მთავარი,სიახლეები

რატომ დგანან ბავშვები ფეხზე სპექტაკლის დროს ბათუმის თოჯინების თეატრში

10.04.2023 • 1874
რატომ დგანან ბავშვები ფეხზე სპექტაკლის დროს ბათუმის თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრის დარბაზში ძველი სავარძლები გამოცვალეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სკამებს მაღალი საზურგეები აქვს, რის გამოც სპექტაკლის სანახავად მოსული ბავშვები სცენის ნაცვლად სავარძლის საზურგეს ხედავენ და იძულებულნი არიან, სპექტაკლი ფეხზე მდგომებმა ნახონ.

შესყიდვების მასალების მიხედვით, ახალი 187 სავარძლის შესაძენად ბიუჯეტიდან 54 978 ლარი დაიხარჯა, თუმცა პატარა მაყურებლებისთვის სავარძლები სრულიად არაკომფორტული აღმოჩნდა.

რატომ შეიძინა თეატრმა ბავშვებისთვის გამოუსადეგარი სავარძლები და როგორ აპირებს თეატრი სიტუაციის გამოსწორებას? – ამ კითხვით „ბათუმელები“ თოჯინების თეატრის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე აღიარებს, რომ სავარძლები არაკომფორტულია, თუმცა დასძენს, რომ ის ორი წლის წინ, თეატრის წინა ხელმძღვანელობის დაკვეთით შეისყიდეს.

„კი, ვიცით, რომ პრეტენზიები არის ძალიან დიდი, მაგრამ შესყიდვების დროს იყო შეცდომა დაშვებული, გაკეთებულია მაღალზურგიანი სკამები, რომლებიც არანაირად არ ჯდება საბავშვო ფორმატში.

ჩვეულებრივი დარბაზის სკამებია, რომელიც არ არის  ბავშვებისთვის განკუთვნილი. ადრე გადასაკეცი სკამებიც იყო, პატარა ბავშვებისთვის – ცალკე, დიდი ბავშვებისთვის – ცალკე და ასეთი სკამები იყო, წესით, საჭირო“- გვითხრა ირაკლი კიკვაძემ.

მისი თქმით, თეატრისთვის სავარძლები აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შეისყიდა, „თუმცა ის იყიდეს, რა პარამეტრებიც თეატრმა მიაწოდა“- გვითხრა ირაკლი კიკვაძემ.

ბათუმის თოჯინების თეატრის სავარძლები გამოცვლამდე ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

„ბათუმელები“ თეატრის ყოფილ დირექტორს, თემურ მახარაძესაც ესაუბრა. მან გვითხრა, რომ სამინისტროს თავის დროზე სწორედ იმ სავარძლების პარამეტრები მიაწოდეს, რაც დარბაზში იდგა.

„რაც თეატრში იყო გახსნის დღიდან, იმის იდენტური ზომები მივაწოდე: სიმაღლე, სიღრმე, სიგანე. თუმცა ღრუბლის სიმაღლე, მოცულობა მეტალის და ხის მოპირკეთების, გააკეთეს მსხვილი (რადგანაც არსებული  იყო პლასტმასის).

ხეს და რკინას თავისი მოცულობა აქვს, რამაც გაზარდა სკამის მოცულობა, ასეთ დროს სანტიმეტრნახევრიანი ცვლილება დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, მოცულობითმა სიდიდემ გააკეთა სხვაობა, რაც შესამჩნევი დარჩა დარბაზის არასწორი დახრილობის გამო.

ძველ სკამებსაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდა, ბავშვები სკამზე დგებოდნენ და ამის გამო მალე დაზიანდა, რადგან პლასტმასის იყო“- გვითხრა თემურ მახარაძემ.

როგორ აპირებს ბათუმის თოჯინების თეატრი სიტუაციის გამოსწორებას?

ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირაკლი კიკვაძის თქმით, სავარძლების უკან დაბრუნება გამორიცხულია და არც გადაცვლა მოხერხდება.

„დაგეგმილი გვაქვს დარბაზის რეკონსტრუქცია და ვაპირებთ, ამფითეატრივით შევამაღლოთ დარბაზი და სავარძლები აღარ შეუშლის ხელს ბავშვებს სცენის დანახვაში. თუმცა ამის გაკეთებას ფინანსები სჭირდება, თორემ აქამდეც გავაკეთებდით.

მოყვანილი გვყავს ინჟინერი, რომელიც დათვლის ამ ყველაფერს და ამის შემდეგ მივმართავთ სამინისტროს დაფინანსებისთვის“ – ამბობს ირაკლი კიკვაძე. მისივე თქმით, ახლა თოჯინების თეატრში სეზონია და დარბაზის შემაღლება, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ზაფხულში იქნება შესაძლებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: