მთავარი,სიახლეები

ბაბუა ახალი წლის წინ წაიყვანეს – ბათუმში დახვრეტილთა სამარხიდან კიდევ 1 კაცი ამოიცნეს

05.04.2023 • 6097
ბაბუა ახალი წლის წინ წაიყვანეს – ბათუმში დახვრეტილთა სამარხიდან კიდევ 1 კაცი ამოიცნეს

1937 წლის დეკემბრის დილას მაჭახლის ხეობაში, სოფელ სკურდიდში მცხოვრებ ხაფიზ ძნელაძეს მუხლები ასტკივდა. აიჩემა, ქალაქში უნდა წავიდე ექიმთანო. ქალაქში მიმავალ ხაფიზს გზად მოხუცი მეზობელი შეხვდა. ჰკითხა, სად მიდიხარო. რომ გაიგო ბათუმში მიდიოდა, უთხოვია არ წახვიდე დღეს, აჭარისწყალზე ჯარისკაცები დგანან, ხალხს იჭერენ და შენც არ წაგიყვანონო.

ხაფიზმა არ დაუჯერა. ჩემთან ვის რა ხელი აქვს, გლეხი კაცი ვარო და წავიდა.

დეკემბრის იმ დილის შემდეგ ხაფიზი ცოცხალი აღარავის უნახავს. 8 ათეული წელი მისი გაქრობის ამბავი ბურუსით იყო მოცული. ერთხანს ციმბირში გადასახლებულიც კი ეგონათ.

ხაფიზ ძნელაძის გაქრობიდან 80 წლის შემდეგ მისი შვილი, შოთა ძნელაძე, თავადაც უკვე ასაკში შესული, თბილისის ერთ-ერთი მეტროსადგურის ჩასასვლელში გახსნის წერილს, საიდანაც შეიტყობს, რომ მამამისი, ხაფიზ ძნელაძე, 1937 წლის 27 დეკემბერს დახვრიტეს.

ხაფიზის დახვრეტიდან 85 წლის შემდეგ კი ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხისპირას, საერთო სამარხს გახსნიან, სადაც  უდანაშაულოდ დახვრეტილი 28 ადამიანის ნეშტი აღმოჩნდება. ზურგს უკან ხელებშეკრული, კეფაში ერთი ან ორი ტყვიის სროლით რომ დახვრიტეს.

დნმ კვლევის ფურცელი, რომლითაც ხაფიზ ძნელაძის ნეშტის მის შთამომავლებთან კავშირი დადასტურდა

ხაფიზ ძნელაძის ნეშტი 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა მე-5 სამარხში აღმოაჩინეს.

რეპრესირებულთა სამარხები, რომლებიც ხელვაჩაურში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს, პირველად 2017 წელს გახსნეს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ჩართულობით. სამარხების გახსნას იღუმენია სიდონია და ეთერ მახარაძე კურირებდნენ.

პირველი ოთხი სამარხიდან ამოსვენებული ნეშტებიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ დნმ-ის ნიმუშები აიღო სამომავლოდ დნმ კვლევისათვის ბაზის შესაქმნელად. მათი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

რაც შეეხება მეხუთე სამარხს, ის გახსნეს/შეისწავლეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივით, „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის“ დახმარებით და ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით. სამარხი საორგანიზაციო გუნდმა ყველა წესის დაცვით გახსნა, დოკუმენტურად აღწერა, მოძებნეს სამარხში აღმოჩენილი ნეშტების სავარაუდო ნათესავები, აიღეს მათგან დნმ ნიმუშები, ჩაატარეს საკმაოდ ძვირადღირებული კვლევები (1 დნმ ნიმუშის კვლევა დაახლოებით 3 ათასი ლარი ღირს) და შედეგად სამი ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა.

ერთ-ერთი იდენტიფიცირებული რეპრესირებულის, ხასან დიშლიოღლის შესახებ „ბათუმელებმა“ უკვე მოგითხროთ.

დღეს კი ხაფიზ ძნელაძის ისტორიას გიყვებით.

G5-0142 – ეს იმ ყუთის ნომერია, რომელშიც ხაფიზ ძნელაძის ნეშტია მოთავსებული და რომელი ყუთიც ბათუმის საკათედრო ტაძრის სარდაფშია დასვენებული სხვა ათობით არაიდენტიფიცირებული რეპრესირებულის ნეშტის გვერდით.

ხაფიზ ძნელაძის ისტორია მისმა შვილიშვილმა, უშანგი ძნელაძემ მოგვიყვა.

„5 წლის იყო მამაჩემი, მამიდაჩემი კი – 6 წლის, როდესაც ბაბუაჩემი, ხაფიზ ძნელაძე, დააპატიმრეს და დახვრიტეს. ბაბუას სულ ეძებდა მამაჩემი, შოთა ძნელაძე, მაგრამ 5 წლის წინ გარდაიცვალა. მისი ძებნა მე გავაგრძელე.

ბაბუაჩემი ისე დახვრიტეს, როგორც სხვები. 1937-1938 წლებში ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანია დახვრეტილი. ბაბუაჩემი სოფლის მეურნეობას მიჰყვებოდა. შეიძლება ჰქონდა რამე განათლება, მაგრამ როგორც ასეთი, რამე თანამდებობაზე არ მუშაობდა.

ცხოვრობდა მაჭახლის ხეობაში, პატარა სოფელ სკურდიდში. ჰყავდა 11 შვილი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა – რაღაც დაავადება იყო იმ პერიოდისთვის, წამოიზრდებოდნენ ბავშვები და კვდებოდნენ. მხოლოდ ორი შვილი დარჩა ცოცხალი – მამაჩემი და მამიდაჩემი,“ – იხსენებს უშანგი ძნელაძე.

უშანგი ძნელაძის თქმით, ბაბუის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ, რადგან მამა და ბებია ცდილობდნენ ამ თემაზე არ ელაპარაკათ.

„მამაჩემი, შოთა ძნელაძე, იყო კომუნისტი. პედაგოგი, ისტორიას ასწავლიდა ახალსოფლის საჯარო სკოლაში. როცა პარტიაში იღებდნენ, მამამისის რეაბილიტირების საბუთი მოსთხოვეს.

მაშინ აჭარის მთავრობამ მისცა საბუთი, თითქოს ბაბუაჩემი ხაფიზ ძნელაძე გადაუსახლებიათ ციმბირში და მერე იქ გარდაცვლილა ტუბერკულოზით. ეს საბუთი ჰქონდა და ამის საფუძველზე მიიღეს პარტიაში. ბებიაჩემი 1972 წელს გარდაიცვალა. სულ ეუბნებოდა თავის შვილს – მამაშენი ციმბირში არაა, ჭოროხის პირასაა დახვრეტილიო.

როცა მამაჩემმა სკოლაში მუშაობას თავი დაანება და პენსიაში გავიდა, მამამისის ძებნა დაიწყო. ჩავიდა ქუთაისში, ქუთაისის არქივში ვერაფერს მიაგნო. მერე წავიდა თბილისში. ჩემი შვილი მიჰყვა ყველგან. დაწერა განცხადება. ზუსტად არ მახსოვს რა დრო გავიდა, მაგრამ მოუვიდა პასუხი, მოდით, წერილი წაიღეთო.

წავიდნენ ისევ მამაჩემი და ჩემი შვილი, გამოიტანეს პასუხი და ბინაში მისვლა არ აცალა თურმე ბავშვს – გახსენი, გახსენი, გახსენიო სთხოვდა.

მეტროში რომ ჩადიოდნენ, ჩემს შვილს მაშინ გაუხსნია და დაუწყიათ კითხვა. რომ მისულან იმ  ფრაზაზე, სადაც ეწერა – დახვრეტილ იქნა 1937 წლის 27 დეკემბერს, მამაჩემი ესკალატორზე წაქცეულა. თავი დაურტყამს. პოლიციას ესკალატორი  გაუჩერებია, დახმარება გაუწევია. მერე ჩემს შვილს აუხსნია ხალხისთვის, რომ  უდანაშაულოდ დახვრეტილი მამის შესახებ გაიგო და იმიტომ დაეცაო,“ – იხსენებს უშანგი ძნელაძე.

შოთა ძნელაძე ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. 15-წლიანი ძებნის მიუხედავად, მამამისის კვალს ვერ მიაგნო. ორი წლის წინ, 2021 წლის აგვისტოში, როდესაც უშანგი ძნელაძეს დაურეკეს და აცნობეს, რომ ხელვაჩაურში აღმოჩენილ საერთო საფლავში შესაძლოა მისი წინაპარი ყოფილიყო, უშანგიმ ცრემლები ვერ შეიკავა.

„პატარა კაცი იყო მამაჩემი ტანად. ალბათ, ამ ამბავს რომ მოსწრებოდა, სიხარულისგან გაიზრდებოდა,“ – გვითხრა მან.

უშანგი ძნელაძის თქმით, მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რაც სტალინურმა პერიოდმა მისი ოჯახი გამოატარა, ვერც მამას და ვერც ბებიას სტალინზე ცუდს ვერ დააცდენინებდა.

„ბებიაჩემი და მამაჩემი შიშის გამო ამ თემაზე სახლში საერთოდ არ ლაპარაკობდნენ. შეიძლება თვითონ ერთმანეთთან ჩუმად კი საუბრობდნენ, მაგრამ ჩვენი, ბავშვების გასაგონად, სიტყვას არ იტყოდნენ.

ბაბუაჩემი რომ დახვრიტეს, ბებიაჩემი მაჭახლის ხეობიდან გადაასახლეს. ახალსოფელში ჩამოვიდნენ და აქ დაიწყეს ნულიდან ცხოვრება.

დახვრეტები როცა ხდებოდა, არ შეიძლებოდა, რომ სტალინს ეგ არ სცოდნოდა. სტალინზე ცუდს ვერ ათქმევინებდი, ვერც კომუნისტურ პარტიაზე. ხანდახან იტყოდა, ახლა მამაჩემი ცოცხალი რომ იყოს, წითელ ხალიჩას დავუგებ ახალსოფლის ცენტრში და ისე ამოვიყვან სახლამდეო.

სტალინი ხომ ცუდი იყო, ხომ ჰქონდა დანაშაულები… შიში იყო თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ მამაჩემს, მაგალითად, ცუდს ვერ ათქმევინებდი, ვერც კომუნისტურ პარტიაზე და ვერც სტალინზე. მაგაზე ხშირად ვეკამათებოდი.

ვეუბნებოდი – მამა დაგიხვრიტეს, შენ კიდევ კომუნისტებს მიჰყვები-მოჰყვები. ამის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლომდე კომუნისტი იყო. მკაცრი იყო ის რეჟიმი თუ რა იყო, ცუდს ვერ ათქმევინებდი.

ისედაც ბევრს არაფერს ამბობდა შვილებთან. არ ვიცი, შიშის თუ რის გამო.

რაც ვიცი, ბაბუაჩემი შეეწირა უსამართლობას. არაფრის გამო ხალხს ხვრეტდნენ. ალბათ გეგმა იყო შესასრულებელი.

სავარაუდოდ, დაასმინეს. მამაჩემი ორ გვარს ამბობდა, მათი დასახელება ახლა არ მინდა, მათი დასმენილიაო. ერთი სავარაუდო დამსმენი ტუალეტში გარდაიცვალა. მამაჩემმა თქვა მაშინ – მაგას უარესი ეკუთვნოდა, ჩაძაღლდა ტუალეტშიო.

რატომ-მეთქი, რომ ვკითხე, მაგის დასმენილია მამაჩემიო,“ – იხსენებს უშანგი ძნელაძე.

უშანგი ძნელაძე, ისევე როგორც სხვა რეპრესირებულთა ოჯახის წევრები, ნეშტების გადაცემას ელოდება.

„ველოდები, როდის გადმოგვცემენ ნეშტს, რომ ავიტანო და ბებიაჩემის გვერდით დავასვენო.

85 წელია გასული. ამდენი წლის შემდეგ ადამიანი ამოიცნეს. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ მოხდებოდა. წარმოიდგინეთ, მამაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო ახლა, რა ემოცია ექნებოდა. მტკივნეულია ძალიან,“ – ამბობს უშანგი ძნელაძე.

„ბათუმელებმა“ ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან. გვაინტერესებდა, რა ბედი ელის რეპრესირებულთა ნეშტებს, სად და როდის დაკრძალავენ მათ.

„ამოსვენებული ნეშტები განთავსებულია ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სარდაფში. დაკრძალვის ადგილი და თარიღი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. საკითხზე კომისია აგრძელებს მუშაობას“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: