მთავარი,სიახლეები

ალეკო ელისაშვილის დისშვილი სახალხო დამცველმა მოადგილედ დანიშნა – „პარტიის წევრი აღარ ვარ“

03.04.2023 • 2111
ალეკო ელისაშვილის დისშვილი სახალხო დამცველმა მოადგილედ  დანიშნა – „პარტიის წევრი აღარ ვარ“

„ეს იქნებოდა ძალიან დიდი პრობლემა იმ შემთხვევაში, სახალხო დამცველი რომ თავად ალეკო [პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი] იყოს, ან მას რამე კავშირი ჰქონდეს სახალხო დამცველის აპარატთან,“ – ამბობს ნათია ჯულაყიძე, სახალხო დამცველის ახალი მოადგილე საქართველოში.

დღეს, 3 აპრილს, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, თავის მოადგილეებად ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური დანიშნა.

ნათია ჯულაყიძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის ნამდვილად არის პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის დისშვილი და ამ დრომდე პარტია „მოქალაქეების“ წევრი იყო. „მოქალაქეების“ სიით მოხვდა პარლამენტში ლევან იოსელიანიც, ვიდრე მას სახალხო დამცველად აირჩევდნენ. „მოქალაქეების“ ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილია, პარლამენტის წევრი.

„მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ,“ – ამბობს ნათია ჯულაყიძე, რომელსაც ვკითხეთ: ხომ არ შესუსტდება ნდობა სახალხო დამცველის მიმართ, რომელმაც მოადგილე იმ პარტიიდან შეარჩია, სადაც თვითონ მუშაობდა და თანაც პარტიის ხელმძღვანელის დისშვილი?

ნათია ჯულაყიძე 2021 წლის თებერვლიდან ამ დრომდე პარლამენტის ვიცე-სპიკერის [ლევან იოსელიანი] აპარატში მუშაობდა უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. ნათია ჯულაყიძე ამბობს, რომ პარტია „მოქალაქეებში“ რაიმე თანამდებობა არ ჰქონდა და ეს „სამსახური არ იყო“.

სახალხო დამცველის ახალი მოადგილის სამუშაო გამოცდილება 2020 წლიდან იწყება – მას სამოქალაქო ორგანიზაციებში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება აქვს.

ნათია ჯულაყიძე სახელმწიფო მართვის და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის გრონინგენის უნივერსიტეტის და ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის მაგისტრი.

„…სახალხო დამცველი არის ლევან იოსელიანი და მე შემოთავაზება მივიღე ლევან იოსელიანისგან იმიტომ, რომ მე და ლევანს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გვაქვს. მათ შორის, აპარატის უფროსი სპეციალისტი ვიყავი და მებარა ის თემები, რაც ახლა სახალხო დამცველის აპარატში გადმოვიბარე…

მოქმედ დეპუტატთან მაქვს ნათესაური კავშირი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სახალხო დამცველის აპარატთან,“ – გვითხრა სახალხო დამცველის ახალმა მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: