-ლეიტენნტი] მოხვდა მგონი. ეგეც არ ვიცი ზუსტად. ამუშავეს ალბათ აქეთ [საბჭოთა კავშირის] საწინააღმდეგოდ,“ – იხსენებს ხასან კარალიძე.

ტომსკის ოლქში, სადაც ხასანი და მისი ოჯახი გადაასახლეს, თავდაპირველად სამხედრო ყაზარმებში მოუწიათ ცხოვრება.

„იქ რომ ჩაგვიყვანეს, ყინვაში გაგვყარეს, მეორე დღეს მოგვნახეს და შეგვასახლეს ყაზარმებში. ყაზარმები იყო ვეებერთელა. ყველაფრამდე მოწყობილი.

ერთი წლის შემდეგ ეს ყაზარმები დაიშალა. ყაზარმების ნაშალი რაღაცები მოვიპარეთ, რაღაცები მოვძებნეთ, ზოგი ფიცარი რკინიგზის სადგურზე ვნახეთ, გადავზიდეთ რკინიგზის იქეთ, კარგი ადგილი შევარჩიეთ და მიწური ამოვჭერით.

დედაჩემმა ფული მისცა ვიღაცას და ამოაჭრევინა. ზემოდან სახურავი გავაკეთეთ. ეს სახურავი სულ უფასოდ გაგვიკეთა ერთმა იმერელმა კაცმა, ისიც გადასახლებული იყო. მახსოვს, მიხა ერქვა იმ კაცს.

სახურავზე მიწა-კორდი დავაწყვეთ და წვეთი არ ჩამოგვვარდნია. აქ დაახლოებით სამი წელი ვცხოვრობდით. გვერდით სადრენაჟო არხი იყო დიდი, წყალი ჩადიოდა, ბავშვები ვთამაშობდით,“ – იხსენებს გადასახლების წლებს ხასან კარალიძე.

  • დაბრუნება

ხასან კარალიძე ამბობს, რომ გადასახლებაში მან და მისმა ძმამ სამი წელი გაატარეს, დედამ კი – ხუთი წელი.

„ერთი ქედელი კაცი იყო, ხუსეინ თურმანიძე და იმან წამოგვიყვანა აქეთ [საქართველოში]. თითო 300 მანეთის ხარჯზე.

დედაჩემმა პური იყიდა და გამოგვატანა, მაგრამ ისიც გზაში დაგველია. მერე ამ კაცმა საათი გაყიდა და იმით პური იყიდა. მაგრამ ერთი კვირის სამყოფი პური იყო. მეტზე არ გვეყო.

მახსოვს, სადღაც ერთ-ერთი მატარებლის სადგურში ვიყავით და ვფიქრობდით რა გვექნა. ქალი ხვეტდა სადგურის წინ. ცოცხით გამოიქნია რაღაცა გაზეთში გახვეული. ჩემმა ძმამ აიღო და ფული აღმოჩნდა. ის სიხარული დღესაც მახსოვს. იმ ფულით ჩამოვაღწიეთ საქართველოში.

აქ ბებია გვყავდა. გადასახლებისას ჩვენი მშობლიური სახლი გაანაწილეს, ნახევარი ბიძაჩემს მიაკუთვნეს, ნახევარი – მამაჩემს. მამაჩემის წილი კი კოლექტივს მისცეს. ვითომ უნდა დაებრუნებინა კოლექტივს ჩვენი სახლი, მაგრამ რაის დაბრუნება, რაის რამე. ერთი გრამი რამე არ მოუციათ. ბებიაჩემს, 80 წლის ქალს, რა შეეძლო?

დედა 1947 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან. ის რომ არ ჩამოსულიყო, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა. ძალიან ჭკვიანი ქალი იყო – რუსული და თურქული იცოდა. ღონიერი და მშრომელი იყო. დედამ გადაგვარჩინა. გვიხელმძღვანელა. ღობის დაღობვაც კი დედამ გვასწავლა. იმ წლებში ქალებმა დიდი როლი ითამაშეს სოფელში.

მარადიდი ძალიან ჩამორჩენილი იყო იმ დროს, მაგრამ ძველი, კულტურული სოფელია.

რაის ახალგაზრდობა მქონდა… ნახევრად შიმშილობაში გავიზარდე. სკოლაში მეოთხე კლასამდე რეზინის ქალამნით დავდიოდით. ფეხსაცმელი სად იყო, ვის ჰქონდა ფული. თუ იყო ტილოს ფეხსაცმელი, ისიც ორ დღეზე იხეოდა.

4-ჯერ ვცადე ინსტიტუტში ჩაბარება. მეოთხე მცდელობაზე ჩავირიცხე. ქედქედელი კაცი იყო – ყალიმ მსხალაძე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში ხარისხი ჰქონდა დაცული. მაგან გაიგო, რომ ვაბარებდი და მომეხმარა. ეგ რომ არ დამხმარებოდა, დავრჩებოდი გარეთ. ხრუშოვის დრო იყო და ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა.

კომუნისტების დროს ცხოვრება ასე იყო – შენ თავი არ უნდა გბმოდა, ტანი უნდა ყოფილიყო მარტო. არ უნდა გეფიქრა არაფერი – ტვინსაც ისინი მართავდნენ, ფულსაც ისინი მართავდნენ, სახელმწიფოსაც ისინი მართავდნენ. გავლა-გამოვლასაც, შენს აზროვნებასაც, ყველაფერს ისინი მართავდნენ. ასე შეიძლება ადამიანმა იცხოვროს? ასე ადამიანის ცხოვრება არ შეიძლება.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გავხდი. სკოლაში 30 წელი გავატარე. მაგის გარდა ძროხები და ფუტკარი მყავდა, ყანა მქონდა 2 კილომეტრზე სახლიდან, საღამოზე იქ უნდა წავსულიყავი, დათვს რომ სიმინდი არ შეეჭამა. ერთ ნალია სიმინდს ვამზადებდი.

საჭმელი – ლობიო, სიმინდი, ყველაფერი მქონდა, მაგრამ გაწყვეტილი ვიყავი შრომაში“.

ხასან კარალიძე

  • სტალინი

„მე სტალინზე კარგს ვერ ვიტყვი. თუმცა გენიოსი იყო. ბევრი ისე აფასებს, როგორც მე ვაფასებ. საქართველოსთვის მაინც და მაინც დიდი რამე არ გაუკეთებია. რატომ? პირადად რომ ემართა, პირადად რომ ებატონა და მსოფლიოში თვითონ ყოფილიყო ცნობილი. ასე ვაფასებ მე სტალინს.

დღევანდელობაში რეპრესიები არაა თორემ, თითქმის ჰგავს იმას. ახლა მიშვებულია სახელმწიფო თვითდინებაზე. სახელმწიფოში ნიჭიერი კაცი არაა დარჩენილი. ვინმე ნიჭიერი არაა.

რაც ივანიშვილს ვაჭრული ცბიერება აქვს, იმ ცბიერებით მართავს ქვეყანას. ჰგონია, მე ყველაზე კარგ საქმეს ვაკეთებო. ერთხელ დავით აღმაშენებელსაც კი შეადარეს. ფუი-მეთქი, რაის დავით აღმაშენებელი და რაის რამე.

ძალიან მაინტერესებს სახელმწიფო საქმე. 200 წელი ნატრობდა საქართველო, იბრძოდა რუსეთიდან გათავისუფლებისთვის და ახლა კინაღამ რუსეთში შეაგდონ. კინაღამ და…

ახალგაზრდობას რომ მხარი არ დაეჭირა და არ ებრძოლა, უკვე შესული ვიყავით. ჩვენი მომავალი ევროპაშია. ევროპა ჩემთვის, პირველ რიგში, განათლებასთან ასოცირდება.

რუსეთი ვერ დაგვიცავს, არც დაგვიცავს, არც აინტერესებს რუსეთს ჩვენი თავი. რუსეთს აინტერესებს გამოგიყენოს, რამდენი მოგვატყუა, რამდენჯერ…

ჯერ ერთი, ერეკლე მეფის ტრაქტატი რომ დადეს, იმაში 7 საიდუმლო მუხლი იყო, ვითომ უნდა შეესრულებინა რუსეთს, არც ერთი გააკეთა.

რუსეთს მისი აინტერესებს. რუსეთი შენ არ მოგიდგება არასდროს“.

_____________

მასალა მომზადებულია „ბათუმელებისა“ და „ბათუმის ამერიკული კუთხის“ ერთობლივი პროექტის – „მედიასკოლის“ ფარგლებში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: