მთავარი,სიახლეები

ხიდიდან გადავვარდი და ხერხემალი დავიზიანე – 38 წლის კაცი დახმარებას ითხოვს

03.04.2023 • 4051
ხიდიდან გადავვარდი და ხერხემალი დავიზიანე – 38 წლის კაცი დახმარებას ითხოვს

38 წლის ირაკლი გელაშვილი 5 წლის წინ ხიდიდან გადავარდა და ხერხემალი დაიზიანა. ის ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია – სიარული აღარ შეუძლია.

„სიმაღლიდან გადავვარდი და ხერხემლის მალები დავიმტვრიე. ერთი მალა გატეხილი მაქვს, ერთი გაბზარული და ორი დაზიანებული,“ – ამბობს ირაკლი გელაშვილი საკუთარი დიაგნოზის შესახებ.

ირაკლის და მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი სახელმწიფომ თვე-ნახევრის წინ მიანიჭა. პირველი დახმარებაც, 150 ლარი რამდენიმე დღის წინ აიღეს.

ირაკლი მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს. ის წლებია დახმარებას სთხოვს ხალხს და სახელმწიფოს. პერიოდულად სოციალურ ქსელში აქვეყნებს თავისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. აქამდე მკურნალობის თანხებს სწორედ რიგითი მოქალაქეების დახმარებით აგროვებდა. რაც შეეხება სახელმწიფოს, როგორც ირაკლი გელაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, მას მცირე თანხით მხოლოდ გლდანის რაიონის გამგეობა დაეხმარა, მისი რეაბილიტაცია კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ირაკლიმ დახმარება ვერ მიიღო ვერც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან და ვერც თბილისის მერიისგან.

„ბათუმელებს“ თბილისის მერიაში უთხრეს, რომ არ აქვთ ისეთი პროგრამა, რომელიც შშმ პირებს რეაბილიტაციის კურსს დაუფინანსებს.

“თბილისის მერია აფინანსებს მხოლოდ შშმ სტატუსის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, ზრდასრულებს ვერა,” – უთხრეს “ბათუმელებს” თბილისის მერიაში და დაგვპირდნენ რომ გლდანის რაიონის გამგეობაში გაარკვევდნენ, რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია გამგეობას ირაკლი გელაშვილისთვის.

9 თვის წინ, მას შემდეგ, რაც საქართველოში ყველანაირი რესურსი ამოწურა, ირაკლი გელაშვილი საფრანგეთში წავიდა. თუმცა სარეაბილიტაციო პროგრამაში ვერც იქ ვერ მოხვდა და საბოლოოდ 2023 წლის 3 მარტს საქართველოში დაბრუნდა.

„წავედი იმიტომ, რომ მირჩიეს – ჩადი და მოგაქცევენ ყურადღებასო. საფრანგეთში მარტო ჩავედი, არც აეროპორტში არ დამხვედრია არავინ. პირველი 21 დღე საავადმყოფოდან საავადმყოფოში დავდიოდი. ჩასვლისთანავე აეროპორტშივე მოვითხოვე სასწრაფო. ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, მოსაწესრიგებელი. ერთი კვირა ერთ საავადმყოფოში ვიყავი, მაგრამ მერე იქიდან გამომიშვეს და ქუჩაში აღმოვჩნდი. ვისაც არ ვთხოვე დახმარება, ვერავინ დამეხმარა.

ხალხი მარიგებდა – სასწრაფოში დარეკე ისე ვერსად ვერ მოხვდებიო. დავრეკე და სხვა საავადმყოფოში მოვხვდი. სამი დღე ვიყავი იქ. მერე მითხრეს მოგაკითხოს ვინმემ და წაგიყვანოსო. მეთქი, არავინ არ მყავს. აბა ჩვენ რა გიყოთო. არ მოვდიოდი იმ საავადმყოფოდან, გამომიძახეს ტაქსი, ძალით ჩამაცვეს, ჩამსვეს ეტლში და გამიშვეს საქართველოს საკონსულოში ტაქსით. იქ საკონსულო გაგიჟდა, ვერაფერს დაგეხმარებით. ჩვენ დაგვირეკეს პასპორტი აქვს შესაცვლელიო, თუ გინდა პასპორტს შეგიცვლითო. მეთქი 10 წელი აქვს ვადა პასპორტს. 21 დღის განმავლობაში ასე ვიარე. მერე უკვე საქართველოში ჩემმა ნაცნობებმა საფრანგეთში მცხოვრებ თავიანთ ნაცნობებს სთხოვეს დახმარება და იმათ თავშესაფარში მიმიყვანეს,“ – იხსენებს ირაკლი გელაშვილი საფრანგეთში ყოფნის პერიოდს.

ის საფრანგეთში 2022 წლის ივლისიდან მიმდინარე წლის 3 მარტამდე დარჩა. ითხოვდა ლტოლვილის სტატუსს, თუმცა საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.

„თავშესაფარში მხოლოდ მიცვლიდნენ და მაჭმევდნენ. ნაწოლები გამიჩნდა. ადრე ვჯდებოდი მაინც ეტლში, ახლა მხოლოდ ვწევარ, მიჭირს ჯდომა. სასწრაფოდ მჭირდება სარეაბილიტაციო პროგრამის გავლა – მასაჟები. ყველაფერი მტკივა, აუტანელი ტკივილები მაქვს. ასევე მჭირდება მალამოები, რომელიც ამ ნაწოლებს მოაშუშებს და საფენები,“ – ამბობს ირაკლი.

ირაკლი გელაშვილის თქმით, იმისათვის, რომ აუცილებლად საჭირო სარეაბილიტაციო კურსი გაიაროს, დაახლოებით 3 ათასი ლარი სჭირდება.

„ბათუმელებმა“ ირაკლი გელაშვილის შესახებ მიმართა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. ჯერჯერობით უცნობია რომელი პროგრამის ფარგლებში შეძლებს სამინისტრო მოქალაქისთვის დახმარების გაწევას.

თუკი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რომელიმე პროგრამის ფარგლებში ირაკლი გელაშვილის რეაბილიტაციას დააფინანსებს, ინფორმაციას აქვე განვაახლებთ.

 

ირაკლი გელაშვილის მხარდაჭერის მსურველებს შემოწირულების გაკეთება ამ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:

ანგარიშის ნომერი:

GE88TB7048045068100008
GE36BG0000000698240500
GE41LB0211153697373000

მიმღები: ირაკლი გელაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: