მთავარი,სიახლეები

პატიმრებს ე.წ. „ქურდული სამყარო“ აჩუმებს – რა წერია ომბუდსმენის ახალ ანგარიშში

03.04.2023 • 962
პატიმრებს ე.წ. „ქურდული სამყარო“ აჩუმებს – რა წერია ომბუდსმენის ახალ ანგარიშში

„არაფორმალური მმართველობა პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად…“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში.

სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნდა. ეს ანგარიში წინა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას დროს არის მომზადებული.

პატიმრების პრობლემებზე საუბრის დროს სახალხო დამცველი გამოყოფს მთავარ პრობლემას – პატიმრების გაჩუმება, რაშიც ომბუდსმენის შეფასებით, არაფორმალური მმართველობაა ჩართული, ე.წ. „ქურდული სამყარო“. ომბუდსმენი შენიშნავს, რომ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ასრულებს.

„…პენიტენციურ სისტემაში უმთავრესი პრობლემებია არაფორმალური მმართველობა, სამარტოო საკნებში ხანგრძლივად მოთავსების პრაქტიკა, სომატურ და ფსიქიატრიულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ასევე, გაუმართავია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი.

სამწუხაროდ, პენიტენციური სისტემა პატიმრების სხვადასხვა მეთოდით გაჩუმებაზეა ორიენტირებული. ამ მხრივ უმთავრესი პრობლემაა არაფორმალური მმართველობა, რაზეც სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, თუმცა გაწეული ადვოკატირების მიუხედავად, პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.

შემოწმების შედეგად 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ პენიტენციური დაწესებულებების მენეჯმენტსა და იერარქიის წარმომადგენელ პატიმრებს შორის არსებობდა ერთგვარი შეთანხმება, რომ პატიმრებს შორის ნებისმიერი კონფლიქტი თავდაპირველად არაფორმალურად, ადმინისტრაციის ფორმალურად გაფრთხილების გარეშე უნდა მოგვარებულიყო.

აღნიშნულის ფონზე განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ დღემდე შეუსრულებელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში.

სახალხო დამცველი ახალ ანგარიშში ეხება „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების“ ძველ საქმესაც – მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე ხშირად საუბრობს, უკვე 9 წელია ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ დასრულებულა საქმის განხილვა, რომელიც ათეულობით პატიმარზე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებითაა დაწყებული.

„დღემდე მიმდინარეობს ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელთა წინააღმდეგ სასამართლო სამართალწარმოება,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში, -„სადაც მათ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე აქვთ ბრალი წარდგენილი. საქმე სასამართლოში 2014 წლიდან იხილება და დღემდე არ დასრულებულა. 2022 წელს, 2021 წლის მსგავსად, ამ საქმეზე მხოლოდ 2 სასამართლო სხდომა ჩატარდა,“ – წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: