მთავარი,სიახლეები

ემიგრაცია, მუშაობა და გაცდენა – 10 235-მა მოსწავლემ მე-9 კლასამდე შეწყვიტა სწავლა

03.04.2023 • 1062
ემიგრაცია, მუშაობა და გაცდენა – 10 235-მა მოსწავლემ მე-9 კლასამდე შეწყვიტა სწავლა

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 12 792-მა მოსწავლემ მიატოვა სკოლა, მათ შორის, უმრავლესობამ – 10 235-მა მოსწავლემ მე-9 კლასის მიღწევამდე შეწყვიტა სწავლა.

სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნდა.

სწავლის შეჩერების ან შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია – 4 834 არასრულწლოვანი, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი – 2 301, მესამე ადგილზეა აჭარა – 1 231 მოსწავლე.

სკოლაში სწავლის შეჩერების და შეწყვეტის მაჩვენებელი 2022 წელს 2020 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია : 2020 წელს 6 088 მოსწავლემ მიატოვა სკოლა, 2022 წელს – 12 792-მა.

იმ მოსწავლეებს შორის, რომლებმაც 2022 წელს მიატოვეს სკოლა, 1831 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო 1163-მა მოსწავლემ სკოლებში სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მიზეზით მიატოვა.

რაც შეეხება მიზეზებს, საქართველოს განათლების სამინისტროდან სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები ყველაზე ხშირად საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების გამო აღარ დადიან სკოლაში. 2022 წელს ასეთი სულ 5 508 შემთხვევა იყო და ეს გაორმაგებული მაჩვენებელია 2021 წელთან შედარებით, როცა ანალოგიური მიზეზით 2 698-მა მოსწავლემ შეწყვიტა სკოლაში სიარული.

სკოლაში სწავლის შეწყვეტის მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა მშობლის, მოსწავლის განცხადება – 2022 წელს ასეთი 2880 განცხადება დაწერილა. ამ შემთხვევაში მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.

მესამე ადგილზეა გაცდენა – 2268 შემთხვევა.

მიზეზებს შორის ნახავთ „მუშაობის დაწყებას“ – 2022 წელს საქართველოში 381 მოსწავლეს მიუტოვებია სკოლა მუშაობის დაწყების გამო, 48 მოსწავლეს კი – დაოჯახების გამო.

„…ბევრია ისეთი განცხადება, რომელშიც მითითებული არ არის სწავლის შეწყვეტის საფუძველი. გარდა ამისა, ემიგრაციასთან დაკავშირებით, გამოიკვეთა ისეთი გარემოებებიც, როგორიცაა: ეკონომიკური მდგომარეობა, სამკურნალოდ გამგზავრება და საზღვარგარეთ განათლების მიღების გაგრძელება,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

2022-2023 სასწავლო წელს საქართველოში 215 კერძო და 2086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა, აქედან 11 პანსიონურ მომსახურებას ეწეოდა. ამ სკოლებში სულ 631 758 მოსწავლე ირიცხებოდა.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: