განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ იქცა 13 წლის ვიქტორია დიასახლისად – „პასუხისმგებლობა მაკისრია ოჯახის წინაშე“

05.04.2023 • 34566
როგორ იქცა 13 წლის ვიქტორია დიასახლისად – „პასუხისმგებლობა მაკისრია ოჯახის წინაშე“

ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, მაგრამ ყველაზე ხშირად საკუთარი ოჯახის წევრებზე – 12 და 7 წლის ძმებზე, დედაზე, შშმ მამასა და ბებიაზე გვესაუბრება – ადამიანებზე, ვისზეც ყოველდღიურად უწევს ზრუნვა.

გვიყვება, როგორ მიჰყავს სკოლაში თავისი პატარა ძმა ნიკოლოზი, შემდეგ კი უკან მოჰყავს, როგორ ალაგებს – „სტუმარი რომ მოვიდეს, ბინძურ სახლს ხომ არ დაახვედრებ?“ გვიყვება უსინათლო მამაზე, რომელსაც საჭმელს უმზადებს, „ზოგჯერ დედაა ავად და უნდა მივხედო, ბებიასაც ვეხმარები თავის მოვლაში“, არის დღეები, როცა ბაზარში დგას და დედას თევზის გაწმენდაში ეხმარება.

დედა ბათუმის თევზის ბაზარში მუშაობს – ბაზარს ალაგებს და თევზს წმენდს.

მისთვის ის დღე ითვლება კარგ დღედ, როცა უფროსი ძმა სკოლიდან მოვა და დედას ეტყვის -„10-იანი მივიღე“, ხოლო ცუდია დღე, როცა დედა ავადაა.

„საკუთარ თავზე ნაკლებად ვფიქრობ, ჩემთვის დრო არ მრჩება, მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია ოჯახის წინაშე. რთულია კი, ძალიან რთულია“, – გვეუბნება ვიქტორია, რომელიც დიდ სახლში პატარა დიასახლისად ქცეულა.

ოჯახს აგვისტოში კიდევ ერთი ბავშვი შეემატება და შვიდნი იქნებიან.

13 წლის ვიქტორიას ყველაზე დიდი ოცნება საკუთარი სახლია. „ერთი პატარა ქოხი“, სხვა ოცნებები არ ახსენდება.

„დამცინოდნენ, ციგანი ხარო“ – უსიამოვნო მოგონებები სკოლიდან

ცოტა ხნის წინ ექსტერნის გამოცდები ჩააბარა და სექტემბერში მერვე კლასში გააგრძელებს სწავლას. ამბობს, რომ ერთი წლით უფროსი იყო თანაკლასელებზე, რადგან სკოლაში გვიან შევიდა. კლასში თითქოს მეგობრებიც ჰყავდა, თუმცა საერთო ენას მაინც ვერ პოულობდა.

„როცა რაიმეში მადანაშაულებდნენ, არავინ მესარჩლებოდა“, – ამბობს ვიქტორია.

მას ჩხუბის მიზეზზეც ვკითხეთ.

„ყელში ამომივიდა, რადგან პირველი კლასიდან სულ მამცირებდნენ, ციგანს მეძახდნენ, რადგან მამა ბოშა მყავს. ამიტომ ხშირად მიწევდა ჩხუბი.

ჭორაობდნენ, რადგან ტანსაცმელი, ჩემი სახლი არ მაქვს, ხშირად რვეულის და კალმის გარეშეც მივდივარ სკოლაში და რაღაცები არ მაქვს, მაგის გამო შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მამცირებდნენ. პირველიდან მეექვსემდე ასე ვიყავი სულ, ამიტომ არ მინდოდა სკოლაში სიარული.

ვფიქრობ, სკოლაში უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ რადგან მისი თანაკლასელი ღარიბია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაამცირო. არავინ იცის, ხვალ ვინ რა დღეში იქნება და მეც მასე უნდა დავამცირო?“ – ამბობს ვიქტორია.

ექსკურსიაზე სკოლიდან არასდროს ყოფილა, რადგან ამბობს, რომ ამის ფული, 20 ლარი არ ჰქონდა. „ეს რომ მქონოდა, საჭმელს ვიყიდდი მაგ ფულით.“ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ბავშვთა დღის ცენტრიდან გელათის მოსანახულებლად წაიყვანეს.

ვიქტორია ჯაში (სეიტო)

ამის მიუხედავად, მაინც ცდილობს არ მიატოვოს სკოლა და დასრულება შეძლოს.

„სწავლა მინდა, განათლებული რომ გამოვიდე. რომ გავიზრდები, მინდა ჩემს ოჯახს კარგად მოვუარო, რომ არავინ დაამციროს ჩემი ძმები და არ თქვან, ეს გოგო ცუდი ოჯახისშვილიაო“, – გვეუბნება ვიქტორია.

ექიმობა ან იურისტობა მოსწონს, თუმცა არ იცის, რამდენად გამოუვა. „ისტორიას და რუსულს კარგად ვსწავლობ, ინგლისური არ ვიცი. ივრითის შესწავლა მინდა, მომწონს ეს ენა. ბაზარში ხშირად მოდიან ხოლმე ებრაელები და რაღაც სიტყვები ვიცი. ძალიან მინდა ვისწავლო ეს ენა და ისრაელში წავიდე“, – გვეუბნება ის.

საოჯახო საქმეების და ძმებზე ზრუნვის გარდა ვიქტორია დედას თევზის ბაზარშიც დაჰყვება და გასაყიდ თევზს წმენდს. ერთი კილოგრამი თევზის გაწმენდაში 1 ლარს უხდიან. ზაფხულში თევზის რესტორანთან დგანან ის და მისი ძმა და კლიენტებს ეპატიჟებიან.

„რესტორანში უფრო მეტს გვიხდიან, 4 ლარს, თუმცა უფრო ხშირად ბაზარში გვიწევს მუშაობა“, – ამბობს ვიქტორია.

თითქოს ყველაფერი მეორდება – ქუჩაში ცხოვრება და ტომრებზე ძილი

მაკა ჯაში ვიქტორიას დედაა. 19 წლის იყო, როცა ბაჩუკი სეიტოს გაჰყვა ცოლად. მაშინ სამეგრელოში ცხოვრობდნენ.  საკუთარი სახლი არც მის მეუღლეს ჰქონდა, ამიტომ საცხოვრებლად ბათუმში დაბრუნდნენ.

„დედა 36 წლის ასაკში დაქვრივდა და ჩემს ძმასთან ერთად, გურიაში ვცხოვრობდით. შემდეგ ისე მოხდა, რომ ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. მე და ჩემი ძმაც წამოგვიყვანა.

აქ გავიზარდეთ, თუმცა ძალიან მძიმე ცხოვრება გვქონდა. ქუჩა-ქუჩა, ნაქირავებიდან-ნაქირავებში ვიყავით. ზოგჯერ ტომრებზე გვეძინა. დედამ რამდენჯერმე თავის მოწამვლაც კი სცადა, რადგან ისეთი დღეებიც იყო, როცა ჩვენთვის საჭმელი არ ჰქონდა.

შემდეგ „სანდასუფთავებაში“ დაიწყო მეეზოვედ მუშაობა. მე და ჩემი ძმა დილით სამ საათზე ვდგებოდით მასთან ერთად და ქუჩებს ვხვეტდით. 10-12 წლის ვიყავით მაშინ. ჩაი და პური იყო ჩვენი საკვები. სკოლაში წესიერად არც კი მივლია, ვერ მივიღე განათლება.

როცა ჩემი ძმა ავარიაში დაიღუპა, დედამ ინსულტი მიიღო და ლოგინად ჩავარდა. არავინ ჰყავდა დამხმარე და მე მიწევდა მასზე ზრუნვა“, – გვიყვება მაკა ჯაში.

მაკა ჯაში შვილთან, ვიქტორიასთან ერთად

მაკა ამბობს, რომ მისი ცხოვრება თითქოს მის შვილებში მეორდება, რადგან მათაც სიღარიბეში ცხოვრება ერგოთ.

„ამ სახლში, ხედავთ როგორი ნესტიანი და არაკომფორტულია, ორი ოჯახი ვცხოვრობთ და 500 ლარს ვიხდით. ყველაფერი საერთოა. მეც და ჩემი შვილებიც საკუთარ ბინაზე ვოცნებობთ. ოღონდ ჩვენი იყოს და თუნდაც ქოხი იყოს. არც საბინაო პოლიტიკა არსებობს.

სოციალური სახლი რომ ააშენა მერიამ, მაგაზე განცხადება დავწერე, რომ მოეცათ, მაგრამ პასუხიც კი არ გამცეს. ის, რომ მე და ჩემი შვილები უსახლკაროდ ვართ, ხელისუფლების ბრალია, რადგან არ გრძნობენ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობას, არავის აინტერესებს.

მათ ყველაფერი აქვთ, თავიანთი შვილებიც ფუფუნებაში ცხოვრობენ, არც განათლება აკლიათ, ყველაფერი აქვთ – ბინაც და მიწაც, ჩვენ კი არაფერი.

ყველაზე დიდი პრობლემა უბინაობაა, სხვა ყველაფერს მოაგვარებ ადამიანი. იცით, როგორ გაძვირდა ცხოვრება, ფასები ბინებზე ყოველდღე იწევს, ხვალ რომ ამ სახლიდანაც გამიშვან, არ ვიცი, სად უნდა წავიდე. ალბათ ზღვისპირას მოგვიწევს ღამის გათევა. ეს უსამართლობაა, ასე არ უნდა ხდებოდეს.

სამაგიეროდ, „რუსული კანონისთვის“ მოიცალეს.  უნდათ, რომ რუსების მონები გავხდეთ? ეს არის კარგი? საერთოდ, არ მაქვს განცდა, რომ ეს ხელისუფლება ჩვენზე, როგორც ადამიანებზე, ფიქრობს“, – ამბობს მაკა.

მაკა ჯაში ოჯახთან ერთად ნაქირავებ სახლში ცხოვრობს

ოჯახის სოციალური დახმარება 700 ლარია, თუმცა მაკა ამბობს, რომ შვიდსულიანი ოჯახისთვის ეს საკმარისი არ არის.

„აგვისტოში მეოთხე შვილს ველოდები. ჩემი მეუღლე შშმ პირია და მხოლოდ პენსიაა მისი შემოსავალი, სხვა დახმარება არ შეუძლია.

სოციალური 21 რიცხვში ირიცხება და მანამდე ხომ გვინდა არსებობა. მესმის, რომ რთულია ჩვენი ცხოვრება, რთულია ვიქტორიას ცხოვრებაც, რადგან სახლში შრომაც უწევს, მაგრამ მე რომ სახლიდან არ გავიდე, მშიერი ვიქნებით“, – გვეუბნება მაკა ჯაში.

ჩვენი საუბრის ბოლო სიტყვები ისევ სახლს უკავშირდება. „მხოლოდ სახლს ვთხოვთ ხელისუფლებას, მეტს ხომ არაფერს“, – ამბობს დედა-შვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: